თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს და იაპონიას შორის წლის დასაწყისში ხელმოწერილი საინვესტიციო შეთანხმება ძალაში შევა 23 ივლისს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
ქვეყნებმა „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 2021 წლის 29 იანვარს.
„შეთანხმებაში განსაზღვრულია იაპონიას და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის ყოვლისმომცველი და დეტალური წესები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, იაპონიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აცნობა საქართველოს მთავრობას, რომ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები დასრულდა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აზიისა და ევროპის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რათა გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. ასევე მიმდინარეობდა საქმიანობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებს იმ ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. შესაბამისად, იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში“, - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რელიზში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო ღიაა იაპონური კაპიტალისთვის. საქართველო, ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგებით, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობითა და მსოფლიოს მსხვილ ბაზრებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, მიმზიდველია იაპონური ინვესტიციებისთვის.
„შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და იაპონიას შორის საქმიანი წრეების დაახლოების, ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისა და საქართველოს ბაზარზე იაპონური კაპიტალის შემოსვლის პროცესს“, - განაცხადა არველაძემ.
აღინიშნა, რომ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის 2017 წელს დაიწყო და გაიმართა მოლაპარაკების ექვსი რაუნდი.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 2020 წელს 172,3 მლნ დოლარი შეადგინა. ხოლო 2021 წლის იანვარ-მაისში - თითქმის 67 მლნ დოლარი.