ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?

© photo: Sputnik / Stringerსაბანკო ტერმინალი
საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის ვერდიქტი – გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი... რა ემუქრება 100 ათასზე მეტ მომხმარებელს?

სამსონ ხონელი

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დათქმულ დროს შეიკრიბა. კომიტეტის წევრებმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე იმსჯელეს. დისკუსიის დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცნობილია გადაწყვეტილება. კერძოდ, კობა გვენეტაძის უწყებამ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან 8.50 პროცენტამდე გაზარდა. რატომ შეწუხდნენ? − შესაძლოა ირონიული ტონით ჩამეძიოს ყველა ის მკითხველი, რომელმაც მეტ-ნაკლებად მაინც იცის, ეს გადაწყვეტილება რა „სიკეთეს“ მოუტანს მოქალაქეებს, რომელთა საბანკო საკრედიტო ვალდებულების პროცენტი ცვალებადია და პირდაპირ დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთზე. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი განვაგრძობ თხრობას და დავინტერესდები, ეროვნულ ბანკში რა ფაქტორებით იხელმძღვანელეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.

ვალუტის ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
როგორ შეხვდა ლარი გაზაფხულს?.. რას მოუტანს მერცხალი ეროვნულ ვალუტას?

კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, თებერვლის თვეში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ზოგადად არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტის თვიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება, თუმცა სუბსიდიის საბაზო ეფექტი მიმდინარე წლის დეკემბერსა და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 4.5 პროცენტი იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. შეგახსენებთ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

ეროვნულ ბანკში მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს დავუბრუნდეთ. კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რაც 2021 წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა და ნავთობპროდუქტებსა თუ სურსათზე ფასების ზრდაში ისახა. COVID-19-ის პანდემიის გამო საგრძნობლად შემცირებულია ეკონომიკური საქმიანობა, რაც ასევე ხელს უწყობს ინფლაციის ზრდას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გაითვალისწინა, რომ ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. კვლავ მაღალია გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რამაც მომავალში, სავსებით შესაძლებელია, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ინფლაციის ზრდას.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

ერთი სიტყვით, კობა გვენეტაძის უწყებამ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება. თუმცა, ეროვნულ ბანკში ისიც ითქვა, რომ 2021 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის დამატებით გაზრდის საჭიროება ამ ეტაპზე არ იკვეთება. ეროვნული ბანკი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და გვპირდება, რომ უწყება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. ასე რომ, შეგვიძლია მშვიდათ ვიყოთ.

გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე გაირკვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ეროვნული ბანკის ვერდიქტი მმართველი გუნდის საპარლამენტო წარმომადგენლობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
რა უნდა იცოდე, ვიდრე ბანკში სესხს აიღებ...

„ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, როცა პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ვმსჯელობდით, ვამბობდი, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევდა“, − განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მთავარ ენდოგენურ გამოწვევებად კვლავაც ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60 პროცენტს გადაცილებული სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსი რჩება, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ვის გაურბის ლარი და სად არის ბოლო გაჩერება?

დაპირებისამებრ ვნახოთ, რა იცვლება მოქალაქეებისთვის, რომელთა სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. კითხვაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და დასკვნებს მოვიშველიებ. მაშ ასე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად 124.300 მომხმარებელს საბანკო საკრედიტო ვალდებულების საპროცენტო განაკვეთი 0,5 პროცენტით გაეზარდა. რატომ? − დაინტერესდება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ, ეს ის მომხმარებლები არიან, რომელთა საბანკო კრედიტები სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საინტერესოა, როგორია ამ კატეგორიის საკრედიტო პორტფელის საერთო მოცულობა და სტრუქტურა? დღევანდელი მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7241,7 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული. რაც შეეხება მიზნობრიობას, 124.300 ხელშეკრულებიდან რაოდენობრივად პირველ ადგილზეა იპოთეკური ანუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტები. 1 თებერვლის მონაცემებით, 54.800 ასეთი სესხია გაცემული, საშუალოდ 10,6 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი 2.677,8 მილიონი ლარია.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
ვისთვის და რა ვადით დარჩა უცვლელი სასესხო ვალდებულების პროცენტი?

რაკი სიტყვა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კრედიტებზე ჩამოვარდა, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 250,1 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ თანახმად, წლიურად კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 228,1 მილიონი ლარი იყო. ასე რომ, იმ მომხმარებლებს, რომელთაც იპოთეკური სესხები აქვთ, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილე მართებთ. მხოლოდ სიფრთხილე არ შველის, მეტი შემოსავალია საჭირო და ლარის სტაბილურობა − ბძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიმდინარე წელს ე.წ. პრობლემური სესხების გაორმაგება ივარაუდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
ჩვენ გველის გაკოტრება?! ანუ რას გვპირდება ახალი კანონი

დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს... მეორე პოზიცია სამომხმარებლო ტიპის სესხებს უკავია. გაცემულია 36.100 სამომხმარებლო სესხი, რომლის საერთო მოცულობა 970,1 მილიონი ლარია. ამ ტიპის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13,06 პროცენტი შეადგინა. ბიზნესის დასაკრედიტებლად კი 29.300 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც, 1 იანვართან შედარებით, 700 ერთეულით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3.359,5 მილიონი ლარია. მათ შორის: მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა საშუალოდ 12,8 პროცენტში 1.078,5 მილიონი ლარი გასცეს. მსხვილი ბიზნესი კი 2.281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალოდ 12,59 პროცენტში. საანგარიშო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიდან ყველაზე მცირე ავტოსესხია გაცემული. 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22,4 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,14 პროცენტში გაასესხეს. გაცემულია 3.300 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა სულ 98,1 მილიონი ლარია.

ეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2021
რა გადაურჩა ვირთხას, ანუ რამდენია ფული სეიფში?

საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,9 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო კრედიტებზეა − 14,6 პროცენტი. შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა.  

და, ბოლოს, „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტთა შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

დღეისათვის სულ ეს იყო, მალე პირველი კვარტალი გაილევა და მეც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ვრცელი ანალიზით დაგიბრუნდებით...

 

ყველა ახალი ამბავი
0