კალაძე VS მელია – ყველაზე საინტერესო ფაქტები თბილისის მერობის კანდიდატებზე

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია
აქცია
 - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისის მერის სავარძლისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იბრძოლებს – ქალაქის მოქმედი თავი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.
მერობის კანდიდატებს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც ერთი წელია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ისინი ერთი ქვეყნის პარალელურ რეალობაში ცხოვრობდნენ.
ვიდრე სამტრედიელი კახა კალაძე საფეხბურთო კარიერას იწყობდა, ექიმების ოჯახის წარმომადგენელი ნიკა მელია ჯერ თბილისის უმაღლესი სასწავლებლის, შემდეგ კი ოქსფორდის სტუდენტის სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა და ლონდონის რესტორანში გრილზე წიწილებს წვავდა.
მელიას, კალაძისგან განსხვავებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის უფრო მდიდარი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში მან მოასწრო საქმიანობა აღსრულების ბიუროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, თბილისის მერიის სტრუქტურებსა და საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტში.
კალაძეს კი მხოლოდ ცხრაწლიანი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, თუმცა ამ დროის განმავლობაში მას ეკავა ენერგეტიკის მინისტრისა და თბილისის მერის პოსტები. დედაქალაქის მერობამდე კალაძემ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პერიოდი გამოიარა – თამაშობდა კიევის „დინამოში" და იტალიურ „მილანსა" და „ჯენოაში".
ჟურნალის ყდიდან ტრაგედიამდე – კალაძის გზა
კალაძე ფეხბურთელთა დინასტიის გამგრძელებელია. მამამისი, კარლო კალაძე ჯერ მშობლიური სამტრედიის „ლოკომოტივში" თამაშობდა, შემდეგ კი იმავე კლუბის პრეზიდენტი გახდა.
გასაკვირი არაა, რომ შვილი მამის გზას გაჰყვა და უკვე 11 წლისამ დაიწყო თამაში სამტრედიის „ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში. 16 წლის კალაძე კი უკვე თბილისის „დინამოში" გადავიდა.
20 წლის იყო, როდესაც კალაძე უკრაინულმა კლუბმა, კიევის „დინამომ" 280 ათას დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ დაიწყო კალაძის კარიერული აღმასვლა.
კახა კალაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, მილიონერი: კახა კალაძის ბიოგრაფია
იტალიის „მილანში" თამაშის პერიოდში იგი იყო Armani-სა და Ferrari-ის სახე. სარეკლამო ფოტოების წყალობით ფეხბურთელმა იმ წლებში ბევრი ქალბატონის გული დაიპყრო.
თუმცა, კალაძის სპორტულ კარიერაში დიდი ფიასკოც იყო. 2009 წელს საქართველო-იტალიის მატჩში კალაძემ ორი ბურთი გაიტანა საკუთარ კარში, რამაც იტალიას ანგარიშით 2:0 გამარჯვება მოუტანა, თავად კალაძე კი ქართველი გულშემატკივრების თვალში გარკვეული პერიოდით ანტიგმირად აქცია.
კახა კალაძეს ცხოვრებაში ტრაგედიის გადატანაც მოუხდა.
2001 წელს ფეხბურთელის 21 წლის ძმა ლევანი ათობით მოწმის თვალწინ გაიტაცეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის ოჯახს მისდიოდა წერილები 300 ათასიდან 600 ათას დოლარამდე გამოსასყიდის მოთხოვნით.
„საცობები“, ავარიული სახლები – ყველაზე მეტად რა აწუხებთ თბილისელებს>>>
ლევან კალაძე გატაცებიდან ერთი თვის შემდეგ მოკლეს. ის იმ სახლთან ახლოს დამარხეს, სადაც გატაცების შემდეგ მალავდნენ. ცხედარი მალევე აღმოაჩინეს, მაგრამ პოლიციას მისი იდენტიფიცირება არ ჩაუტარებია და სპეციალურ სასაფლაოზე დაკრძალა, როგორც ამოუცნობი პირი. 2005 წელს ცხედარი ამოიცნეს. 2006 წელს ლევან კალაძის დაღუპვის საქმეზე ოთხ პირს 25-25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ახლა კალაძის ძმის ცხედარი სამტრედიაში, საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული, თავად კახა კალაძემ კი ძმის სახელი უფროს ვაჟს დაარქვა.
კალაძესა და მის მეუღლეს, ყოფილ მოდელსა და ამჟამად დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი ჰყავთ. წყვილი 2008 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, 2013 წელს კი დაქორწინდა.
არშემდგარი სპორტსმენი, იურისტი და პატიმარი – მელიას გზა
ნიკა მელია ცნობილი კარდიოლოგის ანზორ მელიას ოჯახში დაიბადა და ბავშვობა ექიმების გარემოცვაში გაატარა.
მელიას ცხოვრებაშიც იყო სპორტი, თუმცა წარმატებას სპორტის ვერც ერთ სახეობაში ვერ მიაღწია. ჩოგბურთზე უთხრეს, რომ მონაცემები არ ჰქონდა, ფეხბურთს თავად დაანება თავი, კარატეს გაკვეთილები კი მამის ხელის მოტეხვით დასრულდა.
მელიას სწავლა დიდად არ უყვარდა, იურიდიული განათლება კი თანაკლასელთან შემთხვევითი შეხვედრის წყალობით მიიღო, რომელმაც მას უშიშროების აკადემიაში ჩაბარება ურჩია. აკადემიის შემდეგ მელიამ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა არცთუ დიდი ხნით.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ოქსფორდის კურსდამთავრებული და ყოფილი პატიმარი – ნიკა მელიას ბიოგრაფია
იგი დიდ ბრიტანეთში ენის კურსებზე სასწავლად გაემგზავრა და საბოლოოდ ოქსფორდში ჩააბარა. ლონდონში ცხოვრებისას მელია პორტუგალიურ რესტორანში გრილზე ქათმებს წვავდა და ასე შოულობდა ჯიბის ფულს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მელია სამსახურიდან ორჯერ გაათავისუფლეს – ჯერ განათლების სამინისტროდან, შემდეგ კი პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
პოლიტიკაში მელია 2013 წლის შემდეგ ჩაება აქტიურად. 2014 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში. მას შემდეგ მელიას პოლიტიკური ცხოვრება სულ უფრო განვითარდა. პოლიტიკური კარიერის მწვერვალს მაშინ მიაღწია, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს.
მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება>>>
მელია ორჯერ იყო დეპუტატი და ორივეჯერ დაკარგა იმუნიტეტიცა და მანდატიც ერთისა და იმავე სისხლის სამართლის საქმის გამო.
ნიკა მელიას თბილისის მერობისთვის ბრძოლა გარკვეული პერიოდი ციხიდანაც უწევდა. აღსანიშნავია, რომ განაჩენი მისთვის დღემდე არ გამოუტანიათ. საპატიმროში ის მხოლოდ გირაოს გადაუხდელობის გამო აღმოჩნდა.
რაც შეეხება მელიას პირად ცხოვრებას, ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა ჰყავს შვილი ალექსანდრე.
ყველა ახალი ამბავი
0