თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოში 5 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესში სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე დღეს იმსჯელეს. შედეგად, აცრის პროცესში მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო პოლიციისა და ჯარის წარმომადგენლები სათადარიგო დოზებს მიიღებენ.
„5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ასევე ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეები.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი გუშინ დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსზე 6 757 ადამიანი აიცრა. 14 აპრილამდე ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14 224 ადამიანი. აქედან 3 609 მედპერსონალია და 10 615 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე.
როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება>>
ამასთან, მისი განცხადებით, 10 046 ადამიანი დარეგისტრირებულია Pfizer–ის ვაქცინაზე, ხოლო 4 138 – AstraZeneca–ს ვაქცინაზე. აქტიურობა შეიმჩნევა თბილისში, რეგიონებში კი – ნაკლებად, აღნიშნა გამყრელიძემ.