ჩემი გვარის ფესვების სამეგრელოს მთავრებთან ნათესაობამ გადამაწყვეტინა უწინდელი ოდიშის ისტორიაში ჩამეხედა და ერთი უაღრესად საინტერესო პიროვნების შესახებ მომეთხრო. არაორდინალური, წინააღმდეგობებით აღსავსე ლევან II დადიანი, თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი ყველა უარყოფითი და დადებითი თვისებით გახლდათ შემკული. მიუხედავად ბევრი შეცდომისა მან მოახერხა და ისტორიაში შევიდა როგორც ნიჭიერი პოლიტიკოსი და მამაცი მხედართმთავარი.
ლევანი იზრდებოდა კახეთში, თავისი პაპის, ალექსანდრე II–ის ოჯახში. სადაც შაჰ–აბასის მუხანათური პოლიტიკის სისტემას ის პატარაობიდან ეცნობოდა. კახეთის მეფის კარზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ოსმალეთის და მოსკოვის მეფის დიპლომატები. გაბატონებული იყო თვალთმაქცობა, მლიქვნელობა და ყოველგვარი სიბოროტე. ასეთ პირობებში აღზრდილ ლევან დადიანსაც ახასიათებდა ცბიერება და სიმკაცრე, რაც იმ ეპოქის პოლიტიკური ბრძოლის ერთ–ერთ საშუალებად იყო მიჩნეული. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილი ლევანს საკმაოდ მწარე სიტყვებით მოიხსენიებს — ბოროტი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის–მომხსენეო ამბობს. მაგრამ ამასთანავე ლევან დადიანი იყო ნიჭიერი მთავარი, უშიშარი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოხერხებულად იბრძოდა თავისი სამთავროს გაძლიერებისათვის იმ ხერხებითა და საშუალებებით, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული.
1611 წელს, ნადირობისას, მამამისი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და 14 წლის ლევანს ოდიშის მთავრის მოვალეობის შესრულება მოუხდა. ამ თანამდებობას იგი სიკვდილამდე ანუ 46 წლის მანძილზე იკავებდა. ლევანს მისი თანამედროვე იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ასე ახასიათებს: „ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან რომ სწავლა–განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე ჩვეულება. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშობისათვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ ყოველ ომში იგი იმარჯვებს.“
გაძლიერებული ლევანი თავის თავს ხელმწიფესა და მეფეს უწოდებდა. მისი ოცნება იყო იმერეთის სამეფოს დაპყრობა, დასავლეთ საქართველოს თავისი მფარველობის ქვეშ გაერთიანება და მეფობის მიღება. ამიტომ ლევანი დიდ ყურადღებას აქცევდა სამხედრო ძლიერების შექმნას. მან გაიჩინა არტილერია, ჩამოასხმევინა „ერთს ფრანგს“ 30 ზარბაზანი. შეიძინა თოფები, წვრთნიდა მოლაშქრეებს.
ოდიშში მან ალაგმა ურჩი თავადები, აღკვეთა ქურდობა, განამტკიცა მართლ–მსაჯულება და ამგვარად დაამყარა მტკიცე მმართველობა. ზუგდიდში ლევანმა განმართა ზარაფხანა და აქ იჭრებოდა სპარსული ფული. იგი ხელს უწყობდა სამთავროს ეკონომიკურ დაწინაურებას და ვაჭრობისა და ხელის შეწყობის მიზნით რუხში დაასახლა სომეხი და ებრაელი ვაჭრები.
საგარეო საქმეში ლევანი აწარმოებდა ისეთ მოხერხებულ პოლიტიკას, რომ მას ოსმალეთ–ირანისაგან საფრთხე არ მოელოდა. ლევან დადიანმა დაიწყო მოსკოვის მეფე მიხეილ თეოდორეს ძესთან დიპლომატიური მოლაპარაკება რუსეთის მფარველობის შესახებ. 1626 წელს მოსკოვში ელჩად გაგზავნილი ვინმე გაბრიელი, რუსთა მეფეს არწმუნებდა, რომ ლევანი საქართველოში ყველაზე ძლიერია, იგი ხარკს არავის აძლევს და მის სამთავროში ხუთი ქვიტკირის ქალაქიაო. მან დააარსა საოქრომჭედლო სახელოსნო, საიდანაც ქართული ჭედურობის მრავალი საინტერესო ნიმუში გამოვიდა. მანვე შეაკეთა და შეამკო ოდიშის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი.
ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპული გარდაქმნის აუცილებლობა; იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს. ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში.
ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისათვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე გადააწერინა მამუკა თავაქარაშვილს რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი", რომელიც ამჟამად პოემის უძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს. ლევანის მოღვაწეობის წლებში იქმნებოდა დიდი რაოდენობით ეპიგრაფიკული ძეგლები. მართალია, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ლევანი ხშირ შემთხვევაში ულმობლობას იჩენდა, მაგრამ მას მაინც სამართლიანად მიიჩნევენ დიდ ქართველად, რადგან ოდიშის განვითარებითა და მისი კულტურული საგანძურის შენარჩუნებით სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული. ეკონომიკის მოდერნიზაციის გარდა, იგი ისტორიული ხელნაწერების კონსერვაციითაც იყო დაკავებული და მრავალ ახალ მშენებლობასაც აფინანსებდა. მას სიყვარულით მოიხსენიებენ იმის გამოც, რომ წყაროებთან ოქროსა და ვერცხლის თასებს დებდა, რათა წყალი ყველას ამ ძვირფასი სასმისებიდან დაელია. საინტერესოა, რომ არავის არასოდეს გაუბედავს მათი მოპარვა.