რატომ ძვირდება ცხოვრება და როდიდან დაიწევს ფასები?

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
ინფლაცია საქართველოში ათწლიან მაქსიმუმზეა. ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორია სახელისუფლებო გუნდისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა მოკლე- და საშუალოვადიანი პროგნოზი?
ვიცი, რომ იცით, არ ვარ გუნდიდან „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“. რამდენიმე დღის წინ ვწერდი, რომ თვიდან თვემდე ყველა მიმართულებით ფასების ზრდის მიზეზებსა და უახლოეს მომავალში ინფლაციის შესაძლო ტენდენციებზე მსჯელობით ერთ-ერთი მორიგი სტატიით დაგიბრუნდებოდით. ჰოდა, გადავწყვიტე პირობა შევასრულო.
ბოლო ოთხი თვეა საქართველოში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება და უკვე ათწლიან მაქსიმუმზეა. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12,8 პროცენტი შეადგინა, რაც თითქმის 4,5-ჯერ აჭარბებს მიზნობრივს და თითქმის ორჯერ ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის აპრილში 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე კორექტირებულ, გაზრდილ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეროვნული ბანკი და მთავრობა მზარდი ინფლაციის მიზეზებად საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე გარე ფაქტორების, კერძოდ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და სხვა პროდუქტების, განსაკუთრებით კი ნავთობის გაძვირების ნეგატიურ გავლენას ასახელებენ. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელების შეფასებით, გარე ფაქტორებს ქვეყნის შიგნით ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაერთო, რამაც ინფლაციის ზრდა შეუქცევადი პროცესი გახადა. მათივე თქმით, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმაც, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. სახელმწიფო მოხელეთა მოსაზრებებსა და შეფასებებს ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობა ეთანხმება. ეს ის შემთხვევაა, როცა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე მთავრობასა და ანალიტიკოსებს შორის კონსესუსია. საინტერესოა, განსხვავდება თუ არა მათი პროგნოზი, ვის რისი მოლოდინი აქვს მოკლე- და საშუალოვადიან პერიოდში?
პროდუქტები - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
რაზე მეტყველებს ციფრები?.. ანუ პანდემიური ეკონომიკის კალეიდოსკოპი...
ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ინფლაციის მაჩვენებლის კლებას მომდევნო წლის ბოლოს ელოდება. ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაცია მთელი მსოფლიოს პრობლემაა, რაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის შედეგია. „საქართველოში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. მომდევნო წლის მარტიდან, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის პარალელურად, ჩვენ ველით ინფლაციის მაჩვენებლის კლებას და წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მოგეხსენებათ, ფასების სტაბილურობაზე მთავარი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება. კობა გვენეტაძის უწყება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, პირველ რიგში კი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს ინფლაციის მოთოკვას. მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვდეთი ორი პროცენტული პუნქტით, 8 პროცენტიდან 10 პროცენტამდე უკვე გაზარდა. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის სიდიდით საქართველოს რეგიონში მეორე ადგილი უკავია. გაცილებით მაღალია რეფინანსირების განაკვეთი თურქეთში. დავძენ, ჩვენს რეგიონში ინფლაციის მაჩვენებლითაც პირველ და მეორე ადგილებზე თურქეთი და საქართველო არიან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მართალია, ინფლაციურ პროცესს ამუხრუჭებს, მაგრამ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გასაცემ საკრედიტო რესურსს, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკური საქმიანობის დაკრედიტებისთვის არის გათვალისწინებული.
რას ვარაუდობენ ეროვნულ ბანკში, როგორია ქვეყნის მთავარი ბანკირის პროგნოზი? − ჩამეძიება მკითხველი. კობა გვენეტაძის უწყებაში მოელიან, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, ხოლო გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გარე ფაქტორები თანდათან მიილევა და წლიური ინფლაცია უკვე მარტიდან შემცირდება, თუმცა არა იმდენით, როგორი მოლოდინიც ადრე იყო.
Обменный пункт - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
საით და რატომ იხრება ლარი?..
„ვვარაუდობდით, რომ წლიური ინფლაცია მარტში 6 პროცენტამდე შემცირდებოდა, თუმცა მას შემდეგ ფასებმა საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდა განაგრძო. ამიტომაც დღეს ვფიქრობთ, ეს შემცირება არ იქნება იმ მოცულობის, როგორი გათვლებიც ჩვენ ადრე გვქონდა“, − აცხადებს კობა გვენეტაძე. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს საკმაოდ გამკაცრებული აქვს მონეტარული პოლიტიკა და თუ უწყებამ მიიჩნია, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, ეროვნული ბანკი ამ ზომებს მიიღებს. მათ შორის ეს შესაძლოა იყოს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაძვირება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 8 დეკემბერს შეიკრიბება და გაირკვევა რეფინანსირების განაკვეთის რა ნიშნულით შეხვდება საქართველო ახალ წელს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მომდევნო წლიდან რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. წლის პირველ ნახევარში ის დაახლოებით 9 პროცენტი, წლის მეორე ნახევარში კი 7,75–8 პროცენტი უნდა გახდეს. ეს პროგნოზი ინფლაციის შემცირების ოპტიმისტურ გათვლებს ემყარება. საინტერესოა, როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა პროგნოზი და შეფასებები?
Эпидемия коронавируса - прохожие на улице в масках - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
პოლიტიკური იწილო-ბიწილო და კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება
კობა გვენეტაძის უწყების პროგნოზს მომავალი წლიდან რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით შემცირების თაობაზე ანალიტიკურ წრეებში ძირითადად იზიარებენ, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ, ინფლაციის დღეს არსებული მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მომავალი წლის პირველ ნახევარში შერბილება ნაკლებად სავარაუდოა. არის მოლოდინი, რომ 2022 წლის მარტიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, მაგრამ ინფლაცია გლობალური პრობლემაა და საქართველოში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის ნახევარი საგარეო ფაქტორებისგან მომდინარეობს. მოკლე- და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების და, შესაბამისად, საქართველოში ამ პროცესზე ეროვნული ბანკის შესაძლო რეაგირების პროგნოზირებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მაღალია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის ხარისხი და არც ის არის გამორიცხული, მსოფლიოს ინფლაციის ახალმა ტალღამ გადაუაროს. ასეთ ვითარებაში ექსპერტების ერთი გჯუფი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
მზარდი ინფლაცია და უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი...
ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელოდება. მათი შეფასებით, დღეს არსებული ვითარება ეროვნულ ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნებისკენ უბიძგებს. როგორც ანალიტიკოსი გიორგი პაპავა აცხადებს, დღეს ინფლაციისთვის ზედმეტი ყურადღების დათმობა მიზანშეწონილი არ არის და გაცილებით საყურადღებოა ეკონომიკური პოლიტიკის პროგნოზირებადობა, მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი ზრდის შენარჩუნება და COVID-19-ის პანდემიის როლის გაანალიზება ამ პროცესში. მისი თქმით, საქართველოს მსგავსად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ცდილობენ ინფლაციის ტემპის შენელებას, თუმცა ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკის აღდგენაზე. არადა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება უნდა იყოს პრიორიტეტი.
აკადემიურ წრეებში იმაზეც საუბრობენ, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა უკვე თავისი დრო მოჭამა. როგორც პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, ეს უკვე მოძველებული სისტემაა. ის არა მარტო საქართველოში, არამედ პრაქტიკულად ვერსად ამართლებს. ამიტომ საუბარია ამ სისტემის შეცვლაზე. ეს ის ამოცანაა, რომელიც საქართველოს კომპეტენციას გარკვეულწილად სცდება. ამაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდია. სავარაუდოდ, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია.
„არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ხომ ფაქტია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი გვაქვს, ხოლო ინფლაცია 13 პროცენტამდე აღწევს. მაშასადამე, ეს მექანიზმი არ მუშაობს. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციით და უფლებამოსილებით ამ მიმართულებით პრინციპულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, ვიდრე გლობალურად არ შეიცვლება მიდგომები“, − განაცხადა ლადო პაპავამ. მისი თქმით, მანამდე კი ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვაში მეტი მოქნილობა სჭირდება. მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ინფლაცია შემცირდება ერთ წელიწადში, ან, თუნდაც, ექვს თვეში, საკმარისი არ არის. ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რა სიახლეა საფინანსო ბაზარზე და რას მოუტანს ის საბანკო სექტორს?
მათ საყურადღებოდ, ვინც ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება, ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მომდევნო სამ წელიწადში წლიურად მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი/ევროს შემოდინებაა საჭირო, რათა ინფლაცია 3 პროცენტის ნიშნულს დაუბრუნდეს. ეს კი დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, მონეტარული და ეკონომიკური ტურბულენტობის ფონზე უტოპიაა. მისივე თქმით, ინფლაცია 13,05 პროცენტამდე გაიზრდება, საშუალოდ 16,7 პროცენტით მოიმატებს ფასები სამომხმარებლო კალათის პროდუქტებზე. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ლარი ოთხი პუნქტით გაუფასურდება.
„როდესაც 35 მილიარდი ლარი უკვე ვალი გვაქვს და მომავალ წელს 4,5 მილიარდი ლარის კიდევ სესხებას ვაპირებთ, ეს იმას ნიშნავს, აი ახლა, ამ წამს ბავშვი რომ დაიბადა, 2021 წელს მისი ვალი 8500 ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წელს რომ დაიბადება, ვალი უკვე 9200 ლარი ექნება. როცა ოჯახში ეკონომიკური კრიზისია, ოჯახი იწყებს ხარჯების შემცირებას და არა ვალის აღებას. ჩვენ ვალსაც ვიღებთ და დამატებით მომავალ წელს 183 მილიონი ლარით ვზრდით ადმინისტრაციულ ხარჯს“, − წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.
და, ბოლოს, მიუხედავად იმისა, მოკლე- და საშუალოვადიან პერიოდში ვის როგორი მოლოდინი აქვს, ინფლაცია მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის მთავარ და ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0