რატომ გაძვირდა საქართველოში ფული?

© photo: Sputnikფული
ფული - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. როგორ აისახება ეს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობასა და ინფლაციურ პროცესებზე?
სამსონ ხონელი
რამდენიმე დღეა ექსპერტ-ანალიტიკოსები ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებაზე ბჭობენ. მოგეხსენებათ, რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10 პროცენტამდე გაიზარდა.
კი, მაგრამ რატომ? - დაინტერესდება მკითხველი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას განმარტება თან ერთვის. კერძოდ, კობა გვენეტაძის უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11,9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც ასევე იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.
ხალხი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
რას ფიქრობს ხალხი? ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე
ივლისის მონაცემებით, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18,4 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე კვების ცალკეულ პროდუქტებზე ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს. ადგილობრივი ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია კომუნალური გადასახადები, რამაც წლიურ ინფლაციაში 1,7 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შიდა მოთხოვნაც – ეკონომიკურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში 12,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის ზრდის პროგნოზმა 8,5 პროცენტამდე მოიმატა. ამასთან, ფისკალური სტიმულის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე დაკრედიტების არსებული ტემპი სასურველზე მაღალია. განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი
იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეროვნულ ბანკში დასძენენ, რომ საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, თუმცა ჯამურად, ტურიზმის გათვალისწინებით, პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, შემცირებული რჩება. წინასწარი მონაცემებით, ივნისში საქონლის ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აღემატება. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ივნისში წლიურად 11-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64 პროცენტით არის შემცირებული. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, ივნისში 37-პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აღემატება.
თბილისი - ლეღვთახევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე
აი, სულ ეს არის კობა გვენეტაძის უწყების განმარტება. თუმცა განმარტებასთან ერთად ტრადიციული დაპირებაც არის. „ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 სექტემბერს ჩატარდება", – ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. როგორი იქნება მომდევნო სხდომის ვერდიქტი, დრო გვიჩვენებს, თუმცა, როგორც ქვეყნის მთავარმა ბანკირმა არაერთხელ აღნიშნა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ერთხანს არ გეგმავს, ისევე, როგორც არც სავალუტო ბაზარზე აპირებს ინტერვენციებს.
საინტერესოა, რეფინანსირების განაკვეთის სიდიდით რა ვითარებაა რეგიონში? საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა. უფრო მაღალი რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ თურქეთშია. იქ ეს მაჩვენებელი 19 პროცენტია. აზერბაიჯანში რეფინანსირების განაკვეთი 6,25 პროცენტია. ამდენივეა სომხეთშიც, ხოლო უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში ეს მაჩვენებელი 7,25 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე დაბალია მოლდოვაში – 2,65 პროცენტი. ერთი სიტყვით, ფაქტია – რეგიონულ ჭრილში საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალია. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ნეგატიურად აფასებს. მთავარი არგუმენტი ფულის გაძვირების შედეგად ეკონომიკური აქტიურობის გარდაუვალი შემცირებაა.
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?
„ეროვნულმა ბანკმა ფული 10 პროცენტამდე გააძვირა! ეს ნიშნავს საქმიანი აქტივობის კიდევ უფრო შემცირებას, რადგან კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხს 10 პროცენტად აიღებენ, თავის მოგებას დაამატებენ და მეწარმეებზე ისე გასცემენ. ეს აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას", – წერს ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა. მისივე განმარტებით, ევროპის რიგ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დროს მეწარმეებზე კრედიტებს უარყოფითი პროცენტითაც კი გასცემენ, რათა ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება მოახდინონ. გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით საკრედიტო რესურსები კომერციულ ბანკებზე ნულოვანი პროცენტით გასცა.
„საქართველოში საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზად ინფლაციას ასახელებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულ ბანკს 3,5 მილიარდი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვი გააჩნია, ეს არასერიოზული არგუმენტია. თუ ლარზე ზეწოლა არსებობს, ეს ძირითადად უზარმაზარი საგარეო ვალის მომსახურებით, ეკონომიკის ოფშორიზაციით და იმპორტის არაპროპორციულად დიდი წილით არის განპირობებული. საქმე კი ისაა, რომ საქართველოს მიერ დაგროვებული 3,5 მილიარდი დოლარის გამოყენების უფლებას არ გვაძლევენ და ის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებშია დაბანდებული", – აცხადებს ირაკლი გოგავა და იქვე მიანიშნებს, რომ რთული გამოსაცნობი არ არის, ჩვენთან კრედიტის, ანუ ფულის დეფიციტით გამოწვეული ხელოვნურად შეჩერებული ზრდა რომელ ქვეყნებში აისახება მატების ფორმით. ეს გახლავთ ჩვენი მსგავსი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შეფერხების კარგად ორგანიზებული გეგმა. ეს ხელოვნური შეფერხებაა, ინფლაციაც ხელოვნურია, უმუშევრობაც და ჩვენი სიღარიბეც. ურთიერთობების ეს მოდელი თუ არ გადაიხედა, სიღარიბის წუმპიდან ჩვენი ქვეყანა და ხალხი ვერ ამოვა. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ამ საკითხებზე დუმს, რადგან ე.წ. ჟურნალისტები ხვდებიან, რომ თუ ამ თემებს ობიექტურად გააშუქებენ, გრანტს აღარ მისცემენ და პრაღაში თუ კრაკოვში დაგეგმილ მედია-ტრენინგზე „პაეზდკაშიც" აღარ წაიყვანენ.
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
რა ბედი ელის ზაფხულის ტურისტულ სეზონს? ანუ ანტრე, ბატონო!
ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მყისიერად და თანაც ნეგატიურად აისახება 140 ათასზე მეტ მსესხებელზე, რომელთაც სესხის პროცენტი გაეზრდებათ, საბანკო ტვირთი დაუმძიმდებათ და, შესაბამისად, შინა მეურნეობისთვის უფრო ნაკლები ფინანსები დარჩებათ. ესეც იმ კარგ შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი მის ყოველთვიურ საკრედიტო ვალდებულებას ოდნავ მაინც აღემატება.
„ასეთ პერიოდში, როცა ინფლაცია გამოწვეულია ფასების ზრდით, არ მიმაჩნია სწორად და მიზანშეწონილად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მეტი ფინანსები უნდა წავიდეს რეალურ ეკონომიკაში, რომ ინფლაციას ვებრძოლოთ არა განაკვეთების, არამედ ფულის მასის ზრდით. ეს აუცილებელია, რათა მეტი პროდუქცია და მომსახურება იქნას წარმოებული და მიეწოდოს მოსახლეობას, რომ ფასები წამოვიდეს დაბლა. ფინანსური რესურსი მიზანმიმართულად უნდა წავიდეს გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. სამწუხაროდ, ერთ წრეზეა სიარული, იმატებს ფასები, შემდეგ მკაცრდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და სესხები ძვირდება“, – აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია და დასძენს, რომ ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში აწარმოებს, არასწორია. მისივე თქმით, ჩვენს სამეზობლოში და ევროპაშიც სესხები დაბალ პროცენტებში გაიცემა. როცა ეკონომიკა რეცესიაშია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არანაირად არ უწყობს ხელს ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და შედეგიც სახეზეა. ფაქტობრივად ეს არის გადასახადი, რომელსაც ბანკები ეროვნულ ბანკს უხდიან და ამის გამო უძვირდება სესხი მომხმარებელსაც.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
რამდენი ვისესხეთ, რისთვის და რამდენ პროცენტში?..
გაითვალისწინებს თუ არა ეროვნული ბანკი ანალიტიკური წრეების მოსაზრებას, დრო გვიჩვენებს, ტენდენცია ძალიან მალე, მომდევნო თვის 15 რიცხვში გამოიკვეთება. მანამდე კი მოდუნებისა და ფულის გაძვირებით გამოწვეული სიამოვნების მიღების დროა!..
 
ყველა ახალი ამბავი
0