თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნა იგეგმება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის. სასტუმრო „რედისონ ივერია"
თბილისის. სასტუმრო  „რედისონ ივერია - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
ახალი ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას კონსალტინგური კომპანია Rothschild მიიღებს.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნას აპირებს. ისინი დახმარებას გაწევენ ინვესტიციების მოაზიდვაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ქვეყანას რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადააქცევენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის ინფორმაციით, ერთ–ერთი ფინანსური ცენტრი შეიძლება გაჩნდეს თბილისის ზღვასთან, დაახლოებით 110 ჰექტარ ფართობზე. ანალოგიური, მაგრამ უფრო მრავალფუნქციური ცენტრის შექმნა იგეგმება გონიოში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.
ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, კოორდინაცია გაუწიოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას.
„სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ, რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიცაა კონსალტინგური კომპანია Rothschild, მონაწილეობდნენ ფინანსური ცენტრების შექმნაში თბილისსა და გონიოში. ერთ კვირაში კომპანიის დელეგაცია ქვეყანაში ჩამოვა და აქტიურ მუშაობას შეუდგება.
გასული წლის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ ერთ–ერთი უმსხვილესი ფინანსური კომპანია Rothschild & Co იმუშავებს საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე. შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და კომპანიის მმართველ დორექტორ არიელ მილარდ დე როტშილდს შორის.
როტშილდების კომპანია საქართველოს ფინანსური ჰაბის შექმნაში დაეხმარება>>
Rothschild & Co ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.
ასევე, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც მუშაობენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში. საბოლოო ჯამში როგორც მთავრობა ვარაუდობს, აღნიშნული ფინანსური ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ყველა ახალი ამბავი
0