სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიის პროლოგად ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სიტყვებს მოვიშველიებ:
„რა ხდება 2021 წელს? იგივე, რაც წინა წლებში. ლარი იწყებს სეზონურ გამყარებას... რატომ არის ეს პროცესი აშკარა სეზონური შინაარსის მატარებელი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილი ამინდებია, არამედ იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადები ამ პერიოდში სხვანაირად მოძრაობს. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მუდმივი ჩამორჩენაა. საბიუჯეტო რესურსების ინტენსიური „ათვისება“ წლის მეორე ნახევარში იწყება. ასე რომ, დავანებოთ თავი ტვინის ჭყლეტას იმაზე, თუ რა მოსდის ლარს. ისიამოვნეთ იმით, რაც გვაქვს. ლარი ყოველთვის ასე ხომ არ გვანებივრებს?! თანაც ვიცით, რომ ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანს“, − წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანსო − ბრძანა ყოფილმა მთავარმა ბანკირმა და, ვეჭვობ, დანავსა ეროვნული ვალუტა. ფაქტი ჯიუტია, ვარაუდი გამართლდა. თავად განსაჯეთ, ერთთვიანი მკვეთრი გამყარების შემდეგ მიმდინარე სამუშაო კვირა ეროვნულმა ვალუტამ უმნიშვნელო გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 3.150-3.165 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ბიზნეს–ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ლარის კურსის კვლავ გაუფასურება ბუნებრივი პროცესია. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში პოზიტიური მოლოდინები იქნება, ლარის გაცვლითი კურსი რეალურ ნიშნულს დაუახლოვდება.
„არსებობს რეალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვაძლევს კარგ ინდიკატორს – ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით როგორია ლარის კურსი. ლარი იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე ამის საშუალებას ეფექტური გავლითი კურსი იძლეოდა. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ლარი დაუბრუნდა 3.15–3.16 ნიშნულს. ეს იყო დაახლოებით ის, რასაც სამი კვირის წინ ვპროგნოზირებდით. ჩვენ ვამბობდით, რომ იყო სპეკულაციური განწყობები, არ იყო ნდობა და, შესაბამისად, ლარი იმაზე უფრო ძვირი იყო, ვიდრე ეს ჩანდა ეფექტური გაცვლითი კურსით“, − განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
სტატიის სათაურში დასმულ კთხვაზე − დაიწყო თუ არა ლარმა უკუსვლა, პასუხს, იმედია, უახლოეს დღეებში მივიღებთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ 1 ამერიკული დოლარი 3.4430 ლარი ღირდა. მაისის თვის მეორე ნახევრიდან დაწყებული ივნისის თვის პირველი კვირის ჩათვლით ეროვნული ვალუტა 36.4 თეთრით, ანუ 11,6 პროცენტით გამყარდა და შედეგად – ამერიკული დოლარის მიმართ ლარის კურსი გასული წლის სექტემბრის დასაწყისის მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ლარის მკვეთრი გამყარების მიზეზად ანალიტიკოსებმა რამდენიმე ფაქტორი დასახელეს. კერძოდ: შემსუბუქდა COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები; კომენდატის საათმა ორი საათით გადაინაცვლა; რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება უკვე უქმე დღეებშიც მიეცათ. ზოგადად, გააქტიურდა ეკონომიკური საქმიანობა. მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარე წლის აპრილის თვეში კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი თითქმის 70 პროცენტით გაიზარდა. ცნობილია, რომ პანდემიის დაწყებიდან მაისის თვეში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის − 104.700 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 180 პროცენტით მეტია. სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 52.688 ვიზიტორი ქვეყანაში საჰაერო გზით შემოვიდა, რაც თავის მხრივ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად რეფინანსირების სესხის ჯამური მოცულობა 3 მილიარდი ლარიდან 980 მილიონ ლარამდე შემცირდა. რეკორდულად გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა... მაკროეკონომიკური პარამეტრების მკვეთრად გაუმჯობესების შედეგად, განახლებული ოპტიმისტური პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ნაცვლად 5,5 პროცენტისა, 6-7 პროცენტის ფარგლებში იქნება...
ეს ყველაფერი კარგია და იმედის მომცემი, მაგრამ ცხოვრება სულ უფრო ძვირდება. მაისის თვეში, აპრილის თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელმა 0,5 პროცენტით მოიმატა და წლიური 7,7 პროცენტი შეადგინა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს პურის ფქვილსა და ელექტროენერგიაზე სუბსიდირება ფასების შენარჩუნების ნაცვლად გაძვირებად რომ ჩაეთვალა, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი გვექნებოდა. როდის აისახება ეროვნული ვალუტის გამყარება ფასებზე? − დაინტერესდება მკითხველი და თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალიტიკოსები ფასების ზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებენ, მართალიც იქნება. საკამათო არ არის, რომ შეკითხვა ლოგიკურია და შესაბამის პასუხსაც მოითხოვს. არადა, სასიკეთო პირი არ უჩანს. ვერაფრით გაგახარებთ. ანალიტიკოსთა უმრავლესობის მოსაზრებით, მიმდინარე წელს ფასების შემცირება ნაკლებად სავარაუდოა.
„რა თქმა უნდა, ფასების ზრდის დინამიკას ლარის გამყარება მნიშვნელოვნად შეაკავებს, მაგრამ მომდევნო თვეებში გვაქვს გასული წლიდან გადმოყოლილი ე.წ. დაბალი საბაზრო ეფექტი. ამიტომ საკამათოა, წელსვე შევძლებთ თუ არა წლიური ინფლაციის შეკავებას და შემცირებას. სხვა საკითხია, რომ თუ ლარის გამყარება ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, მომდევნო წელს დეფლაცია მივიღოთ, რაც ბევრის და, მათ შორის, ჩემი აზრითაც, ჩვენს რეალობაში, შესაძლოა, დიდი ტრაგედია არ იყოს. განსაკუთრებით მოკლე პერიოდში მაღალი ინფლაცია ყოველთვის გამყარების მოლოდინს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსიც გამყარდება, ხოლო როდესაც მოლოდინები პირიქით არის, საპირისპირო ხდება. ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ოპტიმისტური პროგნოზებისგანაც თავი შევიკავოთ“, – აცხადებს ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია.
იმედია, დამეთანხმებით, გაძვირებული ცხოვრების პირობებში ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ჯიბეს ყველაზე მეტად სურსათზე გაზრდილი ფასები ურტყამს. როგორც ირკვევა, საკვები პროდუქტების გაძვირება გლობალური პრობლემაა. გაეროს სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მაისში სურსათზე ფასების ზრდამ ათწლიან მაქსიმუმს მიაღწია. მიმდინარე წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისი ინდექსი 40 პროცენტით
გაიზარდა, რაც უახლოეს თვეებში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდის საფრთხეს ქმნის.
ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, ჯერჯერობით გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, მიმდინარე წელს სურსათის ფასების ინდექსი გასულ წელთან შედარებით ჯამში 6,3 პროცენტით გაიზრდება. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს წინა წელთან შედარებით ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა.
საერთაშორისო ექსპერტები შიშობენ, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ღარიბი ქვეყნები დაზარალდებიან, სადაც ან იმპორტზე არიან დამოკიდებული, ან მოსახლეობა შემოსავლების უდიდეს ნაწილს სწორედ სურსათზე ხარჯავს...