„დეფიციტი აღარ იქნება“ – მთავარი ეპიდემიოლოგი ვაქცინების შესახებ

© photo: Sputnik / Магда Гибелли / გადასვლა მედიაბანკშივაქცინები
ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი სხვადასხვა კომპანიის ვაქცინები შემოვა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ივლისში ქვეყანა ვაქცინების საკმაოდ დიდ რაოდენობას მიიღებს და დეფიციტი აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივლისის დასაწყისიდან საქართველო ეტაპობრივად დაიწყებს სხვადასხვა დასახელების ვაქცინების, მათ შორის 43 ათასი დოზა AstraZenecа-ს მიღებას.

„სავაჭრო ცენტრ Hualing-ში უკვე გაიხსნა პირველი დიდი ამცრელი სივრცე. ასეთივე დიდი სივრცეები გაიხსნება ყველა დიდ ქალაქში, რათა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს. ვადასტურებ ძალზე მყარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ვაქცინების საკმაო მარაგი შეიქმნება“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამყრელიძე: საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება

მისი განმარტებით, რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველო დონაციის სახით აშშ-დან ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.

„ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ვაქცინების დეფიციტი, ის მწარე გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში ბოლო 4–5 დღის განმავლობაში შეიქმნა, აღარ განმეორდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც AstraZeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაციაზე იყვნენ დარეგისტრირებული და პირველი დოზის მიღებიდან 10–12 კვირა გაუვიდათ, გამყრელიძის თქმით, მათ უკვე შეუძლიათ სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1,8 ათასი მოქალაქე შეძლებს AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრას.

გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია აღნიშნული პრეპარატით მოქალაქეების პირველი დოზით ვაქცინაციის შესაძლებლობა და მათ ამის შესახებ სმს–შეტყობინებები დაეგზავნათ.

რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 245.380-მა ადამიანმა გაიკეთა, მათგან ორი დოზით აცრილია 88.754 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0