რატომ ძვირდება ბენზინი და რა არის შესაძლო ბოლო ნიშნული?

SOCAR - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
საქართველოში საწვავი ძვირდება, ბოლო ექვს თვეში ფასი თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა. რატომ? როგორია ბიზნესის ამ სფეროში კონკურენცია და რა გავლენა ექნება ბენზინის გაძვირებას ინფლაციაზე?

სამსონ ხონელი

დაფასება უნდა, თუმცა ვინ არის დამნახავი. არადა, რეკორდების ეპოქაში ვცხოვრობთ! არავინ იფიქროს, ყურადღების გამახვილებას სპორტულ მიღწევებზე ვაპირებ. სხვაგან ვარ ფიქრებით. ეროვნულ ვალუტას უკვე არც საწვავი ჩამორჩა. რას გულისხმობ? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ: ბენზინს ფასმა ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა.

საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 3,00 ლარს გადასცდა. კერძოდ, საუბარია „სუპერის“ მარკის საწვავზე. მაგალითად, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე „ეკო სუპერის“ მარკის საწვავის ფასი 3,02-3,05 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო კომპანია „ლუკოილი“ „ექტო 100-ის სუპერის“ მარკის ბენზინს მომხმარებლებს 3,10 ლარად სთავაზობს. ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე თუ ჯერ კიდევ სამიოდე კვირის წინ „რეგულარის“ მარკის ბენზინის შეძენა 2,65 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს მომხმარებელს მასში მინიმუმ 2,74 ლარის გადახდა უწევს. ამ მარკის ბენზინის მაქსმალური ფასი 2,85 ლარია. დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა „პრემიუმის“ მარკის ბენზინიც, რომლის ფასი 2,97 ლარია. დიზელის საწვავის ფასი კი 2,70 ლარიდან იწყება და 2,89 ლარამდე ადის.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
რა „სარგებლობა“ მოაქვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას?

საინტერესოა, როგორია ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირების დინამიკა ქვეყნის შიგნით და მსოფლიო ბაზარზე? ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაახლოებთ თვე-ნახევრის წინ ფასები 20-25 თეთრით ნაკლები იყო. ზოგადად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება ქართულ ბაზარზე 29,8 პროცენტით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე დღეს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 64 ამერიკული დოლარია. ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობის ღირებულება 8 პროცენტით, ხოლო ნახევარი წლის განმავლობაში 55 პროცენტით გაიზარდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ღირებულება მინიმალური გასული წლის ივნისში იყო, როდესაც „რეგულარის“ მარკის საწვავი 1,79 ლარი ღირდა. მაშინ ასეთი დაბალი ფასი ნავთობის რეკორდულად შემცირებული ფასებით იყო განპირობებული, კერძოდ, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 35 დოლარამდე ჩამოვიდა. ამავე პერიოდში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3,06 ლარს შეადგენდა, რაც, თავის მხრივ, საწვავის ფასზეც ახდენდა გავლენას.

ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

საწვავის გაძვირების ძირითად მიზეზად ნავთობიმპორტიორები მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდასა და ლარის გაუფასურებას ასახელებენ.

„წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე მეტრიკული ტონის ფასი დაახლოებით 200 ამერიკული დოლარით არის გაძვირებული. ჩვენს რეალობაში კი ფასების ზრდის დინამიკა დაახლოებით 50 თეთრის ფარგლებშია. არადა, ლარის არსებული კურსის გათვალისწინებით, ჩვენი გათვლებით, ფასი 60-65 თეთრამდე უნდა გაიზარდოს, რომ დაბალანსებული ნიშნული მივიღოთ, რომელიც კომპანიების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ასე რომ, ფასი მოიმატებს, თუმცა ეს დიდი ნახტომი არ იქნება. იმედია, საერთაშორისო ბაზარზეც საწვავის 1 მეტრიკული ტონის ფასი 650 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო ლარი კიდევ უფრო აღარ გაუფასურდება. ასეთ ვითარებაში ფასების ზრდას მხოლოდ 5-10 თეთრის ფარგლებში უნდა ველოდოთ“, − აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

ფრთხილად ოპტიმისტური განცხადებებიც კეთდება. როგორც საწვავის იმპორტიორთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, ბოლო დროს ეროვნული ვალუტა, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ გამყარდა, კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ეს კარგი ტენდენციაა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საწვავის ფასებიც შემცირდეს.  

„საწვავის ფასი ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს არის ფასები მსოფლიო ბაზარზე და ეროვნული ვალუტის კურსი. როცა ერთი ფაქტორი უარესდება, ეს მაშინვე აისახება ჩვენს ბაზარზე. ბოლო პერიოდში ძირითადად ეს მეტობაში გამოიხატება. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია გვაქვს. გავლენას სწორედ ეს ორი ფაქტორი ახდენდა ხან ცალ-ცალკე და ხანაც ერთდროულად. თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასმა კლება დაიწყო, ან ლარის კურსი გამყარდა, ეს აუცილებლად აისახება საქართველოს ბაზარზეც და შეიძლება ამ შემთხვევაში საწვავის ფასმა დაიკლოს", − აღნიშნა „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.

ვალუტის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

საწვავის გაძვირების მიზეზებზე იმპორტიორთა მოსაზრებებს ანალიტიკოსები ეთანხმებიან, თუმცა მათი ერთი ნაწილი ბიზნესის ამ სფეროში კონკურენციის არარსებობაზე მიანიშნებს. ამ კონტექსტში კარგი იქნება, გადავხედოთ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მაისის მიჯნაზე გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მიმდინარე წლის I კვარტლის პერიოდს მოიცავს.

სააგენტოს შუალედურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალი ნედლი ნავთობისა და, შესაბამისად, „პლატსის“ ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ 4,1 პროცენტით გაუფასურდა, რამაც იმპორტირებული საწვავის ღირებულებასა და ქვეყანაში საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე ასახვა ჰპოვა. საანგარიშო პერიოდში 23-მა ბიზნეს-სუბიექტმა 315,884 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა, რაც 2 პროცენტით აღემატება 2020 წლის I კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსმა შეადგინა 1.348 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ხუთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიის წილი საერთო იმპორტში 74,3 პროცენტს შეადგენს. სხვა 18 იმპორტიორი კომპანიის წილი 25,7 პროცენტის ფარგლებშია. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის − 23,9 პროცენტის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა, მომდევნო ორი პოზიცია თურქმენეთსა და რუმინეთს უკავიათ, შესაბამისად, 21 პროცენტით და 20,2 პროცენტით. საერთო იმპორტის 44 პროცენტი დიზელის საწვავმა, ხოლო 56 პროცენტი ბენზინმა შეადგინა. აღნიშნულია, რომ ბენზინის საწვავიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა „რეგულარის“ მარკის საწვავზე იყო. კერძოდ, ამ მარკის ბენზინის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში 65,4 პროცენტი, საერთო იმპორტში კი − 36 პროცენტი შეადგინა.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია... ანუ სად არის ეკონომიკური კრიზისის გასაღები?

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ამავე დოკუმენტის თანახმად, საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში მიმდინარე წლის I კვარტალში საცალო სარეალიზაციო ფასები ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა.

2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის ჯამური წილი 56,5 პროცენტს შეადგენს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43,5 პროცენტის ფარგლებშია. 2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს − 1.210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1.216-ს შეადგენდა.

ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა ძირითადად განპირობებულია ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით, რაც, თავის მხრივ, შესაბამისი ბაზრის საცალო სარეალიზაციო დონის წილობრივ განაწილებაზე აისახა. 2020 წელს შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. თავის მხრივ, შემცირებული ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებული სურათის“, − ნათქვამია სააგენტოს შუალედურ მიმოხილვაში. გაიზიარებს თუ არა მკითხველი სააგენტოს ამ შეფასებას, ეს მისი პრეროგატივაა. დარწმუნებული ვარ, ბრძანებს, რომ კონკურენცია ხარისხსა და ფასზე უნდა აისახოს, არადა, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ამ მხრივ განსხვავება ძალზედ უმნიშვნელოა.

სტატიის ბოლოს მოგახსენებთ, რომ ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, საწვავის გაძვირება ინფლაციაზე უსათუოდ ნეგატიურად აისახება. საკამათო არ არის, რომ თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ფასები სხვა მიმართულებითაც გაიზრდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების მოლოდინში უნდა ვიყოთ. როდემდე? ამას ნუ მკითხავთ, აკი მოგახსენეთ, რეკორდების ეპოქაში ვცხოვრობთ. ძნელია ივარაუდო, რა არის ჩვენივე „შესაძლებლობების“ მაქსიმუმი... 

 

ყველა ახალი ამბავი
0