რამდენ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია ოპერირებს 74 მიმართულებით.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 69%-ით არის აღდგენილი.
2022 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1.716.718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
რაც შეეხება თვითონ აეროპორტებს, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1.163.177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის ამ მაჩვენებლით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 62%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
2022 წლის ორ კვარტალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328.386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ია.
საანგარიშო პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 216.062 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელია 87%.
ივნისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა>>
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი ექვსი თვის დაჯამებული მონაცემებით, 3.212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. პანდემიამდე, 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს.
ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ექვს თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას.
ნატახტრის აეროპორტი 4.997 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ნატახტრის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს.
2022 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8.556 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 6.785-ს, ხოლო ჩარტერების – 1.771-ს. 2021 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით რეისებმა 84%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა>>
2022 წლის ექვს თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8.788.996 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 8.717.282 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისგან განსხვავებით, COVID-19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
2021 წლის ექვს თვესთან შედარებით ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი კლება მხოლოდ 15%-ია. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. სულ გასულ ექვს თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54.591 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2022 წლის განვლილ ექვს თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226.719 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
ტურისტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - მონაცემები განახლდა>>
ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 ათასი გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
Turkish Airlines – 13% (226.719 მგზავრი);
Wizz Air Hungary – 13% (226.000 მგზავრი);
Pegasus – 10% (164.293 მგზავრი);
Belavia – 6% (108.979 მგზავრი);
Fly Dubai – 5% (85.954 მგზავრი);
Israir – 5% (79.395 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 4% (70.409 მგზავრი);
Fly Arystan – 3% (57.275 მგზავრი);
Georgian Airways – 3% (51.767 მგზავრი);
EL AL – 3% (51.288 მგზავრი).
1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 74 მიმართულებით ოპერირებს.
ყველა ახალი ამბავი
0