ტრაგიკული ლეგენდები: როგორ გაჩნდა ქართული სოფელ-ადგილების სახელები

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
საქართველოში ძალიან ბევრი მონასტერი, სოფელი, დასახლება და ადგილი არსებობს, რომელთა ტოპონიმიკაც ლეგენდების საბურველშია გახვეული. რამდენიმე მათგანზე ადრეც ვწერდით.
თემას ამჯერადაც განვაგრძობთ და მკითხველებს მორიგ თქმულებებს წარვუდგენთ.

კაცხის სვეტი

ამბობენ, რომ იმერეთის ამ ლამაზ ადგილას ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს. მოუხმია ანგელოზნი, ზოგისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის — ხეხილისა, ზოგისთვისაც ცხოველთა გამრავლება დაუვალებია. ანგელოზებსაც მოურთავთ და მოუკაზმავთ იქაურობა.
ერთ ადგილას ლეღვის ხე ამოზრდილა, რომლის ქვეშაც ქვეწარმავალს დაუბუდია თურმე. გადმოუხედავს უფალს ახალი ედემისთვის და უზარმაზარი ჭრელი უხსენებელი დაუნახავს.
გადმოასხა თურმე წყეულს მდუღარე ტალახი, ამობუგა გველის ბუდე. მერე ჰაერში გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა და აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე ცდუნება და ვერაგობა მოშთობილიყო.
მას შემდეგ „რამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა ავალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“.
ხალხმა სალოცავ ხატად აქცია სვეტი და მისი სახელობის ორი დღეობაც დააწესა.

ვალე

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
უცნობი გელათი: საინტერესო ფაქტები ტაძრის ისტორიიდან
ერთხელ, ძალიან ძველ დროს, ერთ იმერელს აბასთუმნის გზით ჩამოუვლია, ფოცხოვის წყალში გაუტოპავს და ერთი ძველი ტაძარი დაუნახავს. მისულა, დაუთვალიერებია ეს ტაძარი, ძალიან მოსწონებია. უკან დაბრუნებისას ერთი მუჭა ცერცვი მიუპნევია და უთქვამს „ეს შენ მოგავალეო“.
რამდენიმე თვის შემდეგს იმერელს ისევ გაუვლია იმ გზაზე და უნახავს, რომ მის მიერ მიპნეული ცერცვი ამოსულიყო და ძალიანაც გაზრდილიყო. იმერელს მოსწონებია ეს ადგილები და საცხოვრებლად გადასახლებულა.
როცა ეს ცერცვი მოუთიბავს, უთქვამს, ვალი მივიღეო. ამიტომაც ამ სოფელს ჯერ ვალი რქმევია, შემდეგ კი ვალე უწოდებიათ.
სხვა ლეგენდის თანახმად, ძველ დროს, როცა თათრები ქართველ ბავშვებსა და ქალებს იტაცებდნენ, სოფლის ვაჟკაცები თურმე სოფლის ბოლოს ხვდებოდნენ და ათავისუფლებდნენ ტყვეებს. ისინი თავის ვალად მიიჩნევდნენ ტყვეების გათავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლას და ამიტომაც დაერქვა სოფელს ვალეო.
კიდევ ერთი თქმულებით, ძალიან ძველ დროს ერთი შეძლებული კაცი მხლებელთან ერთად სტუმრად წამოსულა სოფელ ორლიდან. როდესაც იმ ადგილას გამოუვლია, სადაც ამჟამად ეკლესია დგას, ტყეში, პატარა მდინარის პირას დაუსვენიათ, რომელიც თურმე მაშინ წყალთბილის მხრიდან ჩამოედინებოდა.
ამ მდიდარ კაცს მოსწონებია ეს ადგილები და უთქვამს, ჩემი ვალია, მეზობელი სოფლის მოსახლეობისათვის აქ ეკლესია ავაგოო. დაუწყია მშენებლობა და ყველა მეზობელი სოფლის მცხოვრებს წაუშველებია ხელი. იმდენი ხალხი მისულა დასახმარებლად, რომ ქვები მთებიდან ხელიდან ხელში გადაწოდებით მიუტანიათ ადგილამდე.
ეკლესიის აგების შემდეგ კი მეზობელი სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი იქ დასახლებულა და სოფლისთვის ვალე უწოდებიათ.

სამღერეთი

კახეთი, სოფელი მელაანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამორჩეული საქართველო, ანუ რით შეგვიძლია ვიამაყოთ: რამდენიმე უნიკალური ფაქტი
ამ სახელწოდებას საფუძვლად სამ დასთან დაკავშირებული ლეგენდა უდევს.
ამ თქმულების თანახმად, დიდი ხნის წინათ, როცა მტერს ეს სოფელი გაუნადგურებია და გადამწვარ სასახლეში შესულა, იქ ლოდებზე ჩამომჯდარი სამი პატარ გოგო — სამი და დახვედრია. მათ გარდა სოფელში ძეხორციელის ჭაჭანება არ ყოფილა.
გოგონები თურმე ფანდურს უკრავდნენ და დაღუპულებს დასტიროდნენ. მტერს ეს სამი დაც დაუხოცავს, სოფელს კი სახელად სამღერეთი შერჩენია.

დედამუკა

ნოქალაქევთან არის სამკურნალო თვისებების მქონე ცხელი გოგირდოვანი წყალი. ამ ადგილს დედამუკას ეძახიან — რაც ორსულ ქალს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, ერთ ფეხმძიმეს მტერი გამოდევნებია. ქალს შველა უძველესი ქალღმერთისთვის უთხოვია და მასაც შეუსმენია ორსულის თხოვნა: წყალი დაუშრია, ქალი მეორე ნაპირზე გადასულა და თავი გადაურჩენია.
მეორე ვერსიით კი, მტრისგან ლტოლვილ ფეხმძიმე ქალს წყლისთვის მიუცია თავი — მდინარეში გადამხტარა.
ახლა იქ ქვის სვეტი დგას, რომელსაც ორსულ ქალს ამსგავსებენ და ადგილის სახელიც, სავარაუდოდ, აქედან წარმოსდგება.

ყვავის საყდარი

ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
საინტერესო ფაქტები, ანუ იცით თუ არა, რომ...
ძეგვში მდებარე VIII საუკუნის ნატაძრალს ბორას საყდრის სახელით იცნობენ.
ლეგენდის თანახმად, ერთხელ, ეკლესიის მშენებლობის დროს, კალატოზების კერძიან ქვაბში (სხვა ვერსიით, საჭმლის შესანახ ორმოში) შხამიანი ქვეწარმავალი ჩამძვრალა. ეს ყვავს (მეორე ვერსიით, ბორას) შეუნიშნავს, შურდულივით დაშვებულა და გველი მოუკლავს, მაგრამ თავადაც დაგესლილა და მომკვდარა.
და მადლიერ კალატოზებს ეკლესიისთვის სახელად ყვავის (ბორას) საყდარი დაუნათლავთ.

სამგორი

ძველად ლოჭინის ხეობაში მტრის დასაზვერად ორი სვეტი ყოფილა აშენებული, რომელთა თავზეც დარაჯები მტრის გამოჩენისთანავე ცეცხლს ანთებდნენ და მოსახლეობას მტარვალთა მოახლოებას ატყობინებდნენ. ერთი ასეთი დარაჯთაგანი ყოფილა ვინმე ცალხელა ლოჭინი. მას ორი ვაჟი ჰყავდა.
ერთხელ ლოჭინს დაუნახავს, რომ ადიდებულ ხევისწყალს შველი მოაქვს, რომელიც პატარა კუნძულივით ამაღლებულ გორაკზე გაურიყავს. შესცოდებია კაცს შველი, შესულა ადიდებულ წყალში და სამშვიდობოს გამოუყვანია, შინ წაუყვანია და შვილებთან ერთად მოუვლია. ცხოველი ადამიანივით გამგონე გამხდარა და პატრონს, თურმე, სულ თან დაჰყვებოდა.
მამის სიკვდილის შემდეგ სვეტზე დარაჯებად მისი შვილები დაუყენებიათ. ერთ ღამესაც ახალგაზრდებს ღრმად ჩასძინებიათ. ამ დროს მტერი მოახლოებია ხეობას. უკვე ირმად ქცეულ შველს საფრთხე უგრძნია და დაუწყია ფეხების ბაკუნი და რქების ჯახუნი, რომ ძმები გაეღვიძებინა.
დარაჯებს უკანასკნელ წუთს გაღვიძებიათ, სანიშნე ცეცხლის დანთება კი მოუსწრიათ, მაგრამ მტერს ორივე ისრით დაუხოცავს. თუმცა ძმათა მცდელობას ტყუილად არ ჩაუვლია. თბილისის მეციხოვნეები მომზადებული დახვედრიან მომხდურს დაუმარცხებიათ კიდეც.
დარჩა, თურმე, ირემი მარტო ტყეში. მიაკითხა ძმებს, მაგრამ მკვდრები დახვდნენ ისინი. სიმწრისაგან ატირებულა ძმების ნაზარდი ირემი, მერე კი იმდენ ხანს ურტყა თურმე ქვას თავი, სანამ არ მოკვდა.
ძმები და ირემი, დიდი ამბით, ცალ-ცალკე დაუმარხავთ გაშლილ ველზე. თითოეულის საფლავზე თავისით აღმართულა სამი მაღალი გორა. მას შემდეგ ამ ადგილს სამგორის ველს უწოდებენ.

არხილოსკალო

მუზარადი და ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
იმერელ დიდებულთა სამარცხვინო სათხოვარი და სხვა უგუნურებანი საქართველოს ისტორიაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, გაშენებულია ლამაზი სოფელი არიხილოსკალო.
1616 წელს მორიგი ლაშქრობის დროს ირანის შაჰმა 100 ათასი კახელი გაჟლიტა, ათეულათასობით დატყვევებული ქართველი კი ფერეიდნის გზას გაუყენა. მტარვალმა ერთ - ერთ სოფელში თოთო ბავშვები კალოზე დააყრევინა და ცხენებით გადაჯეგა.
სწორედ ამ ტრაგედიის მერე ეწოდა ამ გავერანებულ ადგილს „არ იხილო კალო“, რადგან წმინდა ბავშვების სისხლით გაპოხილ ცოდვიან ადგილზე კალოობის მომწყობი სულიერი აღარ იყო დარჩენილი.
რაც შეეხება სოფელს, ის XIX საუკუნის ბოლოს აღუდგენიათ და ამ საქმეში დიდი ამაგი ვაჟა ფშაველასაც მიუძღოდა.

გერგეტის სამება

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ დიდი დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი. მაშინ ერთ ბერიკაცს უთქვამს, „ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, ტაძარიც იქ ააშენეთო.
ასეც მოქცეულან. მოფრენილა ყორანი და წაუღია სამგორველი. ხალხი მდევრად გაჰყოლია. ყორანს ანანურის თავზე დაუსვენია და იქ სამების ნიში აუგიათ. მერე კი ყორანი ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა, იქიდან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია და ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი. ძვალიც იქ გამოუხრავს.
ამის მერე დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. ამ დროს წამომდგარა ერთი კაცი და უთქვამს: წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო.
გამოქცეულან ბიდარის მთიდან. ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა, საძირკველიც გაუჭრია და მშენებლობაც დაუწყია.
ტაძრის ასაგებად ქვა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისათვის წყალი მეცხვარეს უზიდია. ჰოდა, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

წვრიმი

ლიტერატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
მეტყველებაში დამკვიდრებული ფრაზა-გამოთქმები: ისტორია და მნიშვნელობა
ადრე სვანეთში ყოფილა სოფელი ძველი წვირმი. მწვირმელებს დიდძალი პირუტყვი ჰყოლიათ და თურმე საუკეთესო ყველი ამოჰყავდათ.
ერთხელ უთქვამთ, აბა, ვნახოთ ვისი ყველი სჯობსო. გამოუტანიათ საუკეთესო თავები, ერთმანეთის უკან ჩაუმწკრივებიათ და შორიდან სროლა დაუწყიათ. ვისი ყველის მწკრივშიც ტყვია ბოლომდე ვერ გაატანდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა.
თოფის ხმაზე ადიშის მყინვარი მოწყვეტილა და ზვავს სოფელი მთლიანად დაუმარხავს. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ყმაწვილი (სავარაუდოდ, ჩეგიანი იყო გვარად), რომელსაც ამჟამინდელ წვირმში მცხოვრები გოგო შეჰყვარებია. მშობლებს ქალიშვილის განადგურებულ სოფელში გათხოვებაზე უარი უთქვამთ, ვაჟს კი თურმე ასე პირობა წაუყენებია: მე მხოლოდ მაშინ დაგთანხმდებით ჩასიძებაზე, თუ თქვენს სოფელს ჩემი სოფლის სახელს დაარქმევთო. აი ასე გაქრა ერთი წვირმი და გაჩნდა მეორე წვირმი.
ყველა ახალი ამბავი
0