რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორთა შორის საქართველო ლიდერობს - მეწარმეები განგაშს ტეხენ

© photo: Sputnik / Valeriy Shustov / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
ამჟამად საქართველომ ჩინეთსაც გაუსწრო და რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორთა შორის პირველი ადგილი დაიკავა - იმპორტი 600%-ით გაიზარდა
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტის სწრაფი ზრდის გამო ადგილობრივი წისქვილკომბინატები კონკურენციას ვერ უძლებენ და იძულებული არიან, წარმოება შეაჩერონ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.
ქართველ მეწისქვილეებს რთული დრო მაშინ დაუდგათ, როდესაც რუსეთმა 2021 წლის ივნისში მარცვლეულის ექსპორტზე მცოცავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შედეგად საექსპორტო ბეგარა 25 დოლარიდან თანდათან 98 დოლარამდე გაიზარდა. ფქვილის იმპორტზე კი გადასახადი ნულოვანია. ფასებს შორის ასეთი დიდი სხვაობის გათვალისწინებით, იმპორტიორებმა თანდათან შეამცირეს ხორბლის შემოტანა და ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ.
2021 წლის 11 თვეში ხორბლის ფქვილის იმპორტი საქართველოში სამჯერ გაიზარდა. ქვეყანამ 8,7 მილიონი დოლარის ღირებულების 28.400 ტონა ფქვილი შემოიტანა. რაც შეეხება ხორბალს, გასული წლის იანვარ-ნოემბერში ხორბლის იმპორტი საქართველოში 33,5%-ით შემცირდა. სილაგავას თქმით, დეკემბერში ქვეყანამ შვიდჯერ ნაკლები მარცვალი შემოიტანა, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.
„მაგალითად, თუ ადრე საქართველოს დაახლოებით 60 ათასი ტონა ხორბალი და ათასი ტონა ფქვილი შემოჰქონდა, 2021 წლის დეკემბერში 6 ათასი ტონა ფქვილი და 6 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა. ფქვილის იმპორტი 600%-ით გაიზარდა, ხორბლისა კი შვიდჯერ შემცირდა“, - აღნიშნა სილაგავამ.
ექსპერტის თქმით, რამდენიმე თვის წინ წარმოქმნილი პრობლემა სულ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს. ვითარება იქამდე მივიდა, რომ მსხვილი კომბინატებიც იხურება.
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი გაძვირდა – როგორ აისახება ეს ფასებზე საქართველოში>>>
„გასულ წელს ათმა წისქვილკომბინატმა უკვე შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ ეს იყო მცირე და საშუალო საწარმოები და მათ დახურვას დიდი გავლენა არ მოუხდენია ბაზარზე. დიდ ქარხნებს ძველი მარაგი ჰქონდათ. დღეს წისქვილკომბინატები იძულებული არიან ან თავად დაიწყონ ფქვილის იმპორტი ან დაიხურონ, მაგრამ აქ სხვა მომენტია. თუ ფქვილის შემოტანას დაიწყებენ, მათ თანამშრომლების მხოლოდ 15% დასჭირდებათ. დანარჩენების გათავისუფლება მოუწევთ“, - განმარტა მან.
სილაგავას თქმით, შედარებით იაფი ფქვილით გამოწვეული ეიფორია ბაზარს საბოლოოდ გაანადგურებს, ადამიანებს სამსახურის გარეშე დატოვებს და ყოველგვარი კონკურენციის არარსებობის პირობებში საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სასურსათო მარაგს.
მისი თქმით, თუ იმაზე ვიმსჯელებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - კომბინატის მუშაობა თუ ფქვილის იმპორტი, პასუხი ნათელია. ხორბლის გადამუშავება საქართველოსთვის ფასეულობების მთელ ჯაჭვს ქმნის - დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ ქარხანა ჩერდება, მაშინ ქატოც უნდა შემოვიტანოთ). დღემდე ადგილობრივი წარმოების ქატოს 90% მეცხოველეობას ხმარდებოდა.
„ყველაფერს ისიც ემატება, რომ წისქვილკომბინატებიდან ბიუჯეტში ყოველთვიურად დაახლოებით 5 მილიონი ლარი შედის, ფქვილის იმპორტიდან - არაფერი“, - აღნიშნა სილაგავამ.
საკითხის გადასაჭრელად მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა რამდენიმე უწყების ჩართულობა: სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების. როგორც სილაგავა აცხადებს, ამჟამად შეხვედრები იმართება მინისტრების მოადგილეების დონეზე, მაგრამ საჭიროა უწყებების ხელმძღვანელების ჩართვა, რომელთაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.
„ჩვენ, წისქვილკომბინატები, არაფერს ექსტრაორდინარულს არ ვითხოვთ, ვითხოვთ სწორ კონკურენციას“, - განაცხადა სილაგავამ.
მათი აზრით, გამოსავალი არის რუსულ ფქვილზე სარკისებური ბაჟის დაწესება. ანუ თუ ხორბალი 98 დოლარით იბეგრება, ფქვილზეც ასეთივე გადასახადი უნდა დაწესდეს. ეს პირობებს გაათანაბრებს.
პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას>>>
„როგორ შეხედავს ამას რუსეთი - ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი? ჩვენ ჩვენი ახსნა გვაქვს. ფქვილის ექსპორტი შემოსავლების თვალსაზრისით რუსეთისთვის პრიორიტეტული არ არის. რუსეთი დაახლოებით 35 მილიონ ტონა ხორბალს ყიდის და აქედან მისი შემოსავალი დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. ფქვილის ექსპორტს რაც შეეხება, რუსეთი მხოლოდ ნახევარ მილიონ ტონა ფქვილს ყიდის. აქედან ქვეყანას 150 მილიონამდე დოლარი შემოსავალი აქვს“, - განმარტა სილაგავამ.
მისი აზრით, თუ საქართველო რუსეთისგან ფქვილს არ შეიძენს, ნებისმიერ შეთხვევაში მოუწევს ხორბლის შეძენა, რომელიც უფრო ძვირია.
„ამიტომაც საჭიროა ლოგიკური მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან და სიტუაციის ახსნა“, - განაცხადა სილაგავამ.
ექსპერტის თქმით, ამჟამად საქართველომ ჩინეთს გაუსწრო და რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.
მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანა არ იმარაგებს ხორბალს.
„ჩვენ, როგორც წესი, ორი თვის მარაგი გვაქვს ხოლმე - დაახლოებით 100 ათასი ტონა. ყოველთვიურად მოვიხმართ 50-60 ათას ტონას და ვყიდულობთ 60 ათასს. ასეთია პრინციპი. როდესაც ქვეყანაში რამე ხდება, ყოველთვის გვაქვს მარაგი. ახლა შემოდის ფქვილი, რომელიც საწყობებში არ ინახება, ვინაიდან ფქვილის შენახვის ვადა 2 თვეა, ხორბლისა კი - 2-3 წელი. და თუ ფქვილის იმპორტის ტემპი უცებ შენელდება, ჩვენ ხელცარიელი დავრჩებით და ბაზარი ერთ წუთში ჩამოიშლება“, - განაცხადა სილაგავამ.
რას ფიქრობს ხელისუფლება?
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მიუხედავად ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდისა, საქართველოს ხორბლის მარაგი საერთაშორისო ნორმის ფარგლებში აქვს.
„ქვეყანაში ხორბლის მარაგების კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს და მარაგების ამოწურვის საფრთხე არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო მოიხმარს 700-800 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი საქართველოს შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 70% მოდის. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.
დავითაშვილი: საქართველოს ხორბლის მარაგი ორ თვეს ეყოფა>>>
„ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი რომ გავითვალისწინოთ, ასე ვერ იქნება. რომ შევაჯამოთ, გავაგრძელებთ დიალოგს მწარმოებლებთან და, იმედია, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივალთ. მეორე – სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. მესამე არის არაორდინალური ვითარება მსოფლიო ბაზარზე, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ქვეყნის არარაციონალური გადაწყვეტილებებით, მაგრამ ამის დაბალანსებას ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, ქვეყანა მზადაა საჭიროების შემთხვევაში მყისიერი ნაბიჯები გადადგას. პრემიერ-მინისტრი ხორბლის საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალზე ინფორმირებულია, დასძინა მან.
ყველა ახალი ამბავი
0