ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სასამართლოში გაასაჩივრა

© Facebook / Londa Toloraiaლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
თოლორაიას მტკიცებით, პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და უწყების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები გაასაჩივრა.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად დაყოფა. ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას. ამ ცვლილების შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება.
როგორც თოლორაია ამტკიცებს, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“
კერძოდ, სასამართლოში გასაჩივრებულია კანონში იმ შესწორებების კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.
„ამასთან, მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას)“, - წერს თოლორაია თავის Facebook-გვერდზე.
დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის გარდა, გამოვიდნენ ომბუდსმენი და ოპოზიცია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
მმართველი პარტიის დეპუტატები რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მათი გაჟონვის დაუშვებლობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავადვე ასეთივე საგამოძიებო ორგანოა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებობა, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, არაკონსტიტუციურია.
ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, ორშაბათს გაიმართა ორი ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელების თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები.
სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა >>
მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტერიუმებს შორის, რომლებითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, არის მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების ან ადამიანის უფლებების დაცვის სისტემაში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს მოხელეების დანაშაულებს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური კი გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
წყარო - ლონდა თოლორაიას Facebook-გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0