თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის" მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესის ეფექტურად გასაგრძელებლად აუცილებელია ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაცია, ნათქვამია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ შაბათ-კვირას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან მოლაპარაკებები გამართეს ევროპელი მედიატორის – ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილის და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით. ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა.
„სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ. ეს შესაძლებელს გახდის, რომ მედიაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს", – განაცხადა დირკ ბუშლემ.
მხარეებმა შეხვედრაზე რიგი ღონისძიებები და მოქმედებები შეათანხმეს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია სამი ძირითადი მიმართულებით: მშენებლობის პირობების და გარემოსდაცვითი ნებართვების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და მათი განხილვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ; რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის გადახედვა; ასევე საქართველოს მომავალი ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ღიად მსჯელობა ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატური გეგმის პროექტის საფუძველზე.
„ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება – ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე", – განაცხადა ბუშლემ.
მედიატორის თქმით, აქციის მონაწილეებმა, თავის მხრივ, აიღეს ვალდებულება, რომ არ გადაკეტავენ გზას სამშენებლო მოედნისკენ. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება, დასძინა მან.
იმერეთის რეგიონში "ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.