Rothschild & Co-მ საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

© Government of Georgiaსაქართველოს მთავრობის და Rothschild & Co-ს შეხვედრა
საქართველოს მთავრობის და Rothschild & Co-ს შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ჯგუფმა Rothschild & Co-მ საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველოს მთავრობასა და კომპანიის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ბრიუსელში 2021 წლის ბოლოს მოეწერა ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა და როტშილდმა გარდაქმნის სტრატეგიის მომავალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნა იგეგმება>>>
ღარიბაშვილმა როტშილდს მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს და მოკლე ვადებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვისა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების შემოსვლის მიმართულებით.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო თბილისსა და გონიოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნის საკითხს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს.
როტშილდების კომპანია საქართველოს ფინანსური ჰაბის შექმნაში დაეხმარება>>>
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
წყარო: მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0