თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინის დეფიციტის მიზეზის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი შევიდა.
შემოწმების ჩატარების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში AstraZeneca-ს ვაქცინის გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა.
რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა. როგორც მაშინ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება ვაქცინების დანაკარგებს, გამყრელიძის თქმით, სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი იყო AstraZeneca-ზე, რადგან ის 10-დოზიან ფლაკონებშია დაფასოებული და გახსნის შემდეგ გარკვეული დოზები აუთვისებელი რჩებოდა, თუ ასაცრელად ჩაწერილი ადამიანი ვაქცინაციაზე არ გამოცხადდებოდა.
როგორც გამყრელიძემ დღეს აღნიშნა, საქართველოში არავითარი ვაქცინა არ გამქრალა.
„როგორც ინფორმირებული ვარ, იმ ქარხანაში, რომლიდანაც უნდა ყოფილიყო მოწოდება, თავად გაეროს ბავშვთა ფონდმა ვერ მიიღო შესაბამისი დოზები და ვერ შემოვიდა მესამე პარტია ქვეყანაში, აღმოჩნდა გარკვეული დეფიციტი 4000-დან 5000-მდე მეორე და პირველ აცრაზე 30 ივნისამდე ჩაწერილი ადამიანებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ივლისში ქვეყანა ვაქცინების საკმაოდ დიდ რაოდენობას მიიღებს და დეფიციტი აღარ იქნება.
როგორც გამყრელიძემ გასულ კვირაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივლისის დასაწყისიდან საქართველო ეტაპობრივად დაიწყებს სხვადასხვა დასახელების ვაქცინების, მათ შორის 43 ათასი დოზა AstraZenecа-ს მიღებას.
რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც AstraZeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაციაზე იყვნენ დარეგისტრირებული და პირველი დოზის მიღებიდან 10–12 კვირა გაუვიდათ, გამყრელიძის თქმით, მათ უკვე შეუძლიათ სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1,8 ათასი მოქალაქე შეძლებს AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრას.
ამასთან, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, ეს არის დროებითი შეფერხება და ვაქცინაციის პროცესი ისევ გაგრძელდება.
„რაღაც დოზები მოითხოვა ჯანმომ, რათა შეემოწმებინა – ამ ვაქცინების შენახვის პირობები რამდენად სწორად იყო დაცული. შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია და ეს დოზები ისევ დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს", – განაცხადა გოფოძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, კონკრეტული პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.
„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისათვის“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 245.380 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 88.754 ადამიანი.