აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებები შეაფასა

© AP Photo / Luis M. Alvarezაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების შესახებ ინფორმაციას „სანდო ცნობები“ უწოდა.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხვდა არჩევნები, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სხვა საკითხები.
ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც 85 გვერდს მოიცავს, ლაპარაკია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორ ტურზე (ოქტომბერსა და ნოემბერში). დოკუმენტში მოყვანილია ეუთოს შეფასება, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მთლიანობაში დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

„მაგრამ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მკვეთრმა დისბალანსმა რესურსებში და გაუმართლებელმა უპირატესობამ მეტი სარგებელი მოუტანა მმართველ პარტიას და შეცვალა თამაშის წესები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავს სანდო ცნობებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებსა და თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე და სამართლებრივ დევნაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მუქარაზე, რასაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ადამიანის უფლებების პრობლემებს შორის ასევე დასახელდა კერძო ცხოვრებაში უკანონო ჩარევა, ძალადობა და ძალადობის მუქარა ჟურნალისტების მიმართ.
5 ივლისის საქმე: სასამართლომ კიდევ შვიდი პირი ცნო დამნაშავედ>>
მთავრობამ ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიებაში ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად დარჩა.
„მთავრობის უუნარობამ, ჩაატაროს სამართლიანი გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს 5–6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, ამ დარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია“, – ნათქვამია ანგარიშში.
საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც დაგეგმილი იყო ლგბტ–თემის აქცია. აქცია არ გაიმართა, ხოლო ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა ჯავრი მასმედიის წარმომადგენლებზე იყარეს. დაშავდნენ ჟურნალისტები, ვიდეოოპერატორები, ფოტოგრაფები – 53 ადამიანი. ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია 6 ივლისსაც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედგენისას გამოძიება მიმდინარეობდა. ამ დროისათვის სასამართლომ დამნაშავედ აღიარა 21 ადამიანი, საიდანაც 20-ს პატიმრობა მიესაჯა, ერთი კი დაჯარიმდა.
დოკუმენტში მოხვდა ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და შემდგომი მოვლენები. ასევე აღნიშნულია, რომ გაგრძელდა ყოფილი ჩინოვნიკების სასამართლო პროცესები დაუსწრებლად წამებისა და სხვა დანაშაულებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების დროს მოხდა.
მადლიერება პროკურორებისა და მოსამართლისადმი: სააკაშვილის სასამართლო პროცესის დეტალები>>
სახელმწიფო დეპარტამენტს უყურადღებოდ არ დაუტოვებია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2021 წლის 19 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის გიორგი რურუას შეწყალებით გათავისუფლების შესახებ.
რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და ოთხი წელი მიუსაჯეს იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. ანგარიშში ნათქვამია, რომ თანაპარტიელები რურუას, ისევე, როგორც სააკაშვილს, პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0