თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველომ და იაპონიამ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ორივე ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს ინვესტიციების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რამაც უნდა გაამარტივოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობა, სტიმული მისცეს სამეწარმეო ინიციატივას და დაეხმაროს ეკონომიკური რესურსების ეფექტურ განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერით და ჩვენი აქტიური მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდური პერიოდში რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ, შემოვიყვანოთ ჩვენთან სხვადასხვა დარგში და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას“, – განაცხადა თურნავამ.
იაპონია საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 2,8 მილიონ დოლარს გამოუყოფს>>
იაპონიის ელჩის თქმით, შეთანხმება იაპონელი ბიზნესმენებისთვის კარგი გზავნილი გახდება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ბიზნეს–გარემო უმჯობესდება. ამგვარად მათ გაუჩნდებათ დამატებითი სტიმული, რომ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.
მოლაპარაკებები შეთანხმებაზე 2017 წელს დაიწყო. მინისტრის თქმით, იაპონია საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, ბოლო ათ წელიწადში საქართველოში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიციაა ჩადებული.
„ეს ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან ბევრია ტექნიკური დახმარების პროგრამა, რაც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო ერთ წელში, პანდემიის მიუხედავად, ისეთი მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, როგორიც არის საქართველოში იაპონური გიგანტი კორპორაციის „ტეპკოს“ შემოსვლა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიცია“, – განაცხადა თურნავამ.
მსხვილმა იაპონურმა ენერგოკორპორაციამ Tokyo Electric Power Co (TEPCO) 2020 წლის გაზაფხულზე დარიალის ჰესის აქციების 31,4% შეისყიდა, რომელიც ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე მდებარეობს. ვიეტნამის შემდეგ, ეს იაპონიის საზღვრებს გარეთ ენერგეტიკის სექტორში კომპანიის რიგით მეორე ინვესტიციაა.
შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ნათია თურნავამ იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის“ წარმოება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ.
საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ 15.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ 2020 წელს 172.3 მლნ დოლარი შეადგინა.