თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მთავრობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია და ერთიანი მოსაზრება არა აქვთ, განაცხადა საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ, რომ ჰესის მშენებლობის გაგრძელება ამჟამად არსებული პირობებით შეუძლებელია.
ნამახვანჰესის პრობლემის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციები ერთვებიან>>
გოლეთიანის თქმით, ინვესტორისთვის იჯარით მიწის არა 99, არამედ 49 წლით გადაცემა პრობლემას ვერ გადაჭრის.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ამჟამინდელი პირობებით ვერ გაგრძელდება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ინვესტორთან უფრო მომგებიან პირობებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ასი ორმოცდაცხრად გადაკეთდება მხოლოდ და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მთავრობა დაბნეულია და განაგრძობს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას და თანდათანობით ამ განცხადებების ტონს ცვლის.
„ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება. ამ პატარა გამოსვლიდან რაც იკვეთება, როგორც ჩანს, არ აქვს გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პრემიერისთვის თუ ამდენად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც იყო გაფორმებული ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, ამას ასე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, მთავრობასთან შაბათს მოლაპარაკებები გაიმართება და ამაზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა შემდეგი მასშტაბური აქცია. მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვებიან ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქციების ქუთაისში ჩატარების შემდეგ აქციების მონაწილეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმის ფორმით რიგი მოთხოვნები წაუყენეს, რომლებიც არ შესრულდა. ამის შემდეგ აქციები ისევ რიონის ხეობაში გაგრძელდა.
საზოგადოების ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით.
ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ პროექტი ყოველმხრივ შესწავლილია>>
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.