საინტერესო ფაქტები, ანუ იცით თუ არა, რომ...
© Pixabay / mohamed_hassanადამიანი ანთებული ნათურის თავით
© Pixabay / mohamed_hassan
გამოწერა
იცით, რამდენჯერ დაესხნენ თავს მოსაკლავად საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლს? ან ის თუ გსმენიათ, რომ ძველი ბერძნები ადამიანს გაუნათლებლად მიიჩნევდნენ, თუ მან ცურვა არ იცოდა?
ამ და სხვა საინტერესო ფაქტებს „Sputnik საქართველოს“ ავტორმა, ვანო სულორმა მოუყარა თავი, რათა თავისუფალი დრო შემეცნებითი მასალის კითხვას მოვახმაროთ და ცოდნის მარაგი შევივსოთ.
მაშ ასე, იცით თუ არა, რომ:
ცნობილმა ესპანელმა მწერალმა მიგელ დე სერვანტეს საავედრამ 1571 წელს, ლეპანტოს ბრძოლაში, მარცხენა ხელი დაკარგა და თურქებს ჩაუვარდა ტყვედ.
საავადმყოფოების მფარველი ჰოსპიტალიერების ჯვაროსნული ორდენის თეთრ დროშაზე წითელი ჯვარი იყო გამოსახული. მედიცინაში ეს სიმბოლო სწორედ აქედან სამკვიდრდა.
ძველ ეგვიპტეში, აღებული ფულის სანაცვლოდ, კრედიტორებს მამის მუმიფიცირებულ სხეულს უტოვებდნენ. მისი გამოუხსნელობა კი უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა.
იტალიელმა ვაჭარმა და მოგზაურმა მარკო პოლომ მაკარონი ჩინეთიდან ჩაიტანა ქვეყანაში 1271 წელს. გენუის არქივში ინახება დოკუმენტი, რომელშიც ერთი იტალიელი მეომრის პირადი ნივთების ნუსხაა აღწერილი, რომელთა შორის მაკარონიცაა მოხსენიებული.
ძველად ბარბაროსებს შარვლით ცნობდნენ. რომაელებისა და ძველი ბერძნებისთვის შარვალი უცხო რამ იყო.
კარატი თავდაპირველად ნიშნავდა საკმეველი ხის მარცვლით განსაზღვრულ ფართობს. მაგალითად: ოთხი კარატი უდრიდა ფართობს, რომელზედაც ოთხი ასეთი მარცვალი ეტეოდა.
მილიონი წლის წინ ადამიანთა წინაპრები არ იყოფოდნენ მემარჯვენეებად და ცაციებად. ეს იმიტომ, რომ ისინი ორივე ხელს ერთნაირად ხმარობდნენ, ანუ „ამბიდექსტრები იყვნენ.
კორიდის სამშობლოდ ესპანეთია აღიარებული, მაგრამ კუნძულ კრეტაზე, ერთ-ერთ ნანგრევზე, ძველი წელთაღრიცხვის XIIსაუკუნის ნახატია შემორჩენილი: საბრძოლველად შემართული ხარი და ამ ხართან „მოცეკვავე“ ახალგაზრდა ყმაწვილი, წვრილი დაშნით ხელში.
მთა ფუძიამა კუნძული იყო, რომელიც ვულკანური აქტიურობის შედეგად კუნძულ ჰონსიუს შეუერთდა.
მზესა და დედამიწას შორის საშუალო მანძილი 150 მილიონი კილომეტრია. მზის სინათლესჩვენამდე მოსაღწევად სულ რაღაც 8 წუთი და 19 წამი სჭირდება. ბგერა კი უფრო ნელა მოძრაობს. მაგალითად, შესაძლებელი რომ იყოს და მზეზე ზარბაზანი გაისროლონ, მისი ხმა 14 წლის შემდეგ მოაღწევდა ჩვენს ყურამდე.
საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლს 1944 -დან 1966 წლამდე 30-ჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ ტერორისტებს ყველა ჯერზე მოეცარათ ხელი.
ძველ ეგვიპტეში არ დადიოდნენ ცხენით. ისინი მათ მხოლოდ ეტლში აბამდნენ.
ძველი ბერძნები ადამიანს გაუნათლებლად მიიჩნევდნენ, თუ მან ცურვა არ იცოდა. გაუნათლებელი ადამიანი კი ღირსეულ თანამდებობას ვერ დაიკავებდა.
ბასტილიის ციხეში ფრანგული ენციკლოპედიაც „იხდიდა სასჯელს“. წიგნს რელიგიისა და საზოგადოებრივი მორალისთვის ზიანის მიყენება ედებოდა ბრალად.
ამბობენ, რომ, სანამ რაიმეს იწინასწარმეტყველებდა, ნოსტრადამუსი სხეულს უძილობით იტანჯავდა, რის გამოც ჰალუცინაციები ეწყებოდა. სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი იწერდა საკუთარ კატრენებს.
ჩინგის ყაენმა თავისი მტრის— ჯამუხას ერთგული ნოინები ქვაბში ცოცხლად მოახარშვინა და შემდეგ მათი ხორცი ძაღლებს მიუგდო შესაჭმელად.
ქართულ მხატვრულ ფილმ „აკაკის აკვანს“ მგოსნის მშობლიურ საჩხერეში იღებდნენ. ოპერის ცნობილი მომღერალი მიხეილ ყვარელაშვილი მოხუცი აკაკის როლს ასრულებდა. ერთ დღესაც მას გრიმი გაუკეთეს და აკაკი წერეთლის მოურავის მეუღლეს, 95 წლის ქალს აჩვენეს, გვარად აბდუშელიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა ყველაფერი იცოდა, მსახიობის დანახვაზე მაინც გულწასული გადმოვარდა სკამიდან, იმდენად დიდი იყო ოპერის მომღერლის მსგავსება დიდი ხნის წინ გარდაცვლილ მგოსანთან.
ფილიპინელებს ორი სახელმწიფო დროშა აქვთ: ერთი მშვიდობიანი დროისთვისაა განკუთვნილი, მეორე — ომიანობისათვის.
გოლფის შექმნა შოტლანდიას უკავშირდება. იქაური მწემსები კურდღლის სოროებში ქვების ჩაყრით ერთობოდნენ და ასე გაჩნდა ეს თამაში.
1399 წელს ინგლისის მეფემ ჰენრი IV-მ „აბანოს ორდენი“ დაარსა. მისი წევრობა იმხანად დიდი პატივი იყო, ვინაიდან მხოლოდ ამ ორდენის წევრებს ჰქონდათ ყოველდღე ბანაობის პრივილეგია.
მონმარტრი — პარიზის ბოჰემური უბნის სახელი, ერთ-ერთი ვერსიით, Mons Martyrium-დან წარმოდგება, რაც „მოწამის მთას“ ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ მთაზე მოკვეთეს თავი არქიეპისკოპოს წმინდა დიონისეს, რის შემდეგაც დაერქვა კიდეც „მოწაის მთა“, ანუ მონმარტრი.