თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თურქეთში დაკავებულია 10 გადამდგარი ადმირალი, რომლებმაც ხელი მოაწერეს კოლექტიურ წერილს მონტრეს კონვენციის დაცვის შესახებ, იუწყება სააგენტო Anadolu.
აღინიშნება, რომ კიდევ ოთხი ადმირალი პროკურატურაშია დაბარებული დაკითხვაზე.
მონტრეს კონვენციასთან დაკავშირებული კოლექტიური წერილი, რომელსაც 103 გადამდგარი ადმირალი აწერდა ხელს, კვირას გამოქვეყნდა. წერილში ადმირალები შეთანხმებას, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე თურქეთის სუვერენულ უფლებებს აწესებს, ქვეყნის დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ახალი „სტამბულის არხის“ პროექტის გამო შეთანხმებიდან გასვლაზე დისკუსიები მიუღებელია. ახალი არხი, რომლის აგებაც ბოსფორის სრუტის პარალელურად იგეგმება, მარმარილოსა და შავ ზღვებს დააკავშირებს ერთმანეთთან.
გარდა ამისა, ადმირალების აზრით, ასევე მიუღებელია პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდებები, შემუშავდეს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. ამასთან ადმირალებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გადადიან გზიდან, რომელიც რესპუბლიკის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა მონიშნა.
თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა და რამდენიმე მინისტრმა ადმირალების წერილი–მოწოდება დაგმეს, ხოლო თავდაცვის მინისტრმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მიმართვის ავტორები „დაბრმავებული არიან შურით და არ სურთ დაინახონ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმატება“, ხოლო თავად მიმართვა–მოწოდება „არმიისა და დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებას ემსახურება“.
როგორც ანკარის პროკურატურა იუწყება, გადამდგარი ადმირალების წერილის პუბლიკაციასთან დაკავშირებით შემოწმებები დაიწყო.