იმერელ დიდებულთა სამარცხვინო სათხოვარი და სხვა უგუნურებანი საქართველოს ისტორიაში

© Pixabay / molochszczecinმუზარადი და ხმალი
მუზარადი და ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში მრავალ ფაქტს ვაწყდებით ნიმუშად იმისა, რომ მავანთა გონებაშეზღუდულობის გამო ჩვენს ქვეყანას ხშირად უწევდა ძალიან ძვირი ფასის გადახდა.
სამეგრელოს უკანანსკნელმა მთავარმა ნიკო დადიანმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა და რუსეთის ხელმწიფის სამსახურში გალია, თუმცა საკუთარი ხალხი არ დავიწყებია. პირიქით, რისი საშუალებაც გააჩნდა, მაქსიმუმს აკეთებდა ქართველებისა და საქართველოსთვის.
სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
ამბავი ქართველი პრინცისა, რომელიც კინაღამ ბულგარეთის მეფე გახდა
ერთხელაც, 1871 წელს (იმ დროს, როდესაც ბატონყმობა ახალი გაუქმებული იყო) იმერელ თავად-აზნაურთა ერთმა ნაწილმა ნიკო დადიანს იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვეს. ნიკო დადიანის მონდომებით ეს შეხვედრა შედგა. როგორც ჩანს, სამეგრელოს ყოფილი მთავარი ფიქრობდა, რომ ქართველ დიდებულებს იმპერატორთან ვიზიტი ეროვნული პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდებოდათ, მაგრამ მათ სულ სხვა სათხოვარი აღმოაჩნდათ.

„გთხოვთ ყმები უკან დაგვიბრუნოთ, რადგან ყანები აღარ მოგვდის, არც ბაღი და ბოსტანი გვარგებს, ყოველივე ფუჭდება... ყოველივე მარჯვე ხელს ითხოვს...“ — აი, ეს იყო მთელი მათი პრობლემა.

გაოცებულმა ხელმწიფემ იმერელ თავად-აზნაურებს უთხრა, თუ ასეა, თავად იმუშავეთო. მაგრამ ვიზიტორთა პასუხი კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდა:
„ჩვენ, ბატონო, არ გახლავართ შეჩვეული მუშაობას, ჩვენ ვერ ვიზამთ იმდენს, რასაც გლეხები აკეთებენ. მერე, ბატონო, არც გვეკადრება და საცინრათ გავხდებით...“
რაღა თქმა უნდა, იმპერატორმა არ შეისმინა მათი თხოვნა, არ დათანხმდა გამონაკლისის დაშვებას. გირჩევნიათ მუშაობას შეეჩვიოთ, გლეხებისგან ისწავლეთ შრომა და მაშინ აღარ წაგიხდებათ ყანები და ბაღ-ბოსტანიო, დაარიგა ალექსანდრე მეორემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაბრაზებულმა ნიკო დადიანმა ქართულად მიმართა დამსწრეთ:

„არა გრცხვენიათ თქვენ?! ეგ რაებზედ ილაპარაკეთ, მაგაზედ მეტი სათხოვარი არაფერი გქონდათ, თქვე ვირებო თქვენა! ან სკოლები არ გინდათ, ან ხიდები, გზები, ან სხვა ამგვარები. ეგ რა იყო, ვინ გასწავლათ და ვინ დაგარიგათ, რომ მაგაებზედ ილაპარაკეთ. რა გნებამთ, რა გინდათ, ყმების დაბრუნებას ელით? ეს აღარ იქნება, სირცხვილი თქვენთვის, რომ ასე შეირცხვინეთ თავი!..“

მართალია, გაკიცხულმა იმერლებმა კი დაირცხვინეს, მაგრამ ამით ხელიდან გაშვებულ შესანიშნავ შანსს, რაიმე ერგოთ ქვეყნისთვის, უკან ვეღარ დაიბრუნებდნენ.
***
სიყვარულის კოშკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ისტორიული მკრეხელობა: ამბავი სვანეთიდან გაუჩინარებული შეუფასებელი რელიგიური სიწმინდეებისა
1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. იმავე წლის 2 ნოემბერს რუსეთ-ოსმალეთის ომიც გამოცხადდა. რუსულმა არმიებმა შეტევები დაიწყეს ერზრუმის, ოლთისისა და ერევნის მიმართულებით. დიდი წარმატებებიც ჰქონდა რუსთა და ქართველთა მხედრობას. დეკემბერში კი თურქები შეეცადნენ გარდატეხა შეეტანათ ომის მსვლელობაში. ოსმალეთის სულთანმა მთავარსარდლობა ენერგიულ ენვერ ფაშას დააკისრა.
მთელი ძალებით დაიძრა ენვერ ფაშა სარიყამიშის მიმართულებით. იქ რუსთა არმია იდგა გენერალ მიშლაევსკის სარდლობით და... უცებ უკან გამობრუნდა, გამოიქცა სარდალი. მისმა გაქცევამ თავზარი დასცა თბილისსაც და მთელ ამიერკავკასიასაც. ქვეყანა პანიკამ მოიცვა. მეფისნაცვლის თანაშემწე მიშლაევსკიმ თბილისის ევაკუაცია მოითხოვა. სასახლეებიდან, ქარვასლებიდან, ბანკებიდან საქონელი და სალაროები გაჰქონდათ და რუსეთისკენ მიაქანებდნენ.
საფრთხე ელოდა ქართულ მუზეუმს და მის საისტორიო საგანძურს. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიძახა იროდიონ სონღულაშვილი და რეზო გაბაშვილი და განუცხადა – ყველა სამუზეუმო ნივთი სასწრაფოდ ყუთებში ჩავალაგოთ, ჩავჭედოთ და, თათრებს რომ არ დარჩეთ, კიევში წავიღოთო.
სკულპტურული კომპლექსი „საქართველოს ისტორია“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2017
კოტე აფხაზი: სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ...
კიევში რა უნდათ ჩვენს ნივთებსო?! — იყვირა სონღულაშვილმა. გაბაშვილმაც მას აუბა მხარი, ვინაიდან ეს ორივე ოსმალებსა და გერმანელებს საქართველოს განმათავისუფლებლებად მოიაზრებდნენ რუსეთისგან თავდასახსნელად. ამაოდ არწმუნებდა ექვთიმე თაყაიშვილი, თურქები დაგვღუპავენ და ეს საგანძურიც დაგვეკარგებაო, მაგრამ სონღულაშვილი თავისას გაიძახოდა – მხოლოდ ჩემს გვამზე თუ გადაიტანთ მუზეუმიდან ნივთსაცავსო. ბოლოს იმაზე შეთანხმდნენ, რომ კუბოები შეეკრათ, ძვირფასი ნივთები შიგ ჩაელაგებინათ და დიღომში, თვითონ იროდიონ სონღულაშვილის მამულში საიდუმლოდ დაეფლოთ.
ამასობაში მიშლაევსკიმ ქართველ თავად-აზნაურთა მარშალი კოტე აფხაზი დაიბარა და ახალი ფიცხელი ბრძანება გადასცა. კოტე აფხაზმა თავად-აზნაურთა საკრებულო შეჰყარა და ჩახლეჩილი, წამხდარი ხმით წაიკითხა ბრძანება:

„რუსის ჯარი სტოვებს კავკასიას, ქართველმა ხალხმა კი უნდა დაანგრიოს ხიდები, სახლები, გადაწვას ყანები და ბაღ-ვენახები და თვითონაც წაჰყვეს რუსის ჯარს, რათა შემოსულ მტერს საქართველო დახვდეს გაუდაბნოებული, საცა აღარ მოიპოვება აღარც სანოვაგე, აღარც ბალახი, აღარც ცხენი და ურემ-საქონელი და აღარც თვითონ ადამიანი. ამას ჩვენ მოვითხოვთ თქვენგან, თავადაზანაურობისა და ხალხისაგან — ყველგან საქართველოში, ყოველ მაზრასა და სოფელში. ხოლო რაც შეეხება თბილისსა და სხვა ქართულ ქალაქებს, მათზე ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ: ჩვენ მათ თვითონვე ისე ავაფეთქებთ, რომ მათგან ოსმალთა თავშესაფრად ქვა ქვაზედაც აღარ დარჩეს!“

აი, ამას ბრძანებდა კავკასიის ფრონტის შტაბის უფროსი, მეფისნაცვლის თანაშემწე სამხედრო საქმეებში, სამხედრო ისტორიის მკვლევარი, პროფესორი ალექსანდრე ზაქარიას ძე მიშლაევსკი. გენერალი თავისი ჭკუით „გადამწვარი მიწის ტაქტიკას“ მიმართავდა, რაც ადრე და თანაც არაერთხელ გამოუყენებია არაერთ ლეგენდარულ სარდალს (რამდენად ჰუმანურია ეს ტაქტიკა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში „გადამწვარი მიწის ტაქტიკა“ მტერთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული). უბედურება ის იყო, რომ ქართველთა შორისაც გამოჩდნენ ადამიანები, რომელთა გაიზიარეს გენერლის ეს ბარბაროსული აზრი. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ თავადი დავით გურამიშვილი. მან საკრებულოში გამოსვლისას ბრძანა:
„ბატონებო, რუსის ჯარი, რომელიც საქართველოს 115 წლის განმავლობაში იცავდა, ტოვებს კავკასიას. ახლა მთავარსარდალი აფეთქებს მხცოვან თბილისს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, შევასრულოთ მისი ბრძანება და გავყვეთ რუსის ჯარს. გავწყდეთ ყველანი და თუ ერთი ქართველიც აღარ დარჩა ცოცხალი, ისტორია მაინც უკვდავყოფს ქართველთა თავდადებას — იტყვიან, რუსეთის იმპერატორს ერთგული ხალხი ჰყოლია, ისეთი, როგორიც არის რაინდი ქართველი ერი, რომელმაც არაფერი დაზოგა და თავიც დასდო — პატარა სამშობლო დიდი მამულის სამსხვერპლოზედ მიიტანაო“.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2021
უფლისწულის სიკვდილის შემდეგ შერიგებული მეფეები და დასამარებული ქართული იმედი
ამ გამოსვლამ დიდი მღელვარება გამოიწვია საკრებულოში...
საბედნიეროდ, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა სარიყამიშთან სასტიკად დაამარცხა თურქები და თითქმის ასი კილომეტრით დაახევინა უკან. მაშინ საფრთხემ საბოლოოდ გაიარა, მაგრამ ისტორიის ფურცლებს შემორჩა ზოგი ქართველი არისტოკრატის სიმხდალე, რომლებსაც ცოტა დააკლდათ, რომ მთელი საქართველო გადაებუგათ.
***
კახეთის მეფე ალექსანდრე მეორემ ირანის შაჰისგან წერილი მიიღო — შაჰ-აბასი ალექსანდრეს ქალიშვილის ხელს სთხოვდა. ის კი სრულიად ბავშვი იყო, 11 წლისა თუ იქნებოდა. ცხადია, ალექსანდრეს არავითარ შემთხვევაში არ სურდა შაჰ-აბასის სიძეობა, მაგრამ საპასუხო წერილში შაჰის გადაწვეტილების გამო აღფრთოვანება გამოხატა და მაყრიონის დაუყონებლივ გამოგზავნა შესთავაზა. მერე კი კახეთის საზღვრებთან მისულ სპარსელებს ყაჩაღებად გადაცმული ჯარი დაახვედრა და შაჰის მაყრიონი გაწყვიტა.
მაშინ ალექსანდრეს ეგონა, რომ შაჰ-აბასს ჭკუით აჯობა. მაგრამ როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ირანის შაჰმა ისეთი „ილეთების“ კასკადი ჩაუტარა „ბებერ მგლად“ წოდებულ კახთ მეფეს, რომ ძირს დასცა იგი, მისი სამეფო კი ძირფესვიანად მოთხარა.
რა თქმა უნდა, შაჰ-აბასი ადრე თუ გვიან მაინც მოძებნიდა სხვა მიზეზს კახეთის ასაოხრებლად, მაგრამ ალექსანდრეს „გონებაგამჭრიახობამ“ კიდევ უფრო დააჩქარა კახეთის განადგურება. გაცოფებული შაჰი მანამ ვერ დაცხრა, სანამ ანგარიში არ გაუსწორა ალექსანდრეს და მისი სამეფო პირისაგან მიწისა არ აღგავა.
მონღოლი მხედრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2020
მარტყოფის ბრძოლა — მარცხი, რომელ აროდეს ენახა „ალაჰის ჩრდილს“
***
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოს მესვეურები აქტიურად ცდილობდნენ რუსეთის სამეფო კართან დაახლოებას, რათა საქართველოს დასამხმარებლად ჯარის გამოგზავნა დაჩქარებულიყო.
რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინას ფავორიტისა და მასთან ყველაზე დაახლოებული ჩინოვნიკის — ფელდმარშალ გრიგორ პოტიომკინის თავის მოსაქონად გარსევან ჭავჭავაძემ (რომელსაც მეფის კარზე საგარეო საქმეები ებარა) „საპოლიტიკო განაზრახი“ დაწერა და ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს წარუდგინა. თანაც მეფეს მოახსენა, პოტიომკინი საიმპერატორო კარზე გავლენიანი კაცია, იქნებ რითიმე მოვხიბლოთ, დავაინტერესოთ და თავი გამოვადებინოთ საქართველოს დასახმარებლადო.
„საპოლიტიკო განაზრახის“ თანახმად, ერეკლეს პოტიომკინისთვის უმრწემესი ასული, ანასტასია ბატონიშვილი უნდა მიეცა ცოლად, მზითვად კი მთლიანად ხევი და მთიულეთი უნდა დაეთმო. გარსევან ჭავჭავაძისეული გეგმით, დარიალ-ანანურის მხარეში „მცირე რუსეთი“ უნდა შექმნილიყო ჩრდილოელი სიძის საამებლად.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამნაირი „დამოყვრების პროექტი“ ერეკლემ დაიწუნა. ჯერ ერთი, ანასტასია ბატონიშვილს საქმრო ჰყავდა და ასეც რომ არ ყოფილიყო, ვინ იძლეოდა გარანტიას იმისა, რომ ასეთი გაუგონარი ძღვენის შემდეგ დიდგულა და ამპარტავანი ფავორიტი მართლა გამოიდებდა თავს საქართველოსთვის?
საუბედუროდ, მეფე ერეკლეს ბევრი უგუნური მინისტრი რომ ეხვია გარს, იმიტომაც მივიდა ქვეყანა კრწანისის კატასტროფამდე...
ყველა ახალი ამბავი
0