15:48 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის საბჭოდან სპეციალისტების ჩამოსვლა, რომლებიც ჰესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში უნდა ჩაერთონ.

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. საერთაშორისო შუამავლები მზად არიან ჩაერთონ „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 222 დღეა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

თურნავამ დააანონსა ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის საბჭოდან სპეციალისტების ჩამოსვლა, რომლებიც ჰესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში უნდა ჩაერთონ.

„აქამდე მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს უკავშირდება მედიატორი და არკვევს ვითარებას, შემდეგ ჩამობრძანდება უახლოეს დღეებში საქართველოში და უკვე მოხდება პირველი შეხვედრა. მედიაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ერთ მაგიდასთან მოიყრის თავს და მოხდება მოსაზრებებისა და პრობლემების გაცვლა“, - განაცხადა მან.

ამავე დროს სოფელ გუმათში, ჰესის მშენებლობის მახლობლად საპროტესტო აქცია გრძელდება. უკვე ორშაბათს მომიტინგეები გადაინაცვლებენ ქუთაისში, სადაც თურქული კომპანიის ოფისის პიკეტირებას მოახდენენ. მანამდე კი მათ კომპანია Enka-ს რიონის ხეობაში შესასვლელი ექვს ადგილზე გადაუკეტეს და კარვები გაშალეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღეა მომიტინგეები აგრძელებენ „ხმაურის აქციას“, რომლითაც ისინი აპროტესტებენ პოლიციის მიერ რკინის ბარიკადების აგებას, რომელიც მათ პროტესტის ძველი ლოკაციისკენ, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

პროტესტის თემას შეეხო ასევე საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია პროტესტი ქსენოფობიური ელფერით.

„რაც მე მაშფოთებს არის ის, არსებობს თუ არა პროტესტთან დაკავშირებული რაიმე სახის დისკრიმინაცია. ვგულისხმობ კომპანიის წარმომავლობას. თუ ეს ასეა, მაშინ მე მაქვს პრობლემა, რადგან ეს არის თურქული კომპანია, რომლითაც ვამაყობთ. ის კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ჰესის აშენების ან არაშენების საკითხი დამოკიდებულია საქართველოსა და მის ენერგოუსაფრთხოებაზე, და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა ვინც, გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ“, - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". 

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მთავარი თემები