საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
28 იანვარს თოლორაიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და უწყების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები გაასაჩივრა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო, ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, არსებული სამსახურის ნაცვლად 1 მარტიდან შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
28 იანვარს თოლორაიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და უწყების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები გაასაჩივრა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი.
ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სასამართლოში გაასაჩივრა>>>
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ან საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ ინფორმაციას მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ გაავრცელებს, ნათქვამია განცხადებაში.

თოლორაია საკუთარ სარჩელში ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.

კერძოდ, სასამართლოში გასაჩივრებულია კანონში იმ შესწორებების კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.
ამასთან, მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის გარდა, გამოვიდნენ ომბუდსმენი და ოპოზიცია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონს ხელი მაინც მოაწერა.
კომისიები დაკომპლექტდა: ვინ უხელმძღვანელებს ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილ უწყებებს>>>
მართველი პარტიის დეპუტატები რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მათი გაჟონვის დაუშვებლობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავადვე ასეთივე საგამოძიებო ორგანოა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებობა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვებით, არაკონსტიტუციურია.
კანონის მიღების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით 24 იანვარს უკვე გაიმართა ორი ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელების თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები.
მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტერიუმებს შორის, რომლებითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, არის მართლმსაჯულების, სამართალდამცველი ორგანოების ან ადამიანის უფლებების დაცვის სისტემაში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულებს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური კი გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
ყველა ახალი ამბავი
0