თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. კონტრაქტი კომპანია ENKA–სთან „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ რიგ ასპექტებთან დაკავშირებით გადაიხედება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის რვა თვეა გრძელდება. მოსახლეობა მოითხოვს კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას ეკოლოგიური საფრთხისა და მისთვის მიწის 99 წლით გადაცემის გამო. საპროტესტო აქცია ბოლოს სოფელ გუმათთან მოეწყო, მის იქით აქციის მონაწილეებს აღარ უშვებდნენ. დიალოგში ევროპელი შუამავლების ჩართვის შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ აქტივისტებს რიონის ხეობაში სამშენებლო პროცესის სიახლოვეს შეუშვებდნენ.
„არის პრინციპული საკითხები, რაც ჩვენში დამატებით ემოციას იწვევს... ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რომ ეს პირობები შეიცვალოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ევროპული კომპანია ჩაატარებს შეთანხმების აუდიტს და თუ კიდევ დამატებითი მიუღებელი ასპექტები გამოვლინდება, კონტრაქტი გადაიხედება.
პრემიერმა ამავე დროს აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები და მისი მონაწილეები კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.