თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 27 მაისს გამართულ აქციაზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაკავებული მოწინააღმეგეები გაატავისუფლა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 224 დღეა გრძელდება. ქუთაისში რამდენიმე მასშტაბური აქციის შემდეგ აქციის მონაწილეები 23 მაისს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩავიდნენ. მათ ულტიმატუმის ფორმით მთავრობას წაუყენეს რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც არ შესრულდა, რის შემდეგ პროტესტი რიონის ხეობაში გაგრძელდა.
მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები.
რვა აქტივისტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, ხოლო მეორე მუხლით წარდგენილი ბრალდება საერთოდ არ განხილულა.
ქუთაისის სასამართლოში პროცესი გაიმართა საპროტესტო აქციის ფონზე, რომელიც „რიონის ხეობის მცველებმა“ გამართეს. შეკრებილები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.