საქართველომ შეიძლება უარი თქვას ევროკავშირისგან სესხის მიღებაზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თუ საქართველო ევროკავშირისგან ტრანშს ვერ მიიღებს, ქვეყნის ბიუჯეტს პრობლემები არ შეექმნება, აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველომ შეიძლება უარი თქვას ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ივლისის დასაწყისში ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანკომ განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა მოწოდებების მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საგარეო ვალის შემცირება დავიწყეთ, დიდი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ფინანსურ დახმარებაზე უარი დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო.
ღარიბაშვილის განმარტებით, ახლა საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ახალი სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან მილიონობით ევროს დახმარება აღარ მიიღოს
ადრე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო აღნიშნული ტრანშის მიღებას ვერ შეძლებს, ქვეყნის ბიუჯეტს პრობლემები არ შეექმნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს საკუთარი რესურსები და სესხის გაზრდის აუცილებლობა არ დგას.

„ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. საკითხი დგას მარტივად – დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით საქართველოს აქვს შიდა რესურსი, რომლის გამოყენებაც ბევრი პროგრამისთვისაა შესაძლებელი, ამიტომაც საჭირო არ არის ქვეყანამ გაზარდოს საგარეო ვალი, რომელიც პანდემიის შედეგად უკვე ისედაც გაზრდილია.
„საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუ ჩვენ გვაქვს საკუთარი რესურსი, სესხის გაზრდის საჭიროება არ არის“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ევროკავშირის დახმარება საეჭვოა - ევროკომისია ახალი მოსამართლეების დანიშვნით უკმაყოფილოა
საქართველოს ვალი ევროკავშირის წინაშე 133 მილიონი ევროა. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 9,9%-ს მიაღწია.
საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვს მოსამართლეობის კანდიდატს, რამაც დასავლელი პარტნიორების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების ფონზე – შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
ყველა ახალი ამბავი
0