ამბავი ქართველი პრინცისა, რომელიც კინაღამ ბულგარეთის მეფე გახდა

© Pixabay / talpeanuსამეფო გვირგვინი
სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
დადიანთა სახლის უკანასკნელმა წარმომადგენელმა ნიკოლოზ დადიანმა საინტერესო ცხოვრება განვლო. მისი კანდიდატურა ბულგარეთის ტახტზეც კი განიხილებოდა და რომ არა ზოგი ევროპელი მონარქის წინააღმდეგობა, ამ ქვეყნის მეფე გახდებოდა

თუმცა ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ძის ბიოგრაფიაში იყო სხვა ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენებიც, რამაც სამეგრელოს ყოფილი თავადი რუსეთის იმპერიაში უპოპულარესი პიროვნება გახადა.

ნიკო დადიანმა ჯერ კიდევ ბაშვობისას მიიქცია საიმპერატორო კარის ყურადღება. 1858 წლის 30 მაისს პეტერბურგში, ისააკის ეკლესიის კურთხევის დროს გამართულ საგანგებო აღლუმში ქართველებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო 11 წლის ნიკო დადიანიც, რომელმაც ისე ფიცხლად, ისეთი სიკასკასითა და მოხერხებულობით გააჭენა ცხენი, რომ დიდებულთა და  თვით იმპერატორის აღტაცებაც კი დაიმსახურა.  

​აღფრთოვანებულმა ხელმწიფე ალექსანდრე მეორემ ნიკო ცხენდაცხენ გადაკოცნა, მერე კი იმპერატრიცას მიჰგვრეს, რომელიც ასევე დიდი ალერსით ეამბორა ბავშვს. სწორედ მაშინ გადაწყდა ნიკოს პეტერბურგში დაიტოვება და შესაფერისი აღზრდა-განათლების მიცემა.

სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ნიკოლოზ დადიანი 7 წლის იყო, როდესაც მამა მალარიით გარდაეცვალა. 1867 წელს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, სამეგრელოს სამთავრო გაუქმდა, თუმცა ნიკოს დაუტოვეს ტიტული „სვეტლეიში კნიაზ მინგრელსკი“ და მამისეული მიწები ზუდგიდსა და გორდში. დამატებით, კომპენსაციის სახით, ერთი მილიონი ოქროს მანეთიც უფეშქაშეს.

ნიკო დადიანი 27 წლისა დაქორწინდა. მან ცოლად იმპერატორთან დაახლოებული პირის, მინისტრ გრაფ ალექსანდრე ადლებერგის ქალიშვილი შეირთო. ქორწილი ევროპაში გაიმართა და მაშინვე დიდ მოვლენად იქცა. მასმედიის მიერ ამ ქორწინებისადმი გამოჩენილ ინტერესსა და ყურადღებას თუ გავითვალისწინებთ, სამეგრელოს პრინცის ქორწილს ალბათ ბრიტანეთის პრინც ჩარლზისა და ლედი დაიანა სპენსერის ქორწინება თუ შეედრება.

​​ამის შემდეგ იყო წარმატებული სამხედრო კარიერა. ქართველი თავადი, გარდა იმისა რომ მაღალი კვალიფიკაციის ოფიცერი გახლათ, იყო ძალიან მამაცი, სხარტი გონებისა და ფიზიკურად ძლიერი მეომარი. ამისი დასტურია 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთი ომი, რომელშიც ნიკო დადიანმა დიდად ისახელა თავი.

დადიანი თავის პოლკთან  ერთად ბალკანეთში გადაისროლეს. რუსეთის არმიას ბულგარეთის მისადგომებამდე სერიოზული წინააღდეგობა არ შეხვედრია. ისინი ოსმალთა გააფთრებულ წინააღმდეგობას ბულგარეთის მიწაზე წააწყდანენ. ამ ომში ყველაზე გამწყვეტი მნიშვნელობა შიპკის უღელტეხილისთვის გამართულ ბრძოლას ჰქონდა — ვისაც ეს სტრატეგიული სიმაღლე დარჩებოდა, ომშიც ის გაიმარჯვებდა.

ოსმალები სისხლის უკანაკნელ წვეთამდე იბრძოდნენ შიპკისთვის. მათი მიზანი იყო, არავითარ შემთხვევაში არ გადაეტარებინათ რუსული არმია უღელტეხილზე, თორემ გაშლილ ველზე გასულ, იმ დროისათვის საუკეთესოდ შეიარაღებულ რუს მეომრებსა და რუსულ არტილერიას, წინ ვეღარაფერი დადგებოდა და ოსმალთა დედაქალაქი სტამბოლიც მათ დარჩებოდა.

რუსეთის ჯარებმა შიპკის უღელტეხილი დაიკავეს. სტრატეგიული პუნქტი ზღვის დონიდან 1185 მეტრზე, სტარა-პლანინას მთებში მდებარეობდა და სტამბოლისაკენ უმოკლესი გზა სწორედ მასზე გადიოდა. თურქეთის სარდლობამ იქითკენ სასწრაფოდ გადაისროლა სულეიმან ფაშას არმია, რათა შიპკა დაეკავებინა, შემდეგ კი თურქულ შეიარაღებულ ძალებს შეერთებოდა.   

უღელტეხილის შტურმი 1877 წლის 21 აგვისტოს, დილის 7 საათზე დაიწყო. გამარჯვებაში დარწმუნებული სულეიმან ფაშა 22 აგვისტოს საღამოს სულთანს  ფირმანში წერდა:

„რუსებს არ აქვს ძალა, წინააღმდეგობა გაგვიწიონ, ისინი ხელიდან ვერ დაგვიხლტებიან. თუ ამაღამ მოწინააღმდეგე თავს გაქცევით არ უშველის, ხვალ დილით მე მათ გავსრეს“.

მაგრამ ბრძოლამ დიდხანს გასტანა. 17 სექტემბერს ოსმალებმა უღელტეხილზე კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში, თუმცა უშედეგოდ.

ოსმალების დაუსრულებელმა შეეტევებბმა შიპკის დამცველ რუსთა რიგები ძალიან დააზარალა. საჭირო იყო დამატებითი ძალები. სწორედ ამ დროს მოხდა ფრონტზე მნიშვნელოვანი გარღვევა, რამაც ომის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. იმპერატორის ბრძანებით, მაიორი ნიკო დადიანი, რომლის პოლკმაც დუნაის სანაპირო ოსმალებისაგან გაწმინდა, შიპკის უღელტეხილის დამცველებს შეუერთდა. ეს იყო მთელი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა.

​თავადმა მინგრელსკიმ ისე ისახელა თავი, რომ ოქროს მახვილით, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის და წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, გენერალ- მაიორობაც უბოძეს.

სხვათა შორის, იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით „ნიკო-პოლკა“, რომელიც გმირ ქართველ თავადსა და მის სახელოვან პოლკს მიეძღვნა.

ამ ომში სწორედ ნიკო დადიანის პოლკელმა ქართველებმა თურქებს ხელიდან გამოგლიჯეს გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ XI  საუკუნეში აგებული პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერი. იქ მოღვაწე ბულგარელმა ბერებმა ღვთის ნებად მიიჩნიეს ის, რომ ქართველთა აგებული მონასტერი ურჯულოებს ისევ ქართველებმა წაართვეს.

შიპკის გმირულმა ბატალიამ ომის ბედი გადაწყვიტა — რუსეთის არმიას გზა გაეხსნა სტამბოლისაკენ. შეშინებულმა ხონთარმა იკადრა და რუსთთან მისთვის არახელსაყრელი ზავი დადო — „ბრწინვალე პორტა“ ძალიან დიდ დათმობებზე წავიდა.

ზუგდიდი, დადიანების სასახლე. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2017
ლევან II დადიანი - „კაცი ამაყი, ულმობელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი და უებრო მხედართმთავარი“

სწორედ ამ ომის შემდეგ აღდგა ბულგარეთის სახელმწიფოებრიობა. შიპკის უღელტეხილის დამცველები ბულგარეთის ეროვნულ გმირებად იქცნენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა „სვეტლეიში კნიაზ მინგრელსკი“. ამიტომაც, როდესაც 1886 წლის 21 აგვისტოს ბულგარეთის სამეფო ტახტიდან ალექსანდრე ბატენბერგი ჩამოაგდეს და მის ნაცვლად რუსეთის იმპერატორმა ნიკო დადიანის კანდიდატურა წარადგინა, ბულგარელები ამას სიხარულით შეხვდნენ. თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: ბულგარეთისთვის სისხლდაღვრილ დადიანს, რუსეთის გარდა, მხარს გერმანია და ოსმალეთიც უჭერდნენ, სამაგიეროდ ავსტრია-უნგრეთი, საფრანგეთი და ინგლისი ეწინააღმდეგებოდნენ — ეს ქვეყნები დადიანის გამეფებაში ბალკანეთზე რუსული გავლენების გაძლიერების საფრთხეს ხედავდნენ. რუსეთის მთავრობამაც აღარ გაამწვავა სიტუაცია, ევროპის წამყვან ქვეყნებთან კონფლიქტს მოერიდა და უკან დაიხია. ბულგარეთის ტახტზე კი ავსტრიელი პრინცი ფერდინანდ კობურგელი ავიდა.

სხვათა შორის, ნიკო დადიანს ამაზე მაინცადამაინც არ დაწყვეტია გული. ის იმთავითვე ღიმილით შეხვდა მისი კანდიდატურის დაყენებას: კავკასიაშიც ბევრს გაუკვირდება ჩემი კანდიდატობა; დარწმუნებული ვარ, ჩვენში ხალხი მამასახლისადაც არ ამირჩევდა. რუსეთს კი სხვა აზრი ჰქონია ჩემზეო, ასე ამბობდა.

ხავსმოდებული ლოდები და ყაყაჩოები  - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2019
დედოფლის სიჯიუტით გაუქმებული სამთავრო: სამეგრელოს აჯანყება

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ დადიანმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი  საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა, როგორც გიორგი თუმანოვი წერდა, „თუ სათანადო შემთხვევა ხელთ ეძლეოდა, მან იცოდა სამშობლო ქვეყნის ინტერესების დაცვა“.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა 1885 წელს დადიანთა სამთავრო კარის უმდიდრესი ბიბლიოთეკა (179 ტომი, მათ შორის იყო X–XI საუკუნეების მანუსკრიპტებიც) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უსახსოვრა.

ნიკო დადიანი აქტიურად გამოეხმაურა ქართველი თავადაზნაურობის ინიციატივასასაც, ართველებისთვის ათონის ივერთა მონასტრის დაბრუნების თაობაზე. დავით ჩუბინაშვილთან და ალექსანდრე ცაგარელთან ერთად, მან ეს საკითხი სინოდის ობერპროკურორის, კონსტანტინე პობედონოსცევის წინაშეც კი დააყენა. ყოფილი გენერალი მზად იყო, ამისათვის საჭირო სახსრები თავადვე გაეღო, თუმცა არ დასცალდა: სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი 1903 წლის 24 იანვარს პეტერბურგში გარდაიცვალა...

ყველა ახალი ამბავი
0