პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია... ანუ სად არის ეკონომიკური კრიზისის გასაღები?

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
მზარდი ინფლაცია, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, რეკორდულად შემცირებული უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად განულებული ტურისტული შემოსავლები, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ქვეყანა მორიგი "ლოკდაუნის" მოლოდინში და ეკონომიკის პერსპექტივა...

სამსონ ხონელი

გადავწყვიტე სამუშაო კვირის ბოლოს კვირის დასაწყისში გავრცელებული ერთი ინფორმაცია შეგახსენოთ. რატომ? მეხსიერებას არ ვუჩივი − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა. გამეორება ხომ ცოდნის დედაა?! − ვიტყვი საპასუხოდ და აქვე დავძენ, რომ მხოლოდ გამეორებით როდი შემოვიფარგლები.

ერთი სიტყვით, ორშაბათს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გასაჯაროვდა. საველე სამუშაოები 2-26 თებერვალს ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის მეთოდით პირისპირ ინტერვიუს გზით სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა. ყოველ მათგანს საარჩევნო ხმის უფლება ჰქონდა. არჩევნები ვახსენე, თუმცა კვლევის პოლიტიკურ ნაწილზე არ შევჩერდები და მკითხველის ყურადღებას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მივაპყრობ. პოლიტიკამ რა დაგიშავა? − შესაძლოა, ისევ ჩამეძიოს მკითხველი. არაერთხელ მითქვამს, რომ მკვდარზე ლაპარაკი არ მინდა. ის, რაც ჩვენში პოლიტიკად არის სახელდებული, ვეჭვობ, ყველაფერია პოლიტიკის გარდა. თანაც უკვე დიდი ხანია, რაც ყოველი კვლევის შედეგები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკური პროცესებისადმი მოსახლეობის ნიჰილიზმსა და საზოგადოების ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებას.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

ამთავითვე ვიტყვი – არაფერი ახალი და მოულოდნელი. IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში მკაფიოდ იკითხება მოქალაქეთა შეშფოთება და წუხილი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო. ეს განწყობა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებშიც აისახა, რომელსაც 23 მარტს გავეცანით. ცვალებადი რიცხვები უცვლელი ტენდენციით... გასაკვირიც არ უნდა იყოს. საველე სამუშაოები ხომ ფაქტობრივად ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარდა. განსხვავებული კვლევის მეთოდი იყო – NDI სატელეფონო გამოკითხვით შემოიფარგლა.

IRI-ს კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის 76 პროცენტი აცხადებს, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. მათ შორის 39 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა. გამოკითხულთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად, ან ძალიან ცუდია. რესპონდენტთა 63 პროცენტის შეფასებით კი, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ქვეყნის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოკითხულთა 65 პროცენტი უმუშევრობას ასახელებს. მათ შორის 34 პროცენტის აზრით, უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. და, ბოლოს, რესპონდენტთა 54 პროცენტი ეკონომიკურ კრიზისზე მთავრობის პასუხს უარყოფითად აფასებს. 

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

გასული წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და მისი უმძიმესი შედეგების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ამგვარი განწყობა არავის გააკვირვებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი ათასობით მოქალაქემ დაკარგა და ამდენივეს საგრძნობლად შეუმცირდა. ყოველივე ამის პარალელურად სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა. ეროვნულმა ვალუტამ კი ყველა „რეკორდი“ მოხსნა. მეტიც, საველე სამუშაოები აპრილის პირველ რიცხვებში რომ ჩატარებულიყო, მოსახლეობის განწყობა კიდევ უფრო ნეგატიური იქნებოდა. მოგეხსენებათ, მარტის თვეში წლიურმა ინფლაციამ 7,2 პროცენტი შეადგინა. მზარდი ინფლაციის საპასუხოდ ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა  გაამკაცრა. შედეგად კი 120 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საკრედიტო ვალდებულებები გაუძვირდა. მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები კიდევ 4,4 პროცენტით დათმო. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის სახით სავალუტო ბაზარს ჯამურად უკვე 187.5 მილიონი დოლარი მიაწოდა, ლარის დასტაბილურება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

ანალიტიკოსთა შეფასებით, არსებული ეკონომიკური კრიზისი COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი ხანგრძლივი დროით უბრალოდ გაჩერდა. ჯერ იყო „ლოკდაუნი“, შემდეგ – ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შედეგად გასული წლის მიწურულიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან გაუარესდა. უკვე რამდენიმე დღეა, მედიკოსები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ „მესამე ტალღა“ გარდაუვალია, რასაც მაღალი ალბათობით მორიგი „ლოკდაუნი“ მოჰყვება. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაც ადვილად პროგნოზირებადია.

Виды Тбилиси - прохожие на улице в старом городе идут мимо закрытых кафе - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ალო, ყური დამიგდეთ... კითხვა მაქვს თქვენთან...

ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში მთავარი ამოცანა ინფლაციის შემცირება და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერებაა. თუმცა ამ ამოცანის გადაწყვეტის გზებზე განსხვავებული ხედვებია. ერთი ნაწილის მოსაზრებით, ე.წ. ლარიზაციის პროგრამა უნდა შეჩერდეს. მნიშვნელოვანია, რომ სესხები უცხოურ ვალუტაში გაიცემოდეს. ამ შემთხვევაში მიმოქცევაში მეტი დოლარი იქნება. როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ერთი მხრივ კომერციულ ბანკებს აძლევს ლარს, მეორე მხრივ კი ზღუდავს ეკონომიკის განვითარებას, რადგან საპროცენტო განკვეთი მატულობს, ანუ სესხი ძვირდება.

საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?

„რეფინანსირების სესხების ასეთი მაღალი ოდენობა განპირობებულია იმით, რომ გაზრდილია ლარზე მოთხოვნა. ბანკები თავისი ვალდებულებების მომსახურებას ვერ ახერხებენ, ამიტომაც ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების სესხებს იღებენ. აუცილებელია, დროებით მაინც, სანამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა, შეჩერდეს ლარიზაციის გეგმა, ეს პრინციპულია“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა 2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად – კომერციულ ბანკებს 200 ათას ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. იმხანად მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მსგავსად სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა. გაამართლა თუ არა ოთხი წლის წინანდელმა პროგნოზმა, ეს თავად განსაჯეთ.

ვალუტის ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
როგორ შეხვდა ლარი გაზაფხულს?.. რას მოუტანს მერცხალი ეროვნულ ვალუტას?

ანალიტიკურ წრეებში არის განსხვავებული მოსაზრებაც. კერძოდ – ლარიზაციის პროგრამის შეჩერებას მოკლევადიანი ეფექტი ექნება, ეკონომიკური კრიზისი ამით არ განიმუხტება, ხოლო ლარიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაზიანდება. ამ ვითარებაში საინტერესოა, როგორია ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პოზიცია?

კობა გვენეტაძის უწყებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი ხარისხია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუშაობა დოლარიზაციის შესამცირებლად გაგრძელდეს.

„ეროვნული ბანკის ახალი კვლევის შედეგებმაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონე ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსიდან ფასებზე ზეგავლენას მნიშვნელოვნად აძლიერებს. დოლარიზებული სესხების გამო გაცვლითი კურსის გაუფასურება კომპანიებს კრედიტის მომსახურების წნეხს საგრძნობლად უზრდის, რაც საბოლოო ჯამში ფასებზეც აისახება. ეს კი გაცვლითი კურსის, როგორც საგარეო შოკების შემარბილებლის, ფუნქციას ასუსტებს. დაბალი დოლარიზაციის შემთხვევაში იმავე მოცულობის უარყოფითი შოკის შესარბილებლად მცირე ზომის ნომინალური გაუფასურება გახდებოდა საჭირო. ამდენად, დოლარიზაციის შემცირება დადებითი მოვლენა იქნება როგორც ინფლაციის შესამცირებლად, ასევე გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

ამასობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე შეამცირა. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შედეგიც საეჭვოა. ეროვნული ბანკის კვლევით, იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის სექტორი არ გამოცოცხლდა, ზრდა მხოლოდ 1 პროცენტი იქნება. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შედეგები 30 აპრილს გამოქვეყნდება, პირველ ორ თვეში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი კი 8,3 პროცენტს გაუტოლდა. შესაძლო მორიგი „ლოკდაუნის“ ფონზე მოლოდინები უარესდება და ეს ლოგიკურია. როგორც ეკონომისტი, პროფესორი აკაკი ცომაია ვარაუდობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კიდევ უფრო შეამცირებს. იქნება თუ არა საერთოდ ზრდა, ან გაუთანაბრდება თუ არა ქვეყანა შემოსავლების ოდენობით 2019 წლის დონეს თუნდაც 2022 წელს, იმაზეა დამოკიდებული – გამოცხადება თუ არა მესამე „ლოკდაუნი“. მისივე თქმით, მთავრობამ მდგომარეობის რაიმე ფორმით გამოსასწორებლად ვაქცინაციის პროგრამა უნდა დააჩქაროს და გააფართოვოს.

და, ბოლოს, დასკვნის სახით, დღესავით ნათელია, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას არა რომელიმე ერთი კონკრეტული პროგრამის შეჩერება თუ სწრაფი ტემპით განხორციელება, არამედ ეკონომიკური აქტიურობა დააჩქარებს. საამისოდ კი ქვეყანა სულ ცოტა „მესამე ტალღას“ და მისგან გამომდინარე „ლოკდაუნს“ უნდა გადაურჩეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0