ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

© Sputnik / STRINGERქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი
ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის ვერდიქტი... ინფლაციის გაუარესებული საპროგნოზო მაჩვენებელი, გამკაცრებული მონეტარულ პოლიტიკა, გაძვირებულ კრედიტები, გაქცეულ ლარი და გაღარიბებული მოსახლეობა... დაღმართი, რომელსაც არ უჩანს ბოლო...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოვეხმაურები. კობა გვენეტაძის უწყებამ წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა და 6.5 პროცენტამდე გაზარდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტით 9.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა სწორედ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუარესებამ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია გასული წლის ბოლოდან გამოიკვეთა. მიმდინარე წლის თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ვწერდი, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინი ჰქონდათ სახელისუფლებო კულუარებსა და ანალიტიკურ წრეებში. ვარაუდი გამართლდა. 

თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

რეფინანსირების სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთი − 9.5 პროცენტი ბოლო ცამეტი  წლის მაქსიმუმია. უფრო მაღალი განაკვეთი −10 პროცენტი 2008 წლის იანვარ-ოქტემბერში მოქმედებდა. საინტერესოა, როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს გადაწყვეტილებაზე...

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აუცილებელი იყო. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კი არის.. დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი გვიმტკიცებდა, რომ ლარის კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე არ აისახებოდა. თუმცა, უკვე გასული წლის ზაფხულიდან აღიარა, რომ ეს ასე არ არის. მაღალი დოლარიზაციის და სასაქონლო ბაზრის იმპორტ დამოკიდებულების პირობებში სხვანაირად ვერც იქნება. ლარის კურსი აისახება ფასებზე. ვთვლი, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა წლიურ ჭრილში ვერ მოხერხდება. ეროვნული ბანკშიც ამბობენ, რომ მომავალი წლის დასაწყისშიც ინფლაცია არ იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან. ეროვნულ ბანკს არავინ სთხოვს სასწაულს. მისი მიზანი ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლია, ეს უწერია ეროვნულ ბანკს კანონში...“, − აცხადებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური.

ვალუტის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას გამოიწვევს.

„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის პოლიტიკა ფასების სტაბილიზაციის ნაცვლად, ფასების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკური კრიზისის დროს ჯაჭვი შემდეგნაირად ლაგდება: ძვირდება კრედიტი ანუ გადამხდელ სუბიექტებს ეზრდებათ ხარჯები, ხოლო გაზრდილი ხარჯების ამოღებას ისინი გასაყიდად მიწოდებულ საქონლისა თუ მომსახურების ფასების ზრდით ეცდებიან, რაც სწორედ რომ ინფლაციაა. სხვა თანაბარ პირობებში, არა კრიზისისას, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ინსტრუმენტი. მაგრამ გრძელვადინ პერიოდში, როგორც ჩვენთან, უკვე 1 წელია მაღალი განაკვეთი გვაქვს, შედეგიც არ აყოვნებს და ვიღებთ ინფლაციასა და მოსახლეობის გაღარიბებას... მეტიც, კატეგორიულად გაუმართლებელია რეფინანსირების პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრად გაზრდა ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოების შემოსავლები ისედაც მკვეთრად შემცირებულია...“, − აცხადებს ექსპერტი რამაზ გერლიანი

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია... ანუ სად არის ეკონომიკური კრიზისის გასაღები?

როგორც ექსპერტთა წრეში აცხადებენ, მზარდი ინფლაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა და ისიც ლოგიკურია, რომ პრეტენზიები ეროვნული ბანკისკენ მიემართება... კობა გვენეტაძის უწყებაში კი განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და არა ლარის კურსის დაჭერა... ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ბანკი, ხშირ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევასაც ვერ ახერხებს და ინფლაციის განაკვეთი, როგორც წესი,  სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაციას ანელებს, მაგრამ როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. კერძოდ, 124 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხის პროცენტი გაეზარდა... მაინც რამდენით? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განვმარტავ, ზუსტად იმდენით რამდენითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა ანუ ამჯერად 1 პროცენტით. ბევრა ეს თუ ცოტა?.. თითოეულ მომხმარებელს თავადაც შეუძლია, რომ მარტივად დაიანგარიშოს, რამდენით გაუძვირდა საკრედიტო ვალდებულება. თუ დაიზარებს, არც ეს არის პრობლემა, კომერციული ბანკი შეახსენებს... ჩვენ კი უპრიანი იქნება, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილოთ. მეტი სიზუსტისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემები მოვიშველიებ...

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სულ 124700 სესხია გაცემული. საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 7423.1 მილიონი ლარია.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია გაცემული. 56300 ე.წ. იპოთეკური კრედიტი საშუალოდ 10.83 პროცენტშია გაიცა, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2736.7 მილიონი ლარია.

მომდევნო პოზიცია სამომხმარებლო კრედიტებს უკავია. ამ ტიპის 36200 სესხია გაცემული. პორტფელის მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარია. სამომხმარებლო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.14 პროცენტი შეადგინა.

პირველ სამეულშია ბიზნესკრედიტებიც. ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად  კომერციულმა ბანკებმა 28100 სესხი გასცეს, რაც 1 მარტის მაჩვენებელზე 600 ერთეულით ნაკლებია. ბიზნესესხების მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. საბანკო სექტორმა მცირე და საშუალო ბიზნესი 1099.6 მილიონი ლარით საშუალოდ 13.02 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი 2377.5 მილიონი ლარით, საშუალოდ 12.6 პროცენტში დააკრედიტა.

ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მილიონი ლარი კომერციულმაბანკებმა საშუალოდ 14.09 პროცენტში გაასესხეს.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 3300 სესხის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზებზეა − 15.07 პროცენტი.

და ბოლოს, „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტთა შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება წინა პერიოდში გამოვლენილი საკმაოდ ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. კობა გვენეტაძის უწყება, როგორც ჩანს, ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა თუ ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც სწორედ ამით არის განპირობებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. საინტერესოა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის ვერდიქტი... როგორც კობა გვენეტაძე აცხადებს, შესაძლო გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული... ასე რომ, დაველოდოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0