მოსაზრება: როგორ იმყარებს პოზიციებს თურქეთი პოსტსაბჭოურ სივრცეში

© AP Photo / Burhan Ozbiliciთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი Sputnik-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ ცდილობს თურქეთი გავლენის მოპოვებას ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში

თურქეთ-უკრაინის კოოპერაციის გაძლიერებას შეუძლია არსებითი გავლენა იქონიოს სიტუაციაზე შავი ზღვის რეგიონში. თუმცა ამ ფაქტორის მნიშვნელობა შავი ზღვის აუზის გეოგრაფიულ ჩარჩოებს სცდება.

ანკარასა და კიევის დინამიკურად განვითარებული ურთიერთობები წინა პლანზე წამოწევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თურქეთის ენერგიული მცდელობა, შეაღწიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მისი მზადყოფნა, მოირგოს ზოგიერთი პოსტსაბჭოური სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური მფარველის როლი, ასევე შესაძლებლობა ზოგიერთი ქვეყნისთვის, ალიანსთან ურთიერთობა ნატოს „საშვისა“ და ფორმალური წევრობის გარეშე განამტკიცოს.  

ხედი ბოსფორის სრუტეზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
მიმოხილვა: „დააშრობს“ თუ არა თურქეთი შავ ზღვას ახალი არხით

ვიზიტები და პოლიტიკური სიმბოლოები

ბოლო წლებში შეიმჩნევა კიევისა და ანკარის უმაღლესი დონის წარმომადგენელთა ორმხრივი კონტაქტების საგრძნობლად გააქტიურება. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური თურქეთს პირველად 2019 წლის აგვისტოში ესტუმრა - საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკის გამარჯვებიდან ოთხ თვეში. 2020 წლის თებერვლის დასაწყისში კი ანკარიდან მაღალი რანგის სტუმარს კიევმა უმასპინძლა. რვა თვეში თურქეთში ზელენსკის ახალი სამუშაო ვიზიტი შედგა. ამ ორ მოვლენას შორის, 2020 წლის 27 აგვისტოს, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის მთავრობის ვიცეპრემიერთან. 2021 წლის 10 აპრილს კი თურქეთს უკრაინის პრეზიდენტი ეწვია.

აშკარაა, რომ ორმხრივი კონტაქტების ინტენსივობა მეტად მაღალია. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ამ დიპლომატიური მოვლენების კონტექსტი. უნდა აღინიშნოს, რომ ერდოღანის კიევში ვიზიტი 2020 წლის 3 თებერვალს მხოლოდ თურქეთსა და პოსტსაბჭოურ უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამერვე წელიწადს არ დამთხვევია. ის შედგა სირიაში სამხედრო ესკალაციის ფონზე. და თუ თურქეთში ზელენსკისთან პირველი შეხვედრისას ერდოღანი თავს არიდებდა მოსკოვის მისამართით კრიტიკას, კიევში მან ემოციებს გასაქანი მისცა. რუსეთს „მოხვდა“ იმის გამო, რომ ის გამიზნულად ხუჭავდა თვალს „სირიული რეჟიმის“ ქმედებებზე. ამ ფონზე კიევმა და ანკარამ მიაღწიეს შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
„სავარძლის სკანდალი“ გრძელდება: თურქეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია

თურქეთში ზელენსკის ვოიაჟი გასული წლის ოქტომბერში ყარაბაღის მეორე ომის ფონზე გაიმართა. ანკარას როლი უკვე აღარ შემოიფარგლებოდა გაცვეთილი ფრაზებით პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან მისი მთავარი მოკავშირის, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. გაკეთდა განაცხადი კავკასიის რეგიონში ახალ როლზე. და ნათლად გამოჩნდა, რომ კასპიის რეგიონში ფეხის მოკიდების შედეგად თურქეთი უფრო გააქტიურდება როგორც შუა აზიის, ისე შავი ზღვის მიმართულებით.

ყარაბაღის დაპირისპირების ფონზე კიევმა და ანკარამ გააფორმეს მემორანდუმი თავდაცვითი სისტემების გაძლიერების მიზნით გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ. ამას მოჰყვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეთანხმება უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ თურქულ კომპანიებთან 2020 წლის დეკემბერში.

და ბოლოს - 2021 წლის აპრილი. ზელენსკის ვიზიტი თურქეთში გაიმართა დონბასში არსებული ვითარების მიმართ ინტერესის უეცარი „აფეთქების“ ფონზე. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის „გალღობა“ დაიწყო. საუბარია არა მხოლოდ გახშირებულ სამხედრო ინციდენტებზე, რომლებსაც ეუთოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ექსპერტები აფიქსირებენ. აშკარაა მშვიდობიანი პროცესის სტაგნაცია, არსებული ფორმატის შეცვლის მცდელობა, მოლაპარაკებების გადატანა მინსკიდან რომელიღაც თითქოსდა ნეიტრალურ დედაქალაქში. თუმცა ბოლო დრომდე ბელარუსის ხელმძღვანელობა, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების გამო, თავს იკავებდა დონბასის ირგვლივ სიტუაციის შესახებ ერთმნიშვნელოვანი პოზიციის გამოხატვისგან.

აშშ-სა და თურქეთის დროშები  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
რუსეთთან თანამშრომლობის გამო: აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს

ზელენსკიმ და ერდოღანმა ურთიერთმხარდაჭერისა და სოლიდარობის არაერთი ნიშანი გამოამჟღავნეს. ამგვარ ისტორიებში ყოველთვის მოიპოვება საყურადღებო ნიუანსები. რა სისტემური საფუძვლები არსებობს უკრაინა-თურქეთის ურთიერთობების გასააქტიურებლად? და შეიძლება თუ არა ანკარასა და კიევის პოზიციების სრულად გაიგივება?

ორმხრივი პარტნიორობის საფუძვლები

დავიწყოთ იმით, რომ უკრაინისთვის პრეზიდენტი ერდოღანი და თურქეთის მმართველი ელიტა - მადლიერი აუდიტორიაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყირიმზე კიევის სუვერენიტეტის დაკარგვას. ყირიმელ თათართა თემი - მნიშვნელოვანი საშინაო ფაქტორია თურქეთისთვის. სხვადასხვა შეფასებით, ქვეყანაში ცხოვრობს ყირიმელი თათრების 4-5 მილიონი შთამომავალი. რუსი თურქოლოგის, პაველ შლიკოვის სიტყვებით, „თურქეთში არსებობენ ძალები, რომლებიც მზად არიან თურქული ელიტის იმ ნაწილის რომანტიკული განწყობების ექსპლუატაციისთვის, რომელიც ოცნებობს ექსპანსიის გაძლიერებაზე კავკასიაში, ყირიმში, ვოლგისპირეთში, ცენტრალურ აზიაში და რუსეთს იხილავს არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს“.

ამის შედეგია ყირიმის საკითხზე ანკარის პოზიციის მკაფიო დაფიქსირება. ყოველ ჯერზე თურქეთის მმართველი წრეები ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ ცნობენ რუსეთის იურისდიქციას ნახევარკუნძულზე. მეტიც, თურქული პოლიტიკური ელიტა, რომელიც აცნობიერებს მოსკოვისა და კიევის ურთიერთობების მთელ სირთულეს, უკრაინულ არხებს იყენებს რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილების გამოსახატავად.

გარდა ამისა, ზელენსკისთვის მნიშვნელოვანია კონტაქტები კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან, რომლის გავლენის გამოყენებასაც იგი საკუთარ ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის „ნაციონალიზაციის“ ტრენდის განსამტკიცებლად ცდილობს.

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ღია წერილის გამო: თურქეთში ათი ადმირალი დააკავეს

ამასთან უკრაინა მზადაა, წარმოაჩინოს თავისი განსაკუთრებული ურთიერთობები აზერბაიჯანთან და დაგვანახოს, რომ მისთვის მიუღებელია ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების პოლიტიკა.

თურქეთისთვის კი უკრაინა - მოსკოვთან მეტად არაერთმნიშვნელოვანი, „შეჯიბრების ხასიათის მქონე თანამშრომლობის“ კონტექსტში - მხოლოდ უკმაყოფილებისა და ემოციების გამოსაფრქვევი არხი არაა. რაც უნდა იყოს, კომუნიკაციის არხები რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოწესრიგებულია და გამართულად მუშაობს.

მაგალითად, ზელენსკის აპრილის ვოიაჟის წინ თურქეთის მხარის ინიციატივით რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ანკარა ცდილობს თავისი ხაზის ისე გატარებას, რომ, ერთი მხრივ, ღიად არ დაუპირისპირდეს აშშ-სა და ნატოს და შეინარჩუნოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა, მეორე მხრივ - ყველას დაანახოს თავისი საგარეო პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

ყირიმის საკითხი ანუ პოსტსაბჭოურ სივრცეზე გააქტიურება - პირველ რიგში, თურქული მხარის ინიციატივაა. მაგრამ ამავე დროს არის ვაშინგტონთან და ბრიუსელთან სოლიდარობის დემონსტრირების შესაძლებლობა. ამის შედეგია ერდოღანის განცხადება - დაეხმაროს კიევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვაში. ალიანსში უკრაინის მიღების იმედი არც ისე დიდია, მაგრამ მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დეკლარაციას, ისევე როგორც ჩრდილოატლანტიკურ არჩევანს ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეები პოზიტიურად შეხვდებიან.

ხედი ბოსფორის სრუტიდან - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ბოსფორის სრუტის საპირწონედ: თურქეთი ახალი არხის გათხრას გეგმავს

აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან სიუჟეტზე. უკრაინისა და საქართველოს ირგვლივ არ ცხრება დავა: გაწევრიანდება თუ არა ეს ორი ქვეყანა ახლო მომავალში ნატოში? მაგრამ აღნიშნული საკითხი, მთელი თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, მეორეხარისხოვანია. ისტორიაში ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ალიანსის ფორმალური წევრობის გარეშეც გამხდარა აშშ-ისა თუ ვაშინგტონის ცალკეული მოკავშირის პარტნიორი. ასე მოხდა ისრაელის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ესპანეთის შემთხვევაში. თუმცა რაღა შორს წავიდეთ? აზერბაიჯანი თურქეთის (იმ ქვეყნის, რომელიც ალიანსში მეორე ადგილზეა ჯარის რიცხოვნობით) სტრატეგიული პარტნიორი გახდა იმის მიუხედავად, რომ ის ნატოს წევრი არ არის.

კიევი ბაქო არ არის

ნიშნავს კი ეს, რომ უკრაინასა და თურქეთს შორის პრობლემები არ არსებობს და მათი ურთიერთობა ახლო მომავალში აზერბაიჯანულ-თურქულ მოდელს დაემსგავსება? არ ღირს დასკვნების ნაჩქარევად გამოტანა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ბაქო, კიევისგან განსხვავებით, საკუთარ პოლიტიკას ატარებს და ემიჯნება ნებისმიერ ინტეგრაციულ პროექტს. უკრაინა კი მკაფიოდ საუბრობს ისეთ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ნიშნავს, რომ ის მეტადაა დამოკიდებული ორმხრივ ფორმატზე.

ვიდრე ურთიერთობა ვაშინგტონი-ბრიუსელი-ანკარას სამკუთხედში ჰარმონიულია, პრობლემები არ იქნება. მაგრამ როგორც კი აშშ იეჭვიანებს თავის ევრაზიელ პარტნიორზე, ვითარება შეიძლება შეიცვალოს. კიევს კი არჩევანის გაკეთება მოუწევს. ბაქოში შეიძლება ყური არ ათხოვონ „გარეშე პირის რჩევებს“ დემოკრატიისა და რეფორმების თაობაზე. მაგრამ კიევში ყველაფერი სხვაგვარადაა. უკრაინა გადაწყვეტილებების მიღებისას კოლექტიური დასავლეთისგან ისეთივე დამოუკიდებელი არ არის, როგორც აზერბაიჯანი.

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
„ეს აუცილებელია“: მაკრონს ნატოში თურქეთის ადგილის გარკვევა სურს

აქ შეიძლება უკრაინა-თურქეთის დღის წესრიგის ისეთი სიუჟეტის მოშველიება, როგორიცაა ანკარასთვის ოპოზიციონერების გადაცემა, რომლებიც ცნობილ რელიგიურ და საზოგადო მოღვაწე ფეთულაჰ გიულენთან არიან დაკავშირებული. 2021 წლის იანვარში უკრაინიდან ორი თურქი მასწავლებლის - სამეთ გიურისა და სალიჰა ფიდანის - დეპორტაცია განხორციელდა. სამშობლოში მათ მაშინვე ბრალი წაუყენეს. მაგრამ ასეთი კოოპერაცია, როგორც წესი, იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების (მაგ., Freedom House) მძაფრ პროტესტს. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ ტრადიციულად ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას „რეალურ პოლიტიკასა“ და ფასეულობათა შორის, იქაური საზოგადოებრივი აზრი უკრაინას აღიქვამს არა როგორც არაბული აღმოსავლეთის „სპეციფიკურ“ ქვეყანას, არამედ როგორც ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც „დემოკრატიის მაღალი სტანდარტებისკენ“ ისწრაფვის. და რაც ეპატიება სხვას, იმის უფლება კიევს შეიძლება არ მისცენ.  

თუმცა აშშ-ის ფაქტორის გარდა, სხვა შემზღუდველებიც არსებობს. ბოლო წლებში ერდოღანი ბევრს დაუპირისპირდა. ამ სიაში მოხვდნენ მოსკოვიც, ვაშინგტონიც, პეკინიც და დელიც. თუმცა პარალელურად თურქეთის პრეზიდენტს არაერთხელ გამოუვლენია კონფრონტაციის რაციონალიზაციის უნარი. ამის ერთ-ერთი მაგალითია უკრაინელი კოლეგისთვის მიცემული რჩევა, რომ მინსკის შეთანხმება უნდა შესრულდეს. ეს მაშინ, როდესაც კიევში აღარ მალავენ, რომ მინსკის დოკუმენტები მოძველდა და დღევანდელი დღის წესრიგის რელევანტური აღარაა.

ამავე დროს, უკრაინისთვის ყარაბაღში კარგად აპრობირებული უპილოტო საფრენი აპარატების - „ბაირახტარის“ - გადაცემა ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ენას. ანკარა ხომ ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ კიევი ამ აპარატების მეშვეობით დონბასში ყარაბაღის შარშანდელ გამოცდილებას არ გაიმეორებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0