ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ

© Sputnik / Alexander Imedashviliდახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში
დახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
გაზრდილი საგარეო ვალი, შემცირებული უცხოური ინვესტიციები, გაძვირებული კრედიტები, გაიაფებული დეპოზიტები, მზარდი ფულადი გზავნილები და მყიფე ეკონომიკის "მოკაშკაშე" პარამეტრები.
სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას საფინანსო-ეკონომიკური სისტემის რამდენიმე მონაცემზე გავამახვილებ. ანუ ფინანსური კალეიდოსკოპი ციფრებში და ტენდენცია, რომელიც არახალია, თუმცა მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი.
თანმიმდევრულად მივყვეთ. მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით, 10 პროცენტამდე გაამკაცრა, ექსპერტ-ანალიტიკოსთა ყურადღება პირველ რიგში კვლავ საკრედიტო პოლიტიკის ასპექტებმა მიიქცია. კერძოდ, რა ტენდენციაა საკრედიტო ბაზარზე? მარტივი დასკვნით, საქართველოში საკრედიტო რესურსი გაძვირდა. ეს არახალია და უკვე ვიცით, რომ საბანკო სექტორის მარეგულირებლის ამგვარ გადაწყვეტილებებს სწორედ ასეთი შედეგი მოჰყვება ხოლმე. არც ის არის ახალი, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კობა გვენეტაძის უწყების ბერკეტია, რომლითაც ის ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის შესუსტებას ცდილობს. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ფაქტია – ეროვნული ბანკის ძალისხმევა საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე, პოზიტიურთან ერთად, ნეგატიურადაც აისახება და ამ მარტივ მოცემულობას უნდა შევეგუოთ, ან გაგებით მოვეკიდოთ.
ფული - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
რატომ გაძვირდა საქართველოში ფული?
როგორ შეიცვალა საკრედიტო პროცენტები და რა ფაქტორები განაპირობებს სესხის პროცენტის ზრდისა თუ შემცირების დინამიკას? რა თქმა უნდა, რამდენიმე ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი არსებობს. რიგითობა პირობითია. ეს არის თავად საკრედიტო რესურსად განსაზღვრული ვალუტა და ახლო და საშუალო პერიოდში მისი კურსის მერყეობის პროგნოზულობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის ტიპი, ანუ მიზნობრიობა. არ უნდა დავივიწყოთ კრედიტის ხანგრძლივობა. ყველა ეს ფაქტორი საბანკო-საკრედიტო სისტემას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რისკების განსაზღვრისა და შეფასების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთიც. თუ სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, მისი კურსის არასტაბილურობისა და არაპროგნოზულობის გამო რისკი მაღალია და, შესაბამისად, პროცენტიც.
ხალხი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
რას ფიქრობს ხალხი? ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე
იგივე შეიძლება ითქვას იმ სამომხმარებლო სესხებზე, რომლებიც უძრავი ქონებით არ არის უზრუნველყოფილი და რომელთა საკრედიტო პერიოდიც საკმაოდ ხანგრძლივია. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ჩემ მიერ მოყვანილ დებულებებს მხოლოდ ამყარებს. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტით გაცემული სესხებისთვის გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის შემცირდა. კობა გვენეტაძის უწყების ცნობით, ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი ივნისში, მარტთან შედარებით, 1,2 პროცენტული პუნქტით, 12 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო საცალო სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მცირედით შემცირდა და 17,8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, ამერიკული დოლარით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი 0,9 პროცენტული პუნქტით, 5 პროცენტამდე, ხოლო ევროთი გაცემული სესხებისთვის 4,4 პროცენტამდე შემცირდა. აკი ვამბობდი, რაც უფრო მყარია საკრედიტო რესურსად განსაზღვრული ვალუტა, მით უფრო დაბალია რისკი და, შესაბამისად, პროცენტიც. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში ფიზიკური პირების დაკრედიტების საპროცენტო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი
მომდევნო სტრიქონებში ვნახოთ, როგორია მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ხარისხი. რა შეიცვალა ბოლო ორიოდე თვის განმავლობაში, რამდენად ახერხებს მსესხებელთა უმრავლესობა დამძიმებული საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას. ამ კითხვაზე საპასუხოდ „კრედიტინფოს" მონაცემებს მოვიშველიებ. ვიცი, მკითხველს არ გაუკვირდება, როცა ვიტყვი, რომ ვითარება სახარბიელო არ არის. საქართველოში მსესხებლების 12,9 პროცენტს ვადაგადაცილება უფიქსირდება. „კრედიტინფოს“ მიმდინარე წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 232 ათასზე მეტ მსესხებელს აქვს. კონტრაქტების რაოდენობა 434.383-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივლისის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის დაახლოებით 29 მილიარდი ლარის მოცულობის ვალი 1.798.862 ადამიანს აქვს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების ძალიან დიდი უმრავლესობა, 87,9 პროცენტი საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკებიდან კრედიტი აღებული აქვს თითქმის 1,6 მილიონ მსესხებელს. საკრედიტო მოცულობა 26,677 მილიარდი ლარია. ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი დამატებით 570 ათასი ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის 2 მილიარდ ლარს შეადგენს. კიდევ 20.295 ადამიანს ჯამში თითქმის 500 მილიონი ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.
თბილისი - ლეღვთახევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე
ასეთია ის რეალობა, რომელიც ქვეყნის საკრედიტო სისტემაშია და კარგად წარმოაჩენს ვალებზე დამოკიდებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და შინამეურნეობებს. საკმარისია საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში უფრო ღრმად და სისტემურად ჩავიხედოთ, დავრწმუნდებით, რომ საკრედიტო რესურსების საკმაოდ დიდი ნაწილი არა ეკონომიკასა და დოვლათის წარმოებას, არამედ ხშირად თავის გატანას, მიმდინარე კომუნალური თუ ჯანდაცვის ხარჯების დაფარვას ხმარდება ხოლმე. ეს ცალკე საკითხია და მას უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით.
მანამდე კი ორიოდე სიტყვით საბანკო დეპოზიტებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელზეც მოგახსენებთ. კი იცით, საბანკო სისტემის მთელი ფილოსოფია ფულის იაფად ყიდვასა და ძვირად გაყიდვას ეფუძნება. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, ე.წ. მცირე ბანკებში ამერიკულ დოლარში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი ოთხჯერ მეტია, ვიდრე მსხვილ კომერციულ ბანკებში. ივლისის მდგომარეობით, ბანკებში დეპოზიტებზე მიმდინარე ანგარიშების ჩათვლით 35,3 მილიარდი ლარი იყო განთავსებული. ლარიზაციის საერთო მაჩვენებელი 39 პროცენტს შეადგენდა, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი 25 პროცენტს. ამასთან ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტასთან შედარებით 8.2-ჯერ მაღალია. ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში 20-ჯერ უფრო მაღალიც. მცირე ზომის ბანკები კლიენტების მოზიდვას, დომინანტ ბანკებთან შედარებით, უცხოურ ვალუტაში სამჯერ და ზოგჯერ ოთხჯერ უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით ცდილობენ.
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?
„თიბისი ბანკი" ლარში ერთწლიან ანაბარზე სარგებლის ვადის ბოლოს გატანით მომხმარებელს 11,45 პროცენტს სთავაზობს, ყოველთვიური გატანის შემთხვევაში – 11,13 პროცენტს, ხოლო წინასწარ გატანის შემთხვევაში – 10,05 პროცენტს. დიდი სხვაობა არც ვადის ხანგრძლივობის მიხედვითაა: სამთვიან ანაბარს 10,6 პროცენტი ერიცხება, ხოლო ორწლიანს – 12,1 პროცენტი. იგივე ბანკი ამერიკულ დოლარში წლიურად მხოლოდ 0,6 პროცენტს იხდის, სამთვიან ანაბარზე – 0,25 პროცენტს, საიდანაც სარგებლის წინასწარ გატანა შეუძლებელია. ორწლიან ანაბარზეც საპროცენტო სარგებელი მხოლოდ 0,85 პროცენტამდე იზრდება.
„საქართველოს ბანკში" საპროცენტო სარგებლები პრაქტიკულად „თიბისი ბანკის" იდენტურია. ერთწლიან დეპოზიტზე ლარს 11,6 პროცენტი ერიცხება, ამერიკულ დოლარს კი – 0,6 პროცენტი.
„ლიბერთი ბანკიც" ლარში 11,6 პროცენტს იხდის, მაგრამ ამერიკულ დოლარში განთავსებულ ანაბარს 1,85 პროცენტი ერიცხება, რაც როგორც "თიბისი ბანკის", ასევე "საქართველოს ბანკის" შეთავაზებას სამჯერ აღემატება. გარდა ამისა „ლიბერთი ბანკში" ევროს ანაბარიც მომგებიანია და მას 1,6 პროცენტი ერიცხება.
„ვითიბი ბანკი" ერთწლიან ანაბარზე ლარში 12 პროცენტს იხდის, დოლარში – 1 პროცენტს, ხოლო ევროში 0,5 პროცენტს.
„ტერა ბანკში" ეროვნულ ვალუტაში 11,55 პროცენტს, ამერიკულ დოლარში – 2 პროცენტს, ხოლო ევროში 1,6 პროცენტს იხდიან.
„კრედო ბანკი" ლარში ანაბარს 12,35 პროცენტად იზიდავს, დოლარში – 1,35 პროცენტად, ევროში – 0,45 პროცენტად.
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
რა ბედი ელის ზაფხულის ტურისტულ სეზონს? ანუ ანტრე, ბატონო!
„ბაზისბანკი", შესაბამისად – 12 პროცენტს, 1,5 პროცენტსა და 1 პროცენტს.
„პროკრედიტ ბანკი" ლარში 8 პროცენტს, დოლარში – 1,8 პროცენტს, ხოლო ევროში – 1 პროცენტს იხდის. „პროკრედიტ ბანკის" დამატებით მოთხოვნას საკმაოდ მაღალი მინიმალური თანხის შენატანი წარმოადგენს – ანაბრის გასახსნელად დეპოზიტზე 13.000 ლარის ან 5.000 დოლარის/ევროს განთავსებაა აუცილებელი.
ამასობაში წინამდებარე სტატიამ შემეცნებითი "მარგალიტებიც" მოისხა.
მომდევნო პარამეტრები გასულ თვეში საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულადი ნაკადის მოცულობას ასახავს. ინფორმაციას კობა გვენეტაძის უწყება აქვეყნებს. ივლისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 208,4 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.7 მილიონი დოლარით, 10,4 პროცენტით მეტია. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,3 პროცენტი 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95,4 პროცენტი მოდიოდა.
 Liberty Bank - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
საბანკო სექტორის წინასაზაფხულო მონაგარი...
არ გაუკვირდება მკითხველს, გასულ თვეში ფული საზღვარგარეთ საქართველოდანაც გადაირიცხა და არცთუ ისე მცირე მოცულობით. როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, 2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,7 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 19,9 პროცენტით მეტია.
ამასობაში „საქსტატი" უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს და ირკვევა, რომ გასულ წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ეს მაჩვენებელი სულ 572 მილიონი დოლარია, რაც 57,2 პროცენტით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. როგორც ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად – 1,314 მილიარდი დოლარით, 70 პროცენტით ჩამორჩება იმავე გასული წლის ფულადი გზავნილების მოცულობას, რომელიც საზღვარგარეთ დასაქმებულმა ჩვენმა მოქალაქეებმა გადმორიცხეს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირების მიზეზად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას ასახელებს, თუმცა შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ 2017 წლის პირველი ნახევრიდან გამოიკვეთა. საინტერესოა, რომ თავად "საქსტატი" ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283 მილიონი ამერიკული დოლარით შეამცირა. გასულ წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაში 87,5 პროცენტი შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებში ლიდერი გაერთიანებული სამეფოა, რომელზეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტი მოდის, მომდევნო პოზიცია ნიდერლანდს უკავია 35,1 პროცენტით, სამეულშია ამერიკის შეერთებული შტატები 17,2 პროცენტით.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
რამდენი ვისესხეთ, რისთვის და რამდენ პროცენტში?..
სტატიის მიწურულს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოკლე სექტორულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ. გაგიკვირდებათ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404,4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70,7 პროცენტია. მეორე ადგილზეა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98,8 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზეა უძრავი ქონების სექტორი 90,3 მილიონი ამერიკული დოლარით.
და, ბოლოს, საგარეო ვალიც არ დავივიწყოთ. ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,874 მლრდ დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ექვსი თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,016 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 6,142 მილიარდი დოლარი იყო.
დღეისათვის სულ ეს არის, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებისა და მაჩვენებლების მიღმა კარგად ჩანს ქართული ეკონომიკის საკმაოდ მყიფე რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სხვა მრავალ "სიკეთესთან" ერთად, გლობალური გამოწვევების შედეგიც არის.
 
ყველა ახალი ამბავი
0