„რიონის ხეობის მცველები" საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტენ

© photo: Sputnikვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ათ თვეზე მეტია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საზოგადოებრივი მოძრაობა მშენებლობის შეჩერებასა და პროექტის გადახედვას ითხოვს.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საზოგადოებრივმა მოძრაობამ „რიონის ხეობის მცველები“ განაცხადა, რომ გამოდის მოლაპარაკებიდან, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. განცხადება მოძრაობამ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
ივნისის დასაწყისში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე პირადად გამოვიდა შუამავლის როლში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხში „რიონის ხეობის მცველებსა“ და ქვეყნის მთავრობას შორის. მედიაციის პროცესის მონაწილეთა პირველი შეხვედრა 12 ივნისს შედგა. ამის შემდეგ, როგორც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, შეხვედრები მხოლოდ დისტანციურად მიმდინარეობდა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის კონტრაქტს საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS შეისწავლის
„რიონის ხეობის მცველების“ თქმით, სამშენებლო კომპანიისა და მთავრობის მხრიდან ირღვევა მედიაციის პროცესში მათი მონაწილეობის პირობები. ამიტომ საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების ფორმატის დატოვება.
შეხვედრები მედიისათვის დახურულია და სამ თვეზე მეტია გრძელდება. საზოგადოებრივი მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა ამ ფორმატიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც „მცველები“ აცხადებენ, მოლაპარაკების დაწყებამდე მათ სამი წინაპირობა წამოაყენეს: პროტესტის მონაწილეთა დევნის შეწყვეტა და ხეობაში მათი თავისუფალი გადაადგილების აღდგენა, თავდაპირველ ადგილზე პროტესტის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა და კომპანია „ენკას“ მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შეჩერება. ეს წინაპირობები პირველი ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე, წინასწარ შეთანხმდა რამდენიმე ონლაინ ჩართვისას, რის შემდეგაც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორობით შედგა მხარეების პირისპირ შეხვედრა ნატახტარში 12 ივნისს.

„თუმცა მომდევნო ონლაინ შეხვედრაზე სრულიად გამოირიცხა კომპანია „ენკას“ მიერ სამუშაოების შეჩერების შესაძლებლობა, მეტიც, დანარჩენი პირობების შესრულების სანაცვლოდ ხელისუფლებამ მოითხოვა, პროტესტის მონაწილეებს საჯაროდ დაგვედო პირობა, რომ კომპანიის მუშა პროცესს არ შევაფერხებდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის საპასუხოდ ხეობის მცველებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და პროტესტის თავისუფლება, ვაჭრობის საგანი ვერ იქნება.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტია გრძელდება. მოწინააღმდეგეების მტკიცებით, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოლოგიას. ისინი კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ.
საზოგადოებრივი პროტესტის მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ რიონზე ჰესის კასკადის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა და პირობა დადო, რომ პროექტს გადახედავდა, ასევე სადავო საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო შუამავლებს ჩართავდა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ღარიბაშვილი: კონტრაქტი „ნამახვანჰესზე“ გადაიხედება
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე აიგება.
„ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან შედგება: ერთის ფართობი 1 კვ.კმ-ია, მეორის – 5,1 კვ.კმ. კასკადის მეშვეობით დარეგულირდება წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან იქნეს აცილებული წყალდიდობა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარი ჩაიდება.
ყველა ახალი ამბავი
0