პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგი: კვლევის შედეგები
16:40 28.09.2021 (განახლებულია: 21:15 28.09.2021)
© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო კამპანია–პლაკატები
გამოწერა
გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს – გამოკითხულთა მესამედზე მეტი მას უჭერს მხარს.
ამაზე მეტყველებს კომპანია Edison Research-ის კვლევის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია Formula-ს დაკვეთით 12–25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
კითხვაზე, „თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი – 27% უჭერს მხარს, რეიტინგში მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელსაც გამოკითხულთა 11% უჭერს მხარს.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
„ლეიბორისტული პარტია“ – 4%;
„ლელო საქართველოსთვის“ – 4%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 4%;
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2%;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 2%;
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
„დროა – ელენე ხოშტარია“ – 1%
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 1%;
„მოქალაქეები“ – 1%;
სხვა პარტიები – 3%
ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები
პარტიების რეიტინგთან ერთად, კვლევამ ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსებიც გამოავლინა. რეიტინგში პირველი და მეორე ადგილი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ დაიკავეს.
გამოკითხულთა 55% კალაძის საქმიანობას „პოზიტიურად“ აფასებს, გახარია კი 49%-ს მოსწონს. აღნიშნულ პოლიტიკოსებს „ნეგატიურად“ აფასებენ: კალაძეს – 45%, გახარიას – 51%.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას, მას რეიტინგში მეხუთე ადგილი უკავია – მას რესპონდენტთა 46% „პოზიტიურად“, 51% კი „ნეგატიურად“ აფასებს.
რეიტინგში მელიას გადაასწრეს პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.
დანარჩენი პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გამოიყურება:
ირაკლი ღარიბაშვილი – 44% (ნეგატიურად – 56%)
შალვა ნათელაშვილი – 41% (ნეგატიურად – 59%)
ბიძინა ივანიშვილი – 40% (ნეგატიურად – 60%)
ელენე ხოშტარია – 40% (ნეგატიურად – 60%)
ხატია დეკანოიძე – 40% (ნეგატიურად – 60%)
მიხეილ სააკაშვილი – 38% (ნეგატიურად – 62%)
გიორგი ვაშაძე – 38% (ნეგატიურად – 63%)
სალომე ზურაბიშვილი – 37% (ნეგატიურად – 68%)
ირაკლი კობახიძე – 36% (ნეგატიურად – 64%)
არჩილ თალაკვაძე – 36%(ნეგატიურად – 64%)
დავით უსუფაშვილი – 36% (ნეგატიურად – 64%)
ალეკო ელისაშვილი – 36% (ნეგატიურად – 64%)
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე – 34% (ნეგატიურად – 66%)
კახა კუჭავა – 34% (ნეგატიურად – 66%)
ანა ნაცვლიშვილი – 34% (ნეგატიურად – 66%)
გიგი წერეთელი – 31% (ნეგატიურად – 69%)
სალომე სამადაშვილი – 30% (ნეგატიურად – 70%)
ბადრი ჯაფარიძე – 29% (ნეგატიურად – 71%)
მამუკა ხაზარაძე – 29% (ნეგატიურად – 71%)
ირმა ინაშვილი – 27% (ნეგატიურად – 73%)
ნინო ბურჯანაძე – 26% (ნეგატიურად – 74%)
საბა ბუაძე – 25% (ნეგატიურად – 75%)
გიგა ბოკერია – 24% (ნეგატიურად – 76%).
თბილისის მომავალი მერი
გამოკითხვამ ასევე გამოავლინა, თუ ვინ სურთ თბილისელებს დედაქალაქის მერად. რესპონდენტების მხრიდან მერობის კანდიდატების მხარდაჭერა ასეთია:
კახა კალაძე – 43%
ნიკა მელია – 30%
გიორგი გახარია – 12%
ანა დოლიძე – 6%
ანა ბიბილაშვილი – 3%
დანარჩენი კანდიდატები – 6%
მოსახლეობის აქტივობა
Edison Research-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 92% თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.
გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: არჩევნებში „ნამდვილად აპირებს“ მონაწილეობის მიღებას 76%, 16% კი აცხადებს, რომ „ალბათ მიიღებს“ მონაწილეობას.
2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს გამოკითხულთა 3%, ამდენივე პროცენტული მაჩვენებელია იმ ადამიანების, რომლებიც „ალბათ არ მიიღებენ“ მონაწილეობას.
ნდობის საკითხი
გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კვლევას ატარებს ლევან თარხნიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარე იყო.
„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადიოდა, ადამიანების ხმებს იპარავდა და აყალბებდა არჩევნების შედეგებს, ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო? ნული სანდოობა აქვს ამ კვლევებს, ეს უკვე შვიდ არჩევნებზე დადასტურდა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მათ მიერ წინასწარ გამოქვეყნებული კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ამ მანიპულაციებით და ციფრებით მოსახლეობას რაღაც განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ, დასძინა პრემიერმა.
„მთავარი კვლევა და შედეგი დაიდება 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ბრძენი, გონიერი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. ყველა უნდა დაემორჩილოს არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის, რომ კვლევები შეიძლება იყოს მცდარი, არ გამორიცხავს თავად Edison Research-ის პრეზიდენტი რობ ფარბმანიც.
„კონკრეტული კვლევის კომენტირებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეთანხმებით, რომ ისევე, როგორც 2020 წელს, ორივე მხარე ცდილობს შექმნას წინასაარჩევნო რეალობა, რათა გაამართლოს იმ რეალობის უარყოფა, რაც ხმების დათვლის შემდეგ იქმნება. რა თქმა უნდა, კვლევები შეიძლება ცდებოდეს ბოროტი განზრახვის გარეშეც“, – დაწერა Twitter-ზე რობ ფარბმანმა.
როგორ ჩატარდა კვლევა
ტელეკომპანია Formula-მ კვლევა დაუკვეთა თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კვლევაში მონაწილეობა 18 წელს ზემოთ ასაკის 1,5 ათასმა რესპონდენტმა მიიღო. ცდომილება +/–3%-ია.