სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებენ: ფინანსთა მინისტრის განმარტება

© Pixabay / PIRO4Dკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე მზადაა და ფინანსთა სამინისტრო მის მისაღებად საქართველოს პარლამენტთან მუშაობას დაიწყებს
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ახალი მექანიზმი ამოქმედდება. ახალი რეგულაციებით, განაწილებული მოგების ნაცვლად, დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
საქართველოში ახალი „თავისუფალი ზონები" გაჩნდება
საქართველოში ონლაინკაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. პირველ ეტაპზე ქვეყანაში იგეგმება ონლაინკაზინოსთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერის აწევა 25 წლამდე. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ყველა ონლაინკაზინოს მუშაობის სრულ აკრძალვას. ღარიბაშვილის სიტყვებით, საქართველოდან ყოველწლიურად ონლაინკაზინოში წაგებული 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.
პრემიერის დავალებით, ცვლილებების პროექტი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.
„ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება როგორც ონლაინთამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).
გარდა ამისა, განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება:
სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
საჯარო მოხელეებს;
პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით ;
პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან, მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.
აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის წესი, ასევე, მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის რეკლამა ტელევიზიაში, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
კომპიუტერული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივას ოპოზიცია მხარს უჭერს
ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორციელება.
შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე და ფინანსთა სამინისტრო უკვე დაიწყებს მუშაობას საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული კანონპროექტის მიღებაზე.
აზარტული თამაშები - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავალი უსწრებს ბანკების შემოსავალსაც კი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ათამდე ონლაინკაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
ოფიციალური სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ლუდომანია საქართველოში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
საქართველოს თითქმის ერთ მილიონ მოქალაქეს აზარტულ თამაშებს აუკრძალავენ
საქართველოს ხელისუფლება ამ სენს დიდი ხანია ებრძვის. ქვეყანაში 2005 წლიდან მოქმედებს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სწორედ ის არეგულირებს კაზინოების, ტოტალიზატორების, სლოტკლუბებისა და სხვა გასართობი ადგილების მუშაობას.
კანონის მიხედვით, 21 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შესვლა სამორინესა და აზარტულ კლუბში აკრძალულია, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ გართობა სათამაშო აპარატების სალონებში. არასრულწლოვანს არ შეუძლია ონლაინკაზინოში დარეგისტრირება. თუმცა რეალურად ამის გაკეთება პირს სხვა ადამიანის პირადი ნომრითაც შეუძლია.
ხელისუფლებას, ბუნებრივია, ესმის, რამდენად მწვავეა ეს პრობლემა მოსახლეობისთვის. მაგრამ დღემდე კანონმდებლობის გამკაცრების ყველა მცდელობა ჩაიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0