რატომ ინარჩუნებს ეროვნული ბანკი ძვირი ფულის პოლიტიკას?

© photo: Sputnik / StringerДом Юстиции и офис Нацбанка на набережной реки Кура в Тбилиси
Дом Юстиции и офис Нацбанка на набережной реки Кура в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
გამოწერა
ორნიშნა ინფლაცია, მზარდი ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია და რეფინანსირების უცვლელი განაკვეთი...
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიმდინარე წელს პირველად შეიკრიბა და მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა - 10,5 პროცენტი... კი, მაგრამ რა იყო ამგვარი ვერდიქტის მიზეზი? - დაინტერესდება მკითხველი და რა გაეწყობა, ვეცდები შეკითხვას ვუპასუხო...
დარწმუნებული ვარ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნულ ბანკში საქართველოში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით იხელმძღვანელეს... სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9 პროცენტი შეადგინა, ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტად ხარჯი კომუნალური გადასახადების მიმართულებით გაიზარდა, წყალმომარაგება 58 პროცენტით გაძვირდა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 68 პროცენტით... ცალკეული მიმართულებით ფასების ზრდის დინამიკაზე უახლოეს მომავალში გიამბობთ. ახლა კი წინამდებარე სტატიის ძირითად საკითხზე მოგახსენებთ...
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
შეგახსენებთ, ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამო გასული წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან 2,5 პროცენტული პუნქტით 10,5 პროცენტამდე გაზარდა... თუმცა ერთია, რას ვამბობ მე და მეორეა და თანაც უფრო მნიშვნელოვანი, როგორია კობა გვენეტაძის უწყების განმარტება. როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა. მათ შორის არის მაღალინფლაციური გარემო... რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა გასულ წელს ინფლაციამ 13,9 პროცენტი შეადგინა. დავსძენ, რომ ეს მაჩვენებელი 1996 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაცია ზრდის ტენდენციას იანვარშიც ინარჩუნებს. პესიმისტურია თებერვლის პროგნოზიც. საბანკო სექტორის მთავარ მარეგულირებელში ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან მოელიან.
კობა გვენეტაძის უწყება მზარდი ნფლაციის მიზეზებზეც მიანიშნებს. "გასული წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ამერიკული დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა...", - ვკითხულობთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასკვნაში. დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება ამსუბუქებს...
რაკი სიტყვა ეროვნულ ვალუტაზე ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ბოლოს 18 იანვარს გაუფასურდა და ორი კვირაა გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის პოსტსაახალწლო თავგადასავალზე, კერძოდ გამყარების გამომწცევ მთავარ ფაქტორებსა და პერსპექტივაზე ერთ-ერთ უახლოეს სტატიაში მოგახსენებთ...
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
რატომ გამყარდა ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება
სავარაუდოდ, მკითხველი ჩამეძიება, რა შეიცვალა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებით? მოგახსენებთ, ამ გადაწყვეტილებით ძალაში რჩება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ეს კი ნიშნავს, რომ საბანკო სექტორისთვის ეროვნულ ვალუტაში გასაცემი საკრედიტო რესურსი კვლავაც ძვირია... აქვე უნდა ითქვას, რომ კომერციული ბანკების ყველა იმ მომხმარებელს, რომლის სესხიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული, კრედიტზე პროცენტი არ შეეცვლება... არადა გასული წლის განმავლობაში თითოეულ მათგანს ეს კომპონენტი 2,5 პროცენტით გაეზარდა და შესაბამისად, საკრედიტო ტვირთიც დაუმძიმდათ...
საინტერესოა, მაინც რამდენია ასეთი მომხმარებელი, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული რა მოცულობის სესხია ჯამში გაცემული და როგორია საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა? ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ანგარიშს მოვიშველიებ...
საანგარიშო პერიოდისთვის, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც საკრედიტო პორტფელის მოცულობა, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 185300 კრედიტია გაცემული, ხოლო მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა გასული წლის ბოლო ერთ თვეში 249 მილიონი ლარით გაიზარდა და ახალი წლის მდგომარეობით 8699.1 მილიონ ლარს გაუტოლდა...
რაოდენობრივად ყველაზე მეტი სამომხმარებლო სესხია გაცემული. ამ ტიპის სესხზე 79700 ხელშეკრულებაა გაფორმებული, თანხის მოცულობა კი 1153,7 მილიონი ლარია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 15,57 პროცენტი შეადგინა.
სურსათით სავსე კალათა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
ინფლაცია და ფასები საქართველოში: ეროვნული ბანკი ახალ მიმოხილვას აქვეყნებს
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს შორის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ანუ იპოთეკური სესხები რაოდენობრივად მეორე ადგილზეა. 66500 ხელშეკრულების საფუძველზე საშუალოდ 12,62 პროცენტში 2929,2 მილიონი ლარია გაცემული. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 10,90 პროცენტიდან 11,56 პროცენტამდე გაიზარდა.
გასული წლის დეკემბერში საბანკო სექტორში ეკონომიკური საქმიანობის დასაკრედიტებლად დამატებით კიდევ 900 ხელშეკრულება გაფორმდა. ბიზნეს სესხებს 35300 ხელშეკრულებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებს შორის რაოდენობრივად მესამე პოზიცია უკავია მთლიანი პორტფელის მოცულობა 4496,5 მილიონი ლარია. მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად კომერციულმა ბანკებმა 1189,7 მილიონი ლარი საშუალოდ14,93 პროცენტში გასცეს. მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მსხვილი ბიზნესი 3309,5 მილიონი ლარით დააკრედიტდა საშუალო შეწონილ 14,35 პროცენტში.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს შორის ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 600 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.2 მილიონი ლარი კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 22,93 პროცენტში გაასესხეს.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 3000 სესხის მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 91,4 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41,1 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა - 24,92 პროცენტი... კი, მაგრამ, რატომ? შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, სამომხმარებლო სესხები, როგორც წესი უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად, მატულობს რისკიც. თუ რისკი დიდია, მაღალია პროცენტიც.
გამვლელები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
საგანგაშოდ მზარდი სამომხმარებლო ფასები და ინფლაცია – რა შეიძლება იყოს გამოსავალი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 13,9 პროცენტი შეადგინა. ამასთან ერთად, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე დოლარში გამოხატული ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია... მკითხველი უსათუოდ შენიშნავდა, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ეროვნული ბანკისა და ექსპერტთა ჯგუფის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ამით არაფერზე მივანიშნებ, ფაქტი აღვნიშნე მხოლოდ. დროა, შევეგუოთ იმგვარ მოცემულობასაც, რომ ნეგატიური პროცესების შეფასებისას, შესაძლოა სამთავრობო და ექსპერტული პოზიციები თანხვედრაში იყოს...
ლოქდაუნის გამო დაგროვებული მოთხოვნის რეალიზება მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ინფლაციურ პროცესებზე შეიძლება ზეწოლას ახდენდეს. გასულ წელს, წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტი 10,6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან ანუ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ზრდა 3.1 პროცენტს შეადგენს. "საზოგადოება და ბანკების" ექსპერტები მიგვანიშნებენ, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მიზანი ინფლაციის გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის პრევენციაა და ვარაუდობენ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ინფლაცია კლებას დაიწყებს... მათივე შეფასებით, გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის დაკრედიტებაც, რაც თავის მხრივ აფერხებს ინფლაციური პროცესების შერბილებას. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა 2022 წლის განმავლობაში ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს.... საინტერესოა, რას ეყრდნობა ექსპერტთა ოპტიმისტური პროგნოზი? სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდის ტემპსა და ცალკეული მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან...
დღეისათვის სულ ეს იყო... დასკვნის სახით, ვიტყვი, რომ რეფინანსირების მაღალი საპროცენტო განაკვეთი ანუ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა სესხს აძვირებს. ჩვენ ერთხანს მოგვიწევს საკმაოდ გაძვირებული საკრედიტო რესურსით ვისარგებლოთ... როდის იყო კრედიტი საქართველოში იაფი? - ირონიული ტონით ჩამეძიება მკითხველი და არც ის გამიკვირდება, თავადვე უპასუხოს - არასოდეს!.. მე კი თანხმობის ნიშნად, მხოლოდ დუმილის უფლებას გამოვიყენებ...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0