სტუდენტებს მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ

© press-service of George Gakhariaახალგაზრდები
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მასწავლებლის მომზადების პროგრამა გაიაროს და დიპლომთან ერთად მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვოს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სტუდენტებისთვის საბაკალავრო საფეხურზე სწავლების ფარგლებში მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესაძლებლობის საკითხის განხილვას იწყებს.

„კურსდამთავრებულებს დასაქმების კუთხით მოტივაცია გაეზრდებათ. ასევე აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ. STEM–საგნებში, სადაც დღეს გვაქვს გამოწვევები“, – განაცხადა ამილახვარმა.

უწყების ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდეგ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.
მასწავლებლის მომზადების პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლად მუშაობის უფლება. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, გაიარონ აღნიშნული პროგრამა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში პირი, რომელმაც დაამთავრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, გახდება უფროსი მასწავლებელი.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.
ყველა ახალი ამბავი
0