სამი მეზობლის ყოფის ამბავი, ანუ სად რამდენი და როგორ?

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა ციფრებში. როგორია ეკონომიკური ზრდის დინამიკა რეგიონში. შედარებითი მიმოხილვა და რას პროგნოზირებენ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები.
გთავაზობთ წინამდებარე სტატიაში ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გავცდეთ და საშემოდგომოდ რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მიმოვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროებაში რეგიონი ფართო არეალს მოიცავს, ჩვენ სამი მეზობელი სახელმწიფოთი შემოვიფარგლოთ. თუ შევთანხმდით, თანმიმდევრულად მივყვეთ.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
საით გადაიხრება ლარი?..
არავინ კამათობს, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის გასული წელი უმძიმესი იყო. COVID-19-ის პანდემიის გამო სამივე სახელმწიფო მწვავე ეკონომიკურმა რეცესიამ მოიცვა. ანალიტიკოსებმა ამ პროცესს "დიდი შეზღუდვის” ეკონომიკური კრიზისი უწოდეს. მათივე შეფასებით, გლობალურ პრობლემას რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორებიც დაემატა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკამ ოთხმაგი შოკი მიიღო. კერძოდ, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, სამხედრო კონფლიქტი ყარაბაღში და პოლიტიკური არასტაბილურობა.
პოლიტიკურ რყევებს რაც შეეხება, ის გასული წლიდან მოყოლებული საქართველოსა და სომხეთში იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტ-ნაკლები სიმწვავით დღემდე გრძელდება. აზერბაიჯანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკური არასტაბილურობით ვერ დაიკვეხნის. ცხადია, პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურად აისახება და მას შესაბამისი, კონკრეტული ფასიც გააჩნია, რომელსაც მოსახლეობა იხდის.
დახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ
არახალია, საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა ხანგრძლივ პერიოდს ითვლის – 2019 წლის ივნისის მესამე დეკადიდან, ე.წ. გავრილოვის ღამიდან მოყოლებული დღემდე. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის შეფასებით, პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაიწყო. დეტალური აღწერა შორს წაგვიყვანს და, რაც მთავარია, ავცდებით ძირითად საკითხს. მოკლე ექსკურსი: გასული წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მომდევნო ექვსი თვე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, რამაც პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანა. შემდეგ ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება დაიდო. ზუსტად ასი დღის შემდეგ, იმ მოტივით, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დეპოლარიზაციის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მმართველი პარტია შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა.
იმედია, მკითხველს მოეხსენება, რომ სომხეთში კრიზისის განსამუხტად მიმდინარე წლის ივნისში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო ბატალიებში კვლავ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, პოლიტოლოგების შეფასებით, პოლიტიკურ სტაბილურობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს. ერთი სიტყვით, განვითარებული მოვლენებისა და ოქტომბერში საქართველოში გასამართი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გათვალისწინებით თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გასული წელი და მიმდინარე წლის პირველი რვა თვე რეგიონისთვის არასახარბიელო იყო, რადგან COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს პოლიტიკური არასტაბილურობაც დაემატა და ის ახლაც გრძელდება.
ფული - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
რატომ გაძვირდა საქართველოში ფული?
როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში მიმდინარე წლის დასაწყისი, პირველ რიგში, რთული იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, გამკაცრდა შეზღუდვები. იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში მოქმედებდა. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე მაქსიმალური 100-დან 83,8-იან ნიშნულზე იყო. ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში რიგით მეექვსე ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიცია ეკავა. თებერვლის ბოლოს შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის კლების მასშტაბზეც აისახა. თუ იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5 პროცენტით შემცირდა, თებერვალში ამ ნიშნულმა 5,1 პროცენტამდე დაიწია. მარტში შეზღუდვები არ შემსუბუქებულა და ის 64,81-იან ნიშნულს იკავებდა, ხოლო ეკონომიკის 4,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აპრილშიც შეზღუდვების მასშტაბი თითქმის იმავე ნიშნულზე იყო, მაგრამ ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 44,8 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, აქ გასათვალისწინებელია ე.წ. საბაზისო ეფექტი. კერძოდ, 2020 წლის აპრილში ეკონომიკის კლება 16,6 პროცენტი იყო. ამდენად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პანდემიამდე პერიოდის ანალოგიურ თვესთან მიმართებით, ზრდა 20,8 პროცენტი იყო. მაღალი ზრდის მეორე ფაქტორი საბიუჯეტო ხარჯები იყო. მიმდინარე წლის იანვარი–აპრილში მთავრობის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 877,7 მილიონი ლარით მეტი იყო და 5.059,5 მილიონი ლარი შეადგინა. გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯები კი მთლიან შიდა პროდუქტში აისახება. მაისში ეკონომიკის ზრდამ 25,8 პროცენტი შეადგინა, რაც პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის მაისთან შედარებით, 9,1 პროცენტიანი ზრდა იყო.
ხალხი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
რას ფიქრობს ხალხი? ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე
საქართველოში შეზღუდვები მასშტაბურად ივნისიდან შემსუბუქდა, როცა კომენდანტის საათი გაუქმდა. ივნისში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 18,7 პროცენტით გაიზარდა. ეს კი პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 9,6 პროცენტიანი ზრდაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ივნისის ზრდაშიც დადებითი წვლილი ყველა სექტორს გააჩნია, გარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგისა. კომპონენტებიდან აღსანიშნავია ექსპორტის როლი, რომელიც იანვარი–ივნისში 25,5 პროცენტით გაიზარდა, რაც პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით 6,0 პროცენტიანი ზრდაა. რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტი 19,4 პროცენტითაა გაზრდილი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტით მეტია. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარი–ივნისის ზრდაში წმინდა ექსპორტის წვლილი დადებითია.
მდგომარეობა გაუმჯობესდა მეზობელ ქვეყნებშიც. მიმდინარე წლის მაისში სომხეთის ეკონომიკა 10,9 პროცენტით გაიზარდა, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12,8 პროცენტიანი კლება იყო. ივნისში კი სომხეთის ეკონომიკა 8,0 პროცენტით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7,5 პროცენტით იყო შემცირებული. საერთო ჯამში, იანვარი–ივლისის მდგომარეობით, სომხეთის ეკონომიკა 5,0 პროცენტით არის გაზრდილი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტიანი ზრდაა. სექტორული ჭრილში, პირველი ექვსი თვის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი მამოძრავებელი მშენებლობა იყო, რომელიც გასულ წელთან შედარებით 10,8 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე პერიოდის ეკონომიკურ ზრდაში წმინდა ექსპორტს დადებითი წვლილი გააჩნია, რადგან ექსპორტი 23,3 პროცენტით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 15,0 პროცენტიანი ზრდაა. იმპორტის კი გაცილებით ნაკლები – 7,9 პროცენტიანი ზრდაა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6,0 პროცენტით ნაკლებია.
თბილისი - ლეღვთახევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე
საქართველოსგან განსხვავებით, ივნისში აზერბაიჯანში შეზღუდვები არსებითად არ შემსუბუქებულა. თუმცა დაწესებულ რეგულაციებს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგი ნაკლებად აქვს და ამის მთავარი მიზეზი თავად ეკონომიკის სტრუქტურაა. COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ ეხება მომსახურების სფეროს, რაც საქართველოსა და სომხეთში დომინირებს. აზერბაიჯანის ეკონომიკის დიდი ნაწილი კი ნავთობინდუსტრიას უკავია. მაგალითად, გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათის 29,9 პროცენტი ნავთობინდუსტრიის წილი იყო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 35,8 პროცენტს აღწევს. შესაბამისად, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზე არსებითი გავლენა სწორედ ნავთობის ფასებს და მასზე მოთხოვნას გააჩნია. ივნისში ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა 73,0 დოლარი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 5,0 დოლარით მეტია. ეს კი გასული წლის ივნისთან შედარებით 33,0 დოლარით მეტია. ამ პერიოდში არა მხოლოდ ფასი, არამედ მოხმარებაც გაზრდილია. კერძოდ, ივნისში საშუალო მოხმარებამ 97,9 მილიონი ბარელი შეადგინა. ივნისში ნავთობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დადებითად აისახა. მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში აზერბაიჯანის ეკონომიკა 2,1 პროცენტით გაიზარდა. გასული წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ეკონომიკა 2,7 პროცენტით იყო შემცირებული. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა 0,7 პროცენტით არის შემცირებული. ამ მხრივ რეგიონის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს ჯერ არ დაბრუნებია.
ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მართალია, აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული, მაგრამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასის ზრდა მთლიანად რეგიონზეც აისახება, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან. რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებია. მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის გაუმჯობესებული მოლოდინებია. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის ინფორმაციის სააგენტოს პროგნოზით, 2021 წლის მეორე ნახევარში ბარელ ნავთობზე საშუალო ფასი 72,0 დოლარი იქნება, მოხმარება კი წლის პირველ ნახევართან შედარებით 5,3 მილიონი ბარელით გაიზრდება.
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
რა ბედი ელის ზაფხულის ტურისტულ სეზონს? ანუ ანტრე, ბატონო!
და, ბოლოს, საერთო ჯამში ივლისში სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია და აღდგენის მაღალი ტემპი მომდევნო პერიოდში შედარებით უკეთესი მდგომარეობის მოლოდინს ქმნის. ამ ეტაპისთვის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 7,7 პროცენტიანი, სომხეთის ეკონომიკის 4,3 პროცენტიანი და აზერბაიჯანის ეკონომიკის 2,3 პროცენტიანი ზრდაა ნავარაუდევი. ვნახოთ, დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს გამართლდება თუ არა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზი... საკამათო არ არის, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0