რატომ დაამუხრუჭა ლარმა? ანუ რა ხდება და რას ელიან საფინანსო ბაზარზე?

© Sputnik / STRINGERლარის კურსი
ლარის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
როგორია უახლოესი მომავლის პროგნოზი, შეინარჩუნებს თუ არა ლარი ბოლო ორი თვის პოზიტიურ ტენდენციას? ამასობაში ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნა შემცირდა, საბანკო სექტორში სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების საპროცენტო პირობების გამკაცრებას ელოდებიან.
წინამდებარე სტატიაში მკითხველის ყურადღებას საფინანსო სექტორის სიახლეებსა და მოლოდინებზე გავამახვილებ. მომდევნო სტრიქონებს, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკის მოკლე მიმოხილვას დავუთმობ. ორიგინალური ნამდვილად არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ქვეყნის სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ცვლილებებია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო გამოიკვეთა და თვალსაჩინო გახდა.
ეროვნული ვალუტა 18 იანვრიდან 8 თებერვლის პერიოდში მხოლოდ მყარდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ის უმნიშვნელოდ გაუფასურდა, გასული კვირა ამერიკული დოლარის მიმართ ლარმა 2,943 ნიშნულზე დაასრულა. ეს კი ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან თებერვლის პირველი დეკადის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტა 4,7 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის (ამერიკული დოლარი, ევრო, თურქული ლირა, რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, უკრაინული გრივნა, იაპონური იენი) ეს მაჩვენებელი ყველაზე პოზიტიური შედეგია.
თავად განსაჯეთ, გასულ კვირაში რუსული რუბლი და ევრო გაუფასურდა. დოლარის მიმართ რუსული ვალუტა 1,94 პროცენტით, ხოლო ევრო 0,89 პროცენტით გაუფასურდა. არადა, იმავე შერჩეულ ვალუტებს შორის თებერვლის პირველი კვირის განმავლობაში რუბლი ყველაზე მაღალი გამყარებით გამოირჩეოდა. კვირის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 3,73 პროცენტი შეადგინა. იმავე პერიოდში 2,65 პროცენტით გამყარებული იყო ევროც. გასულ კვირაში სხვა ვალუტები დოლარის მიმართ გამყარდა. ლარის შემდეგ, გამყარების ყველაზე მაღალი ნიშნულით − 0,77 პროცენტით იაპონური იენა გამყარდა.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
რატომ, რა ვადით გამყარდა ლარი და დაიწევს თუ არა ფასები?
ეროვნულ ვალუტას დავუბრუნდეთ. საგულისხმოა, რომ ლარი არა მხოლოდ ამერიკული დოლარის მიმართ, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთანაც პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. გასულ კვირაში ეროვნული ვალუტის საშუალო შეწონილი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით საშუალოდ 1,07 პროცენტით გამყარდა. ყველაზე მეტად ლარი იაპონურ იენთან გამყარდა. ეს მაჩვენებელი 2,11 პროცენტია. იაპონური იენის შემდეგ ლარი მაღალი გამყარებით ევროსთან მიმართებით გამოირჩევა. საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი ევროს მიმართ 1,83 პროცენტით გამყარდა.
საგულისხმოა, უკვე მეხუთე თვეა ლარი ისე მყარდება, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია, ანუ ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით რეზერვებიდან ბაზრისთვის ამერიკული დოლარი არ მიუწოდებია. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო რეზერვები 4,272 მილიარდი დოლარიდან 4,078 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. არადა, მიმდინარე წელს საქართველო საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმით შეხვდა. გასული წლის ბოლოს ქვეყანა 4,3 მილიარდი დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა. სავალუტო რეზერვები წლიურად 9,2 პროცენტით გაიზარდა. კობა გვენეტაძის უწყება იანვრის თვეში რეზერვების შემცირებას სავალუტო შემოსავლების შემცირებით ხსნის, თუმცა, საფინანსო სფეროს ექსპერტთა შეფასებით, ეს კლება ძირითადად მთავრობის სავალუტო ხარჯებს, კერძოდ, საგარეო ვალის გასტუმრებას უკავშირდება.
საინტერესოა, როგორია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების დინამიკა. გასული წლის 30 სექტემბრის შემდეგ კობა გვენეტაძის უწყებას ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია, აუქციონზე ვაჭრობაში კი მხოლოდ ცხრაჯერ ჩაერთო და საფინანსო ბაზარზე 332,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა. თავად უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. ასე რომ, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო. შეგახსენებთ, COVID-19-ის პანდემიის პირველ წელს ეროვნულმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873,2 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. 2019 წელს კი ეროვნულმა ბანკმა 11 ინტერვენციით ჯამში 165 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა და მხოლოდ წლის ბოლოს სამი ინტერვენციით 92,8 მილიონი დოლარი გაყიდა. სტატისტიკურ მონაცემებს თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის ფორმირებისას მხოლოდ ერთ-ერთი და არა გადამწყვეტი ფაქტორია.
Дом Юстиции и офис Нацбанка на набережной реки Кура в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
რატომ ინარჩუნებს ეროვნული ბანკი ძვირი ფულის პოლიტიკას?
წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს ლარმა ხასიათი იცვალა, დოლარის მიმართ 1,81 თეთრით 2,9687 ნიშნულამდე გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში კი, პირველად ბოლო ერთი კვირის შემდეგ, ეროვნული ვალუტა სამიან ნიშნულს ასცდა. სამშაბათს კი უკვე ლარის ოფიციალურმა კურსმაც გადააბიჯა სამიან ნიშნულს და 3,0276 შეადგინა. ასე რომ, ბოლო ორი თვის სტილი დაცულია. ანალიტიკოსთა უმრავლესობაც ხომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ამას ვარაუდობდა. კერძოდ, მათი თქმით, მიმდინარე წლის, სულ ცოტა, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება ან გაუფასურება მოსალოდნელი არ არის და დოლარის მიმართ ლარი ერთხანს 2,98–3,1 ნიშნულის ფარგლებში მერყეობის ტენდენციას შეინარჩუნებს.
შემდეგი საკითხი, რაზეც თქვენს ყურადღებას მივაპყრობ, საბანკო სექტორია. სფეროს სპეციალისტები წლის პირველ კვარტალში იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო პირობების კიდევ უფრო გამკაცრებას ელოდებიან. ამგვარი მოლოდინებია ასახულია საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშში, რომელსაც კობა გვენეტაძის უწყება ატარებს.
კვლევით ირკვევა, რომ კომერციული ბანკები მიმდინარე წლის პირველი კვარტლის დარჩენილ დროში ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნის მცირედით შემცირებას მოელიან, ფიზიკური პირების დაკრედიტების მოთხოვნაზე კი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნის არასასურველი სცენარია. ეკონომიკური საქმიანობის დაკრედიტებაზე მოთხოვნის შემცირება ბიზნესის აქტიურობის დაბალ ტემპსა და ნაკლები დოვლათის შექმნას ნიშნავს, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასურველია საკრედიტო პორტფელის დიდი ნაწილი იმ საქმიანობის დაფინანსებას მოხმარდეს, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
ProCredit Bank - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
რამდენით და ვის ან რის ხარჯზე გამდიდრდნენ კომერციული ბანკები?
საგულისხმოა კვლევის კიდევ ერთი დეტალი. კერძოდ, კომერციული საბანკო სექტორი ბიზნესის საბანკო დაკრედიტების, საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება. აქვე უნდა ითქვას, ბანკირების ვარაუდით მოსალოდნელია უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დაკრედიტების არასაპროცენტო პირობების გამკაცრება. აქ იგულისხმება საკრედიტო ლიმიტი, კრედიტის მაქსიმალური ვადის შემცირება და სხვ.
ვნახოთ, როგორი იყო საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა უახლოეს წარსულში, კერძოდ, გასული წლის მეოთხე კვარტალში. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ტენდენცია განსხვავებულია. საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ ამ კატეგორიის სესხებზე მცირედით გამკაცრდა დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობები, რაც, საბანკო სფეროს ექსპერტების შეფასებით, რისკებისადმი მიდრეკილებამ, საბანკო სექტორის კაპიტალის, ფინანსური რესურსის ხარჯის ცვლილებამ და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ განაპირობა. ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ბიზნესის დაკრედიტების ზრდა დიდწილად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის ზრდამ განაპირობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრუქტურულ ჭრილში გაზრდილია სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დაკრედიტება.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, ბიზნეს-სესხის საკრედიტო რესურსზე მოთხოვნის ფორმირებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი საპროცენტო განაკვეთია. მცირე და საშუალო ბიზნესის დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი 13,9 პროცენტამდე გაიზარდა. უცხოური ვალუტით, კერძოდ, ევროთი და დოლარით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და, შესაბამისად, 5,2 პროცენტი და 6,5 პროცენტი შეადგინა.
ალილოს მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
რა უნდა მეთქვა კიდევ?.. ანუ რა გაიზარდა, რა შემცირდა და რამდენით?
საანგარიშო პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოთხოვნა, მართალია, მცირედით, მაგრამ ასევე გაზრდილია. ექსპერტთა შეფასებით, ამ შემთხვევაშიც დიდწილად ეს ტენდენცია ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობის ზრდამ განაპირობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უცხოური ვალუტით დაკრედიტებაც გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 20 პროცენტია.
საბანკო სექტორში არსებულ მოლოდინებს დავუბრუნდეთ. კობა გვენეტაძის უწყების კვლევაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მომდევნო კვარტალში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტების საპროცენტო პირობების მცირედი გამკაცრებაა მოსალოდნელი. მაინც რამდენია ეს „მცირედი“ და, ზოგადად, გამართლდება თუ არა ბანკირების ვარაუდი, ამას დრო გვიჩვენებს.
დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ საბანკო კრედიტზე მომხმარებელთა მოთხოვნას კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა განსაზღვრავს. აქ ვგულისხმობ როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო პირობებს. საბანკო სექტორის საკრედიტო პოლიტიკის ფორმირებაზე კი დიდ გავლენას მონეტარული პოლიტიკა ახდენს. ასე რომ, ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია, კიდევ რამდენ ხანს შეინარჩუნებს ძვირი ფულის პოლიტიკას...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0