თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აშშ სანქციებს უწესებს თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებასა და ოთხ ჩინოვნიკს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სექტორთან თანამშრომლობისთვის, ნათქვამია აშშ-ის ხელისუფლების ფედერალურ რეგისტრზე ატვირთულ უწყებაში.
უწყება ოფიციალურად გამოქვეყნდება 7 აპრილს და იმავე დღეს შევა ძალაში.
დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები შეეხება თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველო SSB-ს და ასევე მის თანამშრომელ ოთხ ჩინოვნიკს — უწყების ხელმძღვანელის ისმაილ დემირის ჩათვლით.
სანქციები წესდება „ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების მეშვეობით ბრძოლის შესახებ კანონის“ (CAATSA) ფარგლებში.
ამასთან უწყების ტექსტში ნახსენები არ არის რუსული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-400, რომლის შეძენის გამო ემუქრებოდა აშშ თურქეთს სანქციებით. თურქული SSB-სთვის სანქციები ნიშნავს ამერიკული ექსპორტისა და კრედიტების აკრძალვას ამ ორგანიზაციისთვის.
რაც შეეხება ჩინოვნიკებს, მათ აეკრძალებათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათი აქტივები, რომლებიც ამერიკულ იურისდიქციაში მოიძებნება, დაიბლოკება. ამასთან ამერიკელებს აეკრძალებათ მათთან ნებისმიერ სახის ტრანზაქციის განხორციელება.