https://sputnik-georgia.com/20211029/mzardi-inflacia-261604429.html
მზარდი ინფლაცია და უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი...
მზარდი ინფლაცია და უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი...
Sputnik საქართველო
ინფლაციის სიდიდით საქართველო მსოფლიოში პირველ ოცეულშია, რეგიონში კი – მეორე. მზარდი ინფლაციის პირობებში ანალიტიკურ წრეებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას... 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T18:57+0400
2021-10-29T18:57+0400
2021-10-30T10:17+0400
ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485819_456:202:2496:1349_1920x0_80_0_0_be2644927d1d80b54d95774fca910c8f.jpg
მოლოდინი აშკარად სხვაგვარი იყო. რას გულისხმობ? – შესაძლოა ამთავითვე ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ. რამდენიმე წელია საქართველოში ინფლაცია მკვეთრად იზრდება და დღეისათვის ორჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის აპრილში 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე კორექტირებულ, გაზრდილ მიზნობრივ მაჩვენებელს.საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკით, ინფლაციის სიდიდით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. რეგიონში ჩვენს ქვეყანას თურქეთის შემდეგ მეორე პოზიცია უკავია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ამ მძიმე მონაცემებს ქვეყნის მთავარი ბანკირი გამოეხმაურა.„საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, COVID-19-ის პანდემიამ კი მობილობა სრულიად შეზღუდა და საქართველო განსაკუთრებით დაზარალდა. 2019 წელს ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 12 პროცენტი იყო. ეს მაჩვენებელი გასულ წელს 2 პროცენტამდე შემცირდა. შესაბამისად, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველოსთვის შოკი უფრო დიდი და საგრძნობია. ამავდროულად ქვეყანაში 2020 წელს ფისკალური დეფიციტი 9 პროცენტზე მეტი იყო და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის, მაგრამ ამას წინაპირობებიც გააჩნია“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.დიახ, ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, კერძოდ, ორნიშნა. გამონაკლისი არც სექტემბერი იყო. ინფლაციამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,3 პროცენტი შეადგინა და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა. მეტიც, მათი დიდი ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის არა 0,5 არამედ 1 პროცენტით გაზრდას ვარაუდობდა. მოვლენები კი სხვაგვარად განვითარდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.კობა გვენეტაძის უწყების შეფასებით, ინფლაციის დონეს ძირითადად 2020-2021 წლების გლობალური ფაქტორები განაპირობებს. ეს არის მსოფლიო ბაზრებზე ამერიკული დოლარით გამოხატული სურსათისა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების საკმაოდ მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება.როგორია მომავლის პროგნოზი? მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ვარაუდით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10 პროცენტის ფარგლებში გაიზრდება, რასაც ძირითადად დაკრედიტების მაღალი ტემპი განაპირობებს. ამავე დროს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მზარდი დაკრედიტება ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ინფლაციის შემცირებას ხელს უშლის.ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. კერძოდ, დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის გამო დამატებით გაიზრდება. 2022 წლის გაზაფხულიდან კი ინფლაცია შემცირდება, რასაც არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ხელს შეუწყობს.მოგეხსენებათ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა საბანკო სფეროს იმ მომხმარებლებს, რომელთა სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სესხის პროცენტს და, შესაბამისად, საბანკო ვალდებულებას უძვირებს. ასე რომ, არ გამიკვირდება, მკითხველი დაინტერესდეს – რა შემთხვევაში შეამცირებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციური შოკების მიილევა, მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შემსუბუქდება.ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უახლოესი სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება და მაშინ გაირკვევა, რეფინანსირების განაკვეთის რა პროცენტული მაჩვენებლით შეხვდება ქვეყანა მომავალ წელს. რა თქმა უნდა, კობა გვენეტაძის უწყების ვერდიქტს ოქტომბერ-ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი განსაზღვრავს. თუმცა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ბუნებრივია, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრეს არ განაპირობებს და მისი ნეგატიური გავლენა გაცილებით დიდია.ინფლაციური პროცესები საპენსიო დანაზოგებსაც ემუქრება. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება. არადა, დღეს საპენსიო ფონდის აქტივები 1,77 მილიარდ ლარს აჭარბებს. საპენსიო სააგენტოს მიერ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საპენსიო ფონდის აქტივები რვა კომერციულ ბანკშია განთავსებული და ჯამში წლიური სარგებელი 11,15 პროცენტი ერიცხებოდა.2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე საპენსიო ფონდის მომგებიანობა 24,5 პროცენტს შეადგენდა. ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება – 17,8 პროცენტს, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილება კი 18,24 პროცენტს შეადგენდა. საინტერესოა, ამ ვითარებაში საპენსიო სააგენტოს ამონაგები ითვლება თუ არა კარგ მაჩვენებლად. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ფინანსისტ ლევან სურგულაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებში სააგენტოს ამონაგები საშუალოდ 11–11,2 პროცენტია.„საპენსიო აქტივების ნაწილი სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული, სადაც პროცენტი შედარებით მაღალია, მეორე ნაწილი დეპოზიტებზეა. სად განთავსდება მესამე ნაწილი, ჯერ კომერციულ ბანკებთან შეთანხმებული არ არის. საზღვარგარეთ ინფლაციისგან დასაცავად ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის ე.წ. ინფლაციური ბონდები. როდესაც ინფლაცია იმატებს, ამ ბონდებზე ამონაგები იმატებს, რაც შეეხება ჩვენ შემთხვევას, კონტრაქტების ნაწილის მიხედვით, რომლებიც კომერციულ ბანკებთან არის გაფორმებული, სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, როდესაც ინფლაციას ებრძვიან. მართალია, 2019 წლიდან ინფლაცია დაბალი იყო და საპენსიო სააგენტოს ამონაგები მაღალი გამოდიოდა, მაგრამ ბოლო კვარტალში მინუსში იყვნენ. თუ ასეთი ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მომავალში მინუსში იქნება“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ. მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტიციის განხორციელების პროცესი ჯერ არ დაუწყია, თუმცა ამ მიზნით ოქტომბრის პირველ რიცხვებში სააგენტომ სპეციალიზებულ დეპოზიტართან „საქართველოს ბანკთან“ ხელშეკრულება გააფორმა. რამდენიმე წელში საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების დაწყებას შეძლებს.და, ბოლოს, ინფლაციის უარყოფითი ეფექტი არც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით იწყება და არც საპენსიო დანაზოგების ამონაგების შემცირებით მთავრდება. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, პირველ რიგში, მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია: ფასები იზრდება – ცხოვრება ძვირდება!..სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20211025/ras-gvpirdeba-mtavroba-261456554.html
https://sputnik-georgia.com/20211020/situacia-safinanso-bazarze-261315658.html
https://sputnik-georgia.com/20211014/ramdenit-gaizarda-sagareo-vali-260530365.html
https://sputnik-georgia.com/20211009/biujetis-proeqti-260384231.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485819_572:174:2401:1546_1920x0_80_0_0_d68f1ba3c8a1990b02522f24d02e57ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები, საქართველოს ეკონომიკა
მზარდი ინფლაცია და უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი...
18:57 29.10.2021 (განახლებულია: 10:17 30.10.2021) ინფლაციის სიდიდით საქართველო მსოფლიოში პირველ ოცეულშია, რეგიონში კი – მეორე. მზარდი ინფლაციის პირობებში ანალიტიკურ წრეებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ვარაუდობდნენ, ეროვნულმა ბანკმა კი რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. რატომ და როგორია პროგნოზი?
მოლოდინი აშკარად სხვაგვარი იყო. რას გულისხმობ? – შესაძლოა ამთავითვე ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ. რამდენიმე წელია საქართველოში ინფლაცია მკვეთრად იზრდება და დღეისათვის ორჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის აპრილში 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე კორექტირებულ, გაზრდილ მიზნობრივ მაჩვენებელს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკით, ინფლაციის სიდიდით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. რეგიონში ჩვენს ქვეყანას თურქეთის შემდეგ მეორე პოზიცია უკავია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ამ მძიმე მონაცემებს ქვეყნის მთავარი ბანკირი გამოეხმაურა.
„საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, COVID-19-ის პანდემიამ კი მობილობა სრულიად შეზღუდა და საქართველო განსაკუთრებით დაზარალდა. 2019 წელს ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 12 პროცენტი იყო. ეს მაჩვენებელი გასულ წელს 2 პროცენტამდე შემცირდა. შესაბამისად, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველოსთვის შოკი უფრო დიდი და საგრძნობია. ამავდროულად ქვეყანაში 2020 წელს ფისკალური დეფიციტი 9 პროცენტზე მეტი იყო და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის, მაგრამ ამას წინაპირობებიც გააჩნია“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
დიახ, ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, კერძოდ, ორნიშნა. გამონაკლისი არც სექტემბერი იყო. ინფლაციამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,3 პროცენტი შეადგინა და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა. მეტიც, მათი დიდი ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის არა 0,5 არამედ 1 პროცენტით გაზრდას ვარაუდობდა. მოვლენები კი სხვაგვარად განვითარდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კობა გვენეტაძის უწყების შეფასებით, ინფლაციის დონეს ძირითადად 2020-2021 წლების გლობალური ფაქტორები განაპირობებს. ეს არის მსოფლიო ბაზრებზე ამერიკული დოლარით გამოხატული სურსათისა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების საკმაოდ მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება.
როგორია მომავლის პროგნოზი? მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ვარაუდით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10 პროცენტის ფარგლებში გაიზრდება, რასაც ძირითადად დაკრედიტების მაღალი ტემპი განაპირობებს. ამავე დროს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მზარდი დაკრედიტება ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ინფლაციის შემცირებას ხელს უშლის.
ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. კერძოდ, დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის გამო დამატებით გაიზრდება. 2022 წლის გაზაფხულიდან კი ინფლაცია შემცირდება, რასაც არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ხელს შეუწყობს.
მოგეხსენებათ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა საბანკო სფეროს იმ მომხმარებლებს, რომელთა სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სესხის პროცენტს და, შესაბამისად, საბანკო ვალდებულებას უძვირებს. ასე რომ, არ გამიკვირდება, მკითხველი დაინტერესდეს – რა შემთხვევაში შეამცირებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციური შოკების მიილევა, მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შემსუბუქდება.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უახლოესი სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება და მაშინ გაირკვევა, რეფინანსირების განაკვეთის რა პროცენტული მაჩვენებლით შეხვდება ქვეყანა მომავალ წელს. რა თქმა უნდა, კობა გვენეტაძის უწყების ვერდიქტს ოქტომბერ-ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი განსაზღვრავს. თუმცა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ბუნებრივია, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრეს არ განაპირობებს და მისი ნეგატიური გავლენა გაცილებით დიდია.
ინფლაციური პროცესები საპენსიო დანაზოგებსაც ემუქრება. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება. არადა, დღეს საპენსიო ფონდის აქტივები 1,77 მილიარდ ლარს აჭარბებს. საპენსიო სააგენტოს მიერ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საპენსიო ფონდის აქტივები რვა კომერციულ ბანკშია განთავსებული და ჯამში წლიური სარგებელი 11,15 პროცენტი ერიცხებოდა.
2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე საპენსიო ფონდის მომგებიანობა 24,5 პროცენტს შეადგენდა. ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება – 17,8 პროცენტს, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილება კი 18,24 პროცენტს შეადგენდა. საინტერესოა, ამ ვითარებაში საპენსიო სააგენტოს ამონაგები ითვლება თუ არა კარგ მაჩვენებლად. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ფინანსისტ ლევან სურგულაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებში სააგენტოს ამონაგები საშუალოდ 11–11,2 პროცენტია.
„საპენსიო აქტივების ნაწილი სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული, სადაც პროცენტი შედარებით მაღალია, მეორე ნაწილი დეპოზიტებზეა. სად განთავსდება მესამე ნაწილი, ჯერ კომერციულ ბანკებთან შეთანხმებული არ არის. საზღვარგარეთ ინფლაციისგან დასაცავად ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის ე.წ. ინფლაციური ბონდები. როდესაც ინფლაცია იმატებს, ამ ბონდებზე ამონაგები იმატებს, რაც შეეხება ჩვენ შემთხვევას, კონტრაქტების ნაწილის მიხედვით, რომლებიც კომერციულ ბანკებთან არის გაფორმებული, სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, როდესაც ინფლაციას ებრძვიან. მართალია, 2019 წლიდან ინფლაცია დაბალი იყო და საპენსიო სააგენტოს ამონაგები მაღალი გამოდიოდა, მაგრამ ბოლო კვარტალში მინუსში იყვნენ. თუ ასეთი ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მომავალში მინუსში იქნება“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ. მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტიციის განხორციელების პროცესი ჯერ არ დაუწყია, თუმცა ამ მიზნით ოქტომბრის პირველ რიცხვებში სააგენტომ სპეციალიზებულ დეპოზიტართან „საქართველოს ბანკთან“ ხელშეკრულება გააფორმა. რამდენიმე წელში საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების დაწყებას შეძლებს.
და, ბოლოს, ინფლაციის უარყოფითი ეფექტი არც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით იწყება და არც საპენსიო დანაზოგების ამონაგების შემცირებით მთავრდება. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, პირველ რიგში, მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია: ფასები იზრდება – ცხოვრება ძვირდება!..