გამოცდა პედაგოგებისთვის – მასწავლებლები პროფესიული სტატუსის ამაღლებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი კლასში
გაკვეთილი კლასში - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მომავალი წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლება სავალდებულო არ არის, ის ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც აისახება მათ ანაზღაურებაზე. გამოცდაზე ის მასწავლებლები გავლენ, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს, ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
რაც შეეხება მასწავლებლებს, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, მათ სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.

„კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
რა ბედი ელით პრაქტიკოს მასწავლებლებს?
აღსანიშნავია ისიც, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი კი მითითებულ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა. როდესაც გაირკვა, რომ პედაგოგების 60%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა: აღარ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ასევე შეამცირეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
განათლების სამინისტრომ 2018 წელს კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარების ვადა 2021 წლის ბოლომდე მიეცათ. ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, ამ მასწავლებლებთან 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი კონტრაქტები დაიდება და დაიწყება მათი ეტაპობრივი შეცვლა, ანუ მათ გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.
ყველა ახალი ამბავი
0