არაქართული სკოლების მასწავლებლები პირველად შეძლებენ მშობლიურ ენაში გამოცდის ჩაბარებას

© Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaსაკლასო ოთახში
საკლასო ოთახში - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს აქამდე არ ჰქონდათ საკუთარ საგანში გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების პედაგოგებს წელს პირველად მშობლიურ ენაში გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
სომხური და აზერბაიჯანული ენების პედაგოგებს მშობლიური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონდათ, რაც მათ ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა.

სამინისტროს ძალისხმევით ამჟამად აღნიშნული საკითხი მთლიანად დარეგულირდა. შედეგად, არაქართულენოვანი მასწავლებლები, რომლებიც საგანს ჩააბარებენ, შეიცვლიან სტატუსს, რაც მათ სახელფასო ანაზღაურებაზე პირდაპირ აისახება.

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე სომხურენოვანი პედაგოგების გამოცდის მიმდინარეობას 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ და პედაგოგებს გამოცდის წარმატებით ჩაბარება უსურვეს.
თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდებში აქტიურად ჩაერთნენ და აღნიშნა, რომ სამინისტრო პედაგოგთა ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას გააგრძელებს.
გამოცდას ენაში წელს საგამოცდო ცენტრებში 470-მდე პედაგოგი აბარებს. აპლიკანტს გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ქულის (70 ქულა) 60 პროცენტზე მეტს (43 ქულა) დააგროვებს.
გამოცდა პედაგოგებისთვის – მასწავლებლები პროფესიული სტატუსის ამაღლებას შეძლებენ>>
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტები, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგ-მოდულები შეიმუშავა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ტრენინგ-მოდულების ფარგლებში მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ აზერბაიჯანული/სომხური ენის საგნობრივი გამოცდის სტრუქტურასა და ტექნიკას.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. თავიდან საგნობრივი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების დამადასტურებელი გამოცდები ნებაყოფლობითი იყო.
2014 წელს გადაწყვიტეს, რომ გამოცდები სავალდებულო ყოფილიყო, მაგრამ როცა გაირკვა, რომ 40 ათასამდე (60%) მასწავლებელმა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა. ჯერ ერთი, შეწყვიტეს გამოცდაზე ჩაჭრილი მასწავლებლების სამსახურიდან გათავისუფლება და, მეორე, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი დაწიეს.
სტუდენტებს მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ>>
თუმცა, 2018 წელს სამინისტრომ კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარება 2021 წლის ბოლომდე დაევალათ.
მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი ხელშეკრულებები გაუფორმეს და მათი ეტაპობრივად ჩანაცვლება დაიწყეს, ანუ მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენისთანავე (რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს).
საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს, აქედან 7 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0