ვლადიმირ კორნილოვი
გავიხსენოთ თუნდაც 2018 წელი, როდესაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ჰელსინკის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დააკავეს. ან ის, თუ როგორ მოაწყო უკრაინამ ქერჩის ყურეში პროვოკაცია, რომელიც ბუენოს-აირესში G20-ის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტების შეხვედრის გადასადებად გამოიყენეს. არსებობს ეჭვი, რომ პროვოკაციები ახლაც იქნება პუტინისა და ბაიდენის ჟენევაში შეხვედრის ჩასაშლელად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მისი გართულების, მისი ჩატარებისთვის აუტანელი ფონის შექმნის მიზნით.
ყველაზე მეტად, თავისთავად ცხადია, ამისთვის ამერიკელი რესპუბლიკელები იღწვიან, რომლებმაც გადაწყვიტეს შური იძიონ დემოკრატებზე − მათზე და ასევე დონალდ ტრამპზე ყველა თავდასხმისთვის, რომელსაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ადანაშაულებდნენ პრორუსულობაში. სენატორი ტედ კრუზი, რომელსაც დემოკრატიული პრესა „პუტინის მარიონეტად“ იხსენიებდა, ახლა აშკარა სიამოვნებით საუბრობს ყველგან, როგორც „ძვრება ბაიდენი პუტინის, რუსეთისა და ამერიკის ყველა მტრის საწოლში“.
მაგრამ არსებობს ადამიანთა ერთი კატეგორია, რომლებიც ძალიან შფოთავენ მომავალი სამიტის გამო და ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩაშალონ ან გაართულონ იგი. ამ კატეგორიაში შედიან „რუსეთის საკითხთა ექსპერტები“, ანუ იგივე კრემლოლოგები. თითოეულ ასეთ შეხვედრაში ეს მრავალრიცხოვანი ექსპერტები ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავენ თავისთვის და ძრწოლას ჰგვრით საშინელი სიტყვა „გადატვირთვა“. და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად არავის სჯერა აშშ-სა რუსეთს შორის ურთიერთობების განახლება, დასავლელ კრემლოლოგებს მინიშნებაც კი აფრთხობს ურთიერთობებში რაღაც დათბობაზე.
მომავალი შეხვედრის გარშემო აუტანელი საინფორმაციო ატმოსფეროს შექმნის მცდელობის დროს მათ წმიდათაწმიდაც კი ხელყვეს: საჯაროდ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკას უფრო გონივრულად აგებდა, ვიდრე ამას ბაიდენი აკეთებს ახლა.
ამ აზრით ძალიან სახასიათოა The Times-ის ახალი საავტორო სვეტი, რომელსაც ხელს მთავარი ბრიტანელი კრემლოლოგი ედვარდ ლუკასი აწერს. მისი თქმით, „ბაიდენის გუნდი ობამას ადმინისტრაციის შეცდომებს იმეორებს“ რუსეთის მიმართ. ამის შემდეგ ლუკასმა ისეთი რამ განაცხადა, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა დასავლეთის ლიბერალური პრესისთვის: „პირიქით, დონალდ ტრამპის, როგორც არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის მქონე ადამიანის რეპუტაცია სულ უფრო დაუმსახურებლად გამოიყურება. ის მართალი იყო ჩინეთთან... ის სამართლიანად აკრიტიკებდა გერმანიას მისი ძუნწი, არაკომპეტენტური და თვითკმაყოფილი მიდგომის გამო თავდაცვისადმი. მან ასევე გაზარდა აშშ-ის სამხედრო ყოფნა ევროპაში“. და ამას წერს კაცი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ირწმუნებოდა, რომ „ტრამპი პუტინის მოკავშირე გახდა დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“. წარმოგიდგენიათ რამდენად დიდი შიშები აქვს რუსეთის საშტატო კრიტიკოსს ჟენევის შეხვედრის წინ, თუ ის მსოფლიო ისტორიაში ტრამპის როლის ასეთ ახლებურ შეფასებაზე წავიდა?
კრემლის წინააღმდეგ კიდევ ერთი მუდმივი მებრძოლია აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი, რომელიც სრულად იზიარებს კოლეგის შიშებს ჰიპოთეტური „გადატვირთვის“ გამო. რაღა თქმა უნდა, ბრიტანელისგან განსხვავებით, ამერიკელი დემოკრატი ვერ დაუშვებს ტრამპის მიმართ კომპლიმენტებს, მაგრამ თავის ამასწინანდელ სვეტში The Washington Post-სთვის მან პირდაპირ მოუწოდა კონფრონტაციისკენ:
„ბაიდენის მიზანი უნდა იყოს არა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, არამედ ბაიდენმა და მისმა გუნდმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტული მიზნები უსაფრთხოების, ეკონომიკის, ფასეულობების სფეროებში, რომელთა მიღწევაც სურთ, შემდეგ კი იმედგაცრუებისთვის იყვნენ მზად“.
კიდევ უფრო ღიად მაკფოლმა ტელეარხ MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა: „იმედი მაქვს, ისე არ მოხდება, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პუტინთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს. ეს არ მოხდება“. გადამდგარი დიპლომატი გამუდმებით იმედოვნებს, რომ ბაიდენი ჟენევაში არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს მოსკოვთან დაახლოებას და მხოლოდ „მკაცრი მესიჯებით“ შემოიფარგლება.
თუ იმ ანალიტიკოსების სტატიებსა და განცხადებებს გადავხედავთ, რომლებიც საკუთარ თავს „რუსეთის საკითხებში ექსპერტებს“ უწოდებენ, ვნახავთ, რომ მათი მოსაზრებები ამაში ერთმანეთს ემთხვევა. ფრანგი კრემლოლოგი მეთიუ ბულეგი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მუდმივი იზოლირების წინადადება წამოაყენა, ჟენევის სამიტის შესაძლო შედეგებს პროგნოზირებს და ღიად წერს: „რეალურად კარგია, რომ ახლა მოსკოვთან ურთიერთობები არ უმჯობესდება“.
„გადატვირთვას“ ისიც ზიზღით იხსენებს და ვარაუდობს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობები კვლავ მოილაპარაკონ მოსკოვთან, იმაზე მეტყველებს, რომ მათ „კუნთოვანი მეხსიერება“ აქვთ და „განვლილი გამოცდილებიდან გაკვეთილის გამოტანის კოლექტიური უნარი არ გააჩნიათ“. ბულეგი პირდაპირ მოუწოდებს რუსებთან მუდმივი კონფრონტაციისკენ რაიმე გაუმჯობესებაზე შანსის გარეშე. ის ვერც კი აცნობიერებს, რომ საკუთარ თავს ეწინააღდეგება, როდესაც ერთსა და იმავე სტატიაში ირწმუნება, რომ რუსეთი ეცემა, და რომ ის (და არა ჩინეთი) მაინც უნდა რჩებოდეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად. არადა, თითქოს დაცემის პროცესში მყოფი ქვეყნისა არ უნდა გეშინოდეს. ბულეგის მთელი ეს მსჯელობა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (Center for European Policy Analysis, CEPA) საიტზეა გამოქვეყნებული, რომელიც ბოლო პერიოდში ანტირუსული მასალების ერთ-ერთ ძირითად გენერატორად იქცა. სწორედ ამ ცენტრის ექსპერტები ცოტა ხნის წინ ღიად მოუწოდებდნენ „რუსეთის მართული დაცემისკენ“. ამ დაწესებულებას აკუთვნებს თავს ზემოთ ნახსენები ედვარდ ლუკასიც. ამავე რესურსზე ახლა ძლიან აქტიურობს აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი, რომელმაც ბევრი გააკეთა დონბასში კონფლიქტის ესკალაციისთვის. ჟენევის სამიტის შესაძლო შედეგების ანალიზისას ამერიკელმა ბაიდენის გუნდს მოუწოდა, არ ისწრაფონ „სტაბილურობისა და პროგნოზირებადობისკენ“ და, პირიქით, შექხვედრის წინ ახალი მკაცრი სანქციები დაუწესონ რუსეთს. მისი აზრით, ეს „მოლაპარაკებების ძალის პოზიციიდან წარმოების“ ნიშანი იქნება. თუმცა ამ რჩევებიდან გაუგებარია, ახალი სანქციების გამო შეხვედრა რაღატომ უნდა ჩატარდეს. თითქოს აშშ-ს ცოტა სანქცია აქვს დაწესებული ყოველგვარი სამიტის გარეშე.
მაგრამ ასეთია პროფესიონალი კრემლოლოგების ლოგიკა, რომლებსაც საკუთარ ამოცანად კონფლიქტებიდან გამოსვლა კი არ მიაჩნიათ, არამედ მათი ესკალაცია. ზოგ მათგანს აქამდე გონებაში აქვს 90-იანების „საშინელებები“, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლელი სოვეტოლოგების მნიშვნელოვანი კოჰორტა, რომელთა შორის ნამდვილად იყვნენ პროფესიონალებიც, საქმეს ჩამოშორდა. გაუქმდა ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც „რუსულ საკითხზე“ სპეციალიზდებოდნენ, შემცირდა პროპაგანდისტული „ხმები“, რომლებიც საბჭოეთისთვის მაუწყებლობდნენ. შემდეგ ამ ექსპერტების ნარჩენებს ობამას დროინდელმა „გადატვირთვამ“ დაარტყა − ამიტომაცაა, რომ მას ესოდენი სიძულვილით იხსენიებენ. ბევრი მათგანი არასაჭირო გახდა და დავიწყებას მიეცა.
2014 წლის მოვლენებმა კვლავ დააყენა იმათი სამსახურის საჭიროება, ვინც მედიასაშუალებებში ანტირუსული განწყობების გაღვივებაზე სპეციალიზდებოდა. დადგა კრემლოლოგების რენესანსი, რომლებიც, თუ გაჟონილი ამბებით ვიმსჯელებთ, დაკავშირებული არიან ბრიტანული Integrity Initiative-ს მსგავს პროექტებთან და არცთუ ცოტა ფულს იღებენ. რა თქმა უნდა, მსგავს პროექტებში ჩართული პირები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი განტვირთვის მსგავსიც კი ჩაშალონ.
სხვათა შორის, ამერიკელმა ექსპერტმა ტომ როგანმა ისიც კი თქვა, რომ „ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის კურიერად იქცა“. კიდევ სხვა ამერიკელმა ჟურნალისტმა გლენ გრინვალდმა კი, რომელიც თავის დროზე ედვარდ სნოუდენისგან მიღებული მასალებით გახდა ცნობილი, ძველი სიმღერა წამოიწყო, რომელსაც ლიბერალური პრესა მღეროდა ტრამპზე: „რა აქვს პუტინს ბაიდენის შესახებ ფინანსურად, პოლიტიკურად თუ პერსონალურად? მე პასუხი არ ვიცი, მაგრამ აქ აშკარად რაღაც უცნაური ხდება“. ასეთია ახალი დასავლური ანალიტიკის დონე.
უახლოეს დღეებში არაერთ ასეთ მასალას ვნახავთ. რა თქმა უნდა, ბაიდენზე მედია-ზეწოლის ხარისხი ჯერჯერობით ვერ შეესაბამება ანტიტრამპულ ისტერიკას „რაშაგეიტის“ ირგვლივ, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ის გაძლიერდება, თუ ჩვენს ურთიერთობებში ესკალაციის შესუსტების თუნდაც მცირე მინიშნება გაჩნდება.
კრემლოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო გროტესკულ ფორმებს იძენს, უკვე ძალიან შემოსავლიან საქმედ იქცა თვითმარქვია ჟურნალისტებისა და ექსპერტებისთვის. ისინი არასდროს მოისურვებენ ახალ განტვირთვას, ამის პერსპექტივა რომც არსებობდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს