ღარიბაშვილი: „ბორჯომის“ თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით პრობლემა მოგვარდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
კომპანიამ მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ შეაჩერა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო „IDS ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად უკვე დაასრულა მოლაპარაკებები და საკითხი ერთ კვირაში მთავრობის სხდომაზე გავა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის, დასაქმებულების პროტესტი.

„ჯანდაცვის მინისტრის დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, – აღნიშნა პრემიერმა.

დღეს კომპანია „ბორჯომთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, სამინისტრო „IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით პროცესებში აქტიურად ჩაერთო.
კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები გაიმართება, რათა მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს, მათი ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული და მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება აღდგეს.
დღეს „IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს ქარხნების შესასვლელები სრულად აქვთ გადაკეტილი.
გაფიცულების განცხადებით, პიკეტირება გაგრძელდება ხელფასების დარიცხვამდე, უკანონოდ გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებამდე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმებამდე.
IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაყინულია და შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი>>
თავად კომპანია „ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, ხოლო საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
მასშტაბური გაფიცვა იმ მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს კომპანიის წილის ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, IDS Borjomi Georgia-ს წილების ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა და ახლა სამართლებრივი ნიუანსები წყდება.
„ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს>>
ამასთან, დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა არ ხდება რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0