თბილისი, 31 მარტი - Sputnik. მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება>>
გამყრელიძის განცხადებით, უკვე დაფიქსირდა მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები საწარმოებსა და რაიონებში, მაგალითად, „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, მატულობს ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც.
„მაგრამ ვიდრე... იმუნიტეტი „დაგროვდება" ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება“, - განაცხადა გამყრელძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანას კორონავირუსი ჯერ არ დაუმარცხებია, ამიტომ მოსახლეობა არ უნდა მოეშვას.
„აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. სამწუხაროდ ისევ მოვეშვით, რაიონებში ისევ იმართება ქორწილები, ჭირის სუფრები, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება იქ, სადაც შემთხვევების მატებაა, და ეს კონკრეტული ადგილების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსზე 6 757 ადამიანი აიცრა. 14 აპრილამდე ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14 224 ადამიანი. აქედან 3 609 მედპერსონალია და 10 615 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე.
ამასთან, მისი განცხადებით, 10 046 ადამიანი დარეგისტრირებულია Pfizer–ის ვაქცინაზე, ხოლო 4 138 – AstraZeneca–ს ვაქცინაზე. აქტიურობა შეიმჩნევა თბილისში, რეგიონებში კი – ნაკლებად, აღნიშნა გამყრელიძემ.
ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, ხოლო 30 მარტიდან მას Pfizer–ის ვაქცინა დაემატა. უკვე ელოდებიან საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მოქალაქეებს შეუძლიათ, თავად შეარჩიონ პრეპარატი.
ქართველი ეპიდემიოლოგები აცრილ მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ>>
საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალის აცრით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობისა და ვაქცინის მიმართ უნდობლობის გამო ამ პროცესში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ჩართეს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია.