ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას: თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კონფლიქტს ეხმაურება

© Sputnik / Alexander Imedashviliნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროს მიზანია შედგეს მოლაპარაკება, აღარ იყოს პროტესტი და „ნამახვანჰესი“ მშვიდ ვითარებაში აშენდეს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ირაკლი ღარიბაშვილი: ამჟამინდელი პირობებით „ნამახვანჰესის“ მშენებლობა არ გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული პირობებით არ გაგრძელდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას „ნამახვანჰესის“ პროექტი და პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა და ის ამაზე აქტიურად მუშაობს.

მანამდე, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.

თურნავას განცხადებით, ექსპერტებისთვის შექმნილია პლატფორმა, რათა ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს.

ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ პროექტი ყოველმხრივ შესწავლილია>>

„თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვიეს ეს საბუთები, მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო მედიატორების (ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები) ჩართულობით შეხვედრაზეც, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი, და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში „რიონის ხეობის მცველებიც“ ჩაერთვებიან.

თურნავას განცხადებით, პროექტის გაუმჯობესება და კითხვებზე პასუხის გაცემა გაცილებით უპრიანია მოლაპარაკების მაგიდასთან მოხდეს, ვიდრე ქუჩაში. მით უფრო, როდესაც ამას უძღვება მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი მედიატორი, აღნიშნა მინისტრმა.

„ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
თურნავა: ინვესტორი მზად არის ხელი შეუწყოს კომპრომისის მოძებნას „ნამახვანჰესის" საკითხზე

თურნავას განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი ის არის, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი პრობლემატურია და მოსახლეობაში კითხვებს იწვევს.

„პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარით გადაცემის თემას. კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია, მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია, ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა“, – ამბობს თურნავა.

ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტრო მოლაპარაკებასაც აწარმოებს ინვესტორთან.

„კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება, რადგან მათი ამოცანაცაა, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას“, – განაცხადა თურნავამ.

ხანგრძლივი დაპირისპირება

„რიონის ხეობის მცველების" ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი მიიჩნევს, რომ მთავრობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია და ერთიანი მოსაზრება არა აქვთ.

გოლეთიანის თქმით, ინვესტორისთვის იჯარით მიწის არა 99, არამედ 49 წლით გადაცემა პრობლემას ვერ გადაჭრის.

ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
მთავრობას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არა აქვს – პასუხი პრემიერს

მისი თქმით, მთავრობასთან შაბათს მოლაპარაკებები გაიმართება საერთაშორისო მედიატორების ჩართულობით და ამაზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა შემდეგი მასშტაბური აქცია.

ამ ეტაპზე ჰესის მოწინააღმდეგეები განაგრძობენ პროტესტს და ამტკიცებენ, რომ თურქული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ჩუმად ახორციელებს.

„რიონის ხეობის მცველებმა" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს დედაქალაქშიც, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა. აქციაზე მთავრობის მისამართით რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც 24 და 25 მაისს თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს.

შემდეგ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ განაგრძეს, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მომიტინგეებს სოფელ ნამოხვანისკენ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ადგილისკენ გზას უღობავს.

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები გაათავისუფლა

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ რკინის ბარიკადების გარღვევა და სოფელ ნამოხვანისკენ წასვლა სცადა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ მომიტინგეებმა რკინის ჯებირებზე მუშტებით ბრახუნი დაიწყეს. ხმაურიანი პროტესტის ეს ფორმა თითქმის ერთი კვირა გრძელდება.

გარდა ამისა, „რიონის ხეობის მცველები“ გზას უღობავენ კომპანია ENKA-ს მანქანებს და მათ სამშენებლო მოედანზე არ უშვებენ. მომიტინგეების თქმით, კომპანიის მუშები ნამოხვანში პოლიციის მანქანებით ფარულად გადაჰყავთ.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი გააგრძელებენ რკინის ჯებირის გარღვევის მცდელობებს და ხმაურის აქციებს და ამით სამართალდამცველებსა და კომპანიის თანამშრომლებზე მორალურ ზეწოლას მანამ განახორციელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

აქციის მონაწილეები არ იშლებიან და რჩებიან კარვებში, რომლებიც სამ ლოკაციაზეა გაშლილი: რკინის ჯებირებთან, გუმათში ENKA-ს ოფისთან, ასევე სოფელ ტვიშში.

ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
ნამახვანჰესის პრობლემის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციები ერთვებიან

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0