თურქეთიდან ჯამში 200-მდე დასახელების მედიკამენტი შემოვა

© Ministry of Defence of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
დღეისათვის თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია შემოსული.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ჯამში თურქეთიდან 200-მდე დასახელების მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს, შესაბამისად, წამლებზე ფასები მკვეთრად გაიაფდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, დღეისათვის რამდენიმე ათეული დასახელების მედიკამენტი თურქეთიდან უკვე შემოტანილია საქართველოში, რაც ფასებზეც აისახა.

„ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ, ასევე იმ რეკომენდაციებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში უფრო გამჭვირვალეს გახდის. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მედიკამენტების ფასებს სტაბილურს გახდის და ხელმისაწვდომს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც აღნიშნა, თურქეთიდან შემოტანილი რამდენიმე დასახელების წამალი უკვე საქართველოში იყიდება და უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული.
ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.
მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
ღარიბაშვილი: უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
ყველა ახალი ამბავი
0